„ბოლო 7 წლის განმავლობაში სკოლაში დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა 2000-ს არ აღემატება“
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით მომზადებული კვლევის თანახმად, მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამების კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი, მასწავლებლად ვერ დასაქმდება საშუალოდ, მომავალი 10 წლის განმავლობაში. ამ ვითარებამ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, მასწავლებლის პროფესიისადმი ინტერესის კლება გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი – შედარებით მაღალუნარიან ახალგაზრდებში.
მასწავლებლის პროფესიაში შესვლა ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც კვლევების ეროვნულმა ცენტრმა კვლევის ფარგლებში შეისწავლა, შედეგებში კი განხილულია მასწავლებლის პროფესიაში შესვლასთან დაკავშირებული რეგულაციები და პრაქტიკა, მასწავლებლებისა და დირექტორების დამოკიდებულებები და შეხედულებები.
კვლევამ დაადგინა, რომ მასწავლებლის შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების მკვეთრი დისბალანსია: მაღალია მიწოდება და დაბალია მოთხოვნა. ამ ვითარებას კი, ანგარიშის თანახმად, ორი ფაქტორი განაპირობებს: სისტემას არ ტოვებენ საპენსიო ასაკის მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველთა რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, მცირდება კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობები
“მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს პირობებშიც კი, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა უნდა მიეცა, ბოლო 7 წლის განმავლობაში სკოლაში დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა 2000-ს არ აღემატება და, ჯამში, 30 წლამდე მასწავლებლების წილი სკოლაში მხოლოდ 4%-ია”, – წერია 20 დეკემბერს გასაჯაროებულ კვლევაში.
ანგარიშში მოხვდა დასაქმების ის პრობლემაც, რომელზეც ახალგაზრდები ხშირად მუთითებენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა მასწავლებლების დასაქმების შესაძლებლობებზე ნეგატიურად აისახება სასკოლო საკადრო პრაქტიკაც. კერძოდ, ვაკანსიის გაჩენის პირობებში, სასწორი სკოლაში მოქმედი ან სხვა, გამოცდილი მასწავლებლის მხარეს იხრება.
“ამას ორი შესაძლო მიზეზი აქვს: ა) სკოლაში არ არის გამართული საკადრო პოლიტიკა და მექანიზმები, შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი მასწავლებლების ობიექტურად შეფასება და ბ) დირექტორები უპირატესობას ანიჭებენ გამოცდილ მასწავლებლებს, რასაც, ნაწილობრივ, ახალგაზრდა მასწავლებლების სწავლების (გაკვეთილის ჩატარების) დაბალ კომპეტენციებს უკავშირებენ. ამ ვითარებაში, ერთი მხრივ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხს. მეორე მხრივ, მასწავლებლის შერჩევის პროცესში, დირექტორთა მიერ გაკვეთილის ჩატარებისთვის, როგორც მასწავლებლის საკვანძო კომპეტენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება შეკითხვებს აჩენს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღების წინაპირობებიდან გარე საგაკვეთილო დაკვირვების ამოღების გადაწყვეტილების მართებულობის შესახებ”, – წერია კვლევაში.
გამოდის, ცვლილება, რომლითაც უფროსი მასწავლებელს გარე საგაკვეთილო დაკვირვება აღარ არსებობს, შესაძლოა, არცთუ მართებული გადაწყვეტილება იყო.
მეორე მხრივ, კვლევა მასწავლებლის პროფესიაში შესვლის თვალსაზრისით იმ საგნების მასწავლებელთა დეფიციტური ვითარების ახსნასაც ცდილობს, რომელიც დღეს სისტემაშია და განმარტავს, რომ ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში მასწავლებლების მკვეთრი დეფიციტია მოსალოდნელი, რადგან, განსხვავებით სხვა საგნების მასწავლებლების მოსამზადებელი პროგრამებისგან, დაბალია მიღება როგორც 300 კრედიტიან, ისე – 60 კრედიტიან პროგრამებზე.
ამ შემთხვევაშიც აღნიშნულია, რომ მაღალია 70 წელს გადაცილებული მასწავლებლების წილი. კერძოდ, ფიზიკის მასწავლებლების 41%, ქიმიის მასწავლებლების 33%, ბიოლოგიის მასწავლებლების 30% საპენსიო ასაკისაა.
ალბათ, საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტებისა და უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი წესის შემუშავებაში ჩართული პირებისთვის, საყურადღებო უნდა იყოს ის კრიტიკული შეფასება, რომელიც სტუდენტების მიღების მხრივ ანგარიშშია მოცემული და ამბობს, რომ უნივერსიტეტები აკრედიტაციის ერთ-ერთ პირობას არღვევენ:
“განათლების პროგრამებზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობა და საგნების მიხედვით განაწილება არ ასახავს მასწავლებლის შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებას – მაღალია მიღება დასაქმების დაბალი პერსპექტივების მქონე პროგრამებზე და, პირიქით, დაბალია მიღება დეფიციტური საგნების მასწავლებლების მოსამზადებელ პროგრამებზე. ეს ვითარება განპირობებულია უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის არსებული ხარვეზებით – უნივერსიტეტი მოტივირებულია, მიიღოს რაც შეიძლება მეტი სტუდენტი, მიუხედავად მათი დასაქმების შესაძლებლობებისა და მათი მომზადებისთვის საჭირო რესურსებისა”.
კვლევის დასკვნით, საუნივერსიტეტო პროგრამებზე სტუდენტების მიღების პოლიტიკის შრომის ბაზრის მოთხოვნებისგან ასეთი თვალსაჩინო აცდენა აჩვენებს, რომ პროგრამების შემუშავებისას უნივერსიტეტები არ/ვერ ითვალისწინებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რაც აკრედიტაციის ერთ-ერთი პირობის დარღვევაა, მაგრამ იქვე განმარტავს სავარაუდო მიზეზსაც და კიდევ უფრო მძიმე პრობლემაზე აკეთებს აქცენტს, რომელიც უნივერსიტეტების მიერ გამოშვებულთა მომზადების დონეს უკავშირდება:
“ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა მოთხოვნა-მიწოდების შესახებ ინფორმაციაზე დაბალი ხელმისაწვდომობა იყოს. მასწავლებლის მომზადების პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საუნივერსიტეტო მზაობა უკიდურესად დაბალია. ერთიან ეროვნულ გამოცდებში სტუდენტების მიერ მიღებული შედეგებით ეს პროგრამები ჩამორჩება ყველა სხვა აკადემიურ პროგრამას. სტუდენტების დაბალი აკადემიური მზაობა ნეგატიურად აისახება მათი მაღალკვალიფიურ მასწავლებლებად მომზადების შესაძლებლობებზე, რადგან სწავლის შედეგებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სტუდენტების აკადემიური მზაობა”, – წერია კვლევის ანგარიშში, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასებას ეძღვნება.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება