GE

ახალი პროფესიული პროგრამები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისგან

ახალგაზრდებს, ვისაც ავიაცია აინტერესებთ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. საშუალო განათლების მქონე პირებს  ავიაბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობების –  შვეულმფრენის პილოტისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პროფესიის – შესწავლა პროფესიული პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ.

განახლებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, საავიაციო უნივერსიტეტმა „ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში დაიწყო.

IMG_9554მიღებული გრანტით, უნივერსიტეტმა ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მათი განხორციელებისათვის თანამედროვე სასწავლო მატერიალურ ტექნიკური ბაზა შექმნა. 2017 წლის ოქტომბრიდან სტუდენტები უკვე სწავლას შეუდგებიან და პრაქტიკულ მეცადინეობებს სწორედ ამ ბაზის გამოყენებით განახორციელებენ.

როგორც საავიაციო უნივერსიტეტში ამბობენ, მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ავიაბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია შვეულმფრენის პილოტია, შესაბამისად, სასაწავლებელმა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ჩამოაყალიბა:

შვეულმფრენის კომერციული პილოტი – Aircraft flight expl

საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გიორგი ინასარიძე, რომელიც ამავე დროს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელიცაა, აცხადებს, რომ პილოტის პროფესიის დასაუფლებლად სტუდენტები პრაქტიკულ მეცადინეობებს თელავის აეროპორტში არსებულ ბაზაზე გაივლიან და  საერთო საცხოვრებლითაც იქნებიან უზრუნველყოფილნი.

giorgiinasaridze1„სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა პროფესიული განათლების განვითარებას, შეიცვალა პროფესიული სწავლების ფორმატი და ის გადავიდა მოდულარულ სწავლებაზე, ჩვენც დავნერგეთ სიახლეები. ინიცირება გავუკეთეთ სამ ახალ პროგრამას ესენია: შვეულმფრენის პილოტის მომზადების პროფესიული პროგრამა და ტექნიკური სპეციალისტები B1 და  B2 მიმართულების. B1 ეს ნიშნავს საჰაერო ხომალდის და საავიაციო ძრავების ტექნიკურ მომსახურებას. B2 ნიშნავს საჰაერო ხომალდების ავიონიკის ტექნიკურ მომსახურებას.  პილოტის სპეციალობის სწავლების შემთხვევაში ლექციები ჩატარდება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში,ხოლო ფრენები ქალაქ თელავის აეროპორტში არსებულ ბაზაზე. რაც შეეხება დანარჩენ სპეციალობებს, პრაქტიკული მეცადინეობები  განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ჩვენ საკუთარი ბოინგ 737 200 გვყავს. წელს გვექნება პირველი მიღება, ამ სამ სპეცილობაზე საერთო ჯამში 100-105 ადგილზე გავქვს გათვლა“, – ამბობს  გიორგი ინასარიძე EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

რაც შეეხება კონკრეტულად შვეულმფრენის პილოტის პროგრამას, სწავლება წარიმართება ინგლისურ ენაზე. პროგრამის მიზანია საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის სფეროში, EASA-ს  სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟის წევრების მიმართ დადგენილი მოთხოვნებისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის #150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ შესაბამისად, უზრუნველყოს საერთაშორისო ბაზარზე მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება, რომელსაც კომერციული პილოტის მოწმობის მოსაპოვებლად  საჭირო ყველა  ცოდნა და კომპეტენცია ექნება.

22პროფესიული პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას, მათ შორის პრაქტიკული სწავლება საფრენოსნო მომზადებას 135 ფრენა/საათის მოცულობით.

კურსდამთავრებულის დასაქმების სფერო ავიაკომპანიებია. კომერციულ პილოტს შეეძლება  იმუშაოს ერთი პილოტით საფრენად სერტიფიცირებულ საჰაერო ხომალდზე მეთაურის რანგში, ასევე მართოს პირადი შვეულმფრენი. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ ფრენის უფლების მოპოვებისთვის აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცეს პილოტის მოწმობა.

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია შვეულმფრენის საფრენოსნო ექსპლუატაციის მიმართულებით ,,ვიზუალური ფრენის წესებით“ ფრენისა და ღამის ფრენების შესრულება. ასევე, ფრენისათვის საჭირო მეტეოროლოგიური ინფორმაციის მოძიება/დამუშავება და სანავიგაციო სისტემებით შვეულმფრენის მართვა. კურსდამთავრებულს მიენიჭება მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

IMAG2478უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის განმარტებით, საავიაციო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულების დასაქმების მაღალი მაჩვენებლია და პროფესიულ პროგრამებზეც მსგავსი გათვლაა, რომ მომზადდეს სწორედ ის სპეციალისტები, რომელიც ავიაციას ყველაზე მეტად სჭირდება.

ავიაბაზარზე მოთხოვნადი B1 და  B2 მიმართულების ტექნიკური სპეციალისტებიც არიან. რომლებმაც საჰაერო ხომალდების გამართული მუშაობა უნდა უზრუნველყონ. საავიაციო უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კიდევ ორი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ამ სპეციალობების მაღალი სტანდარტებით შესწავლას გულისხმობს.

საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება – (Aircraft Maintenance)  (B1.1 & B2)

საავიაციო უნვერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ბექა ბუიძე, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელიცაა ამბობს, რომ აღნიშნული სასწავლო პროგრამის ათვისება ნიშნავს, კურსდამთავრებული დასაქმდეს ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად სფეროში – სამოქალაქაო ავიაციის სისტემაში,როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

beqa buidze„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ინერგება საერთაშორისო ევროპული სტანდარეტებით ავიატექნიკოსთა გადამზადება. პროფესიულ დონეზე სწავლება განხორციელდება ინგლისურ ენაზე და იქნება EASA-ს  მიერ დადგენილი სილაბუსების მიხედვით, ძირითადად პრაქტიკაზე ორიენტირებული. სწორედ დასაქმების პერსპექტივიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ამ კურსების დანერგვა, რადგან კომპანიები, სადაც ხდება ტექნიკოსების დასაქმება ითხოვენ EASA-ს  სტანდარტებს და ლიცენზიას ევროპის მასშტაბით. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების ჩაბარება მოხდება ინგლსურ ენაზე. შემდეგ კი სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გასცემს შესაბამის  ლიცენზიას“, – გვეუბნება ბექა ბუიძე.

კონკრეტულად პროფესიული პროგრამის მიზანი ევროპის საავიაციო უსაფრთოხების სააგენტოს (EASA) სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების მომზადებაა.

პროფესიული პროგრამის განხორციელების შედეგად ავიასპეციალისტი კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებას შემდეგი მიმართულებით:

B1.1 – აირტურბინული ძრავების მქონე საჰაერო ხომალდის კონსტრუქციული ელემენტების, აღჭურვილობის, ფუნქციური სისტემების და ძალური დანადგარის მომსახურება.

B2 – საჰაერო ხომალდების მოწყობილობების, ავიონიკისა და ელექტრული სისტემების მომსახურება.

კურსდამთავრებულების დასაქმების სფეროა აიაკომპანიები და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების საწარმოები.

B2 – შეუძლია იმუშაოს ნებისმიერი ტიპის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ავიონიკის ტექნიკოსის პოზიციაზე მოწმობის აღების შემდეგ.

IMG_3915 (2)როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, პროფესიული პროგრამის შინაარსი და სწავლების ხარისხი უზრუნველყოფს იმგვარი შედეგების მიღწევასა და კომპეტენციების გამომუშავებას, რომლის შედეგად პირს შეუძლია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან შესაბამისი მოწმობის მოპოვება. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საფეხურზე ინჟინერიის მიმართულებით. ხოლო საერთაშორისო რეგულაციებით განსაზღვრული სტაჟის დაგროვების შემდეგ შეძლებს C კატეგორიის მოწმობის აღებას.

საავიაციო უნივერსიტეტში სამივე პროფსიულ პროგრამაზე მოსახვედრად საჭიროა პირი იყოს 17 წელს მიღწეული ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება და უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე.ასევე აუცლებლად უნდა წარმოადგინოს   ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100).

ხოლო შვეულმფრენის კომერციული პილოტის სწავლების მსურველებმა აუცილებელია წარმოადგინონ საფრენოსნო-სამედიცინო საქესპერტო კომისიის დასკვნა აეროპორტში მდებარე სპეციალიზირებული კლინიკიდან.

საკონტაქტო პირი:
ბექა ბუიძე: 598644407

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური