GE

ახალი სასწავლო წელი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთად აღნიშნეს.

თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა: „ვულოცავ ყველა სტუდენტს, განსაკუთრებით, პირველკურსელებს სწავლის დაწყებას. მნიშვნელოვანია, რომ თსუ წელსაც პოპულარული იყო აბიტურიენტთა შორის. ყველაზე მეტი გრანტოსანი სტუდენტი სწორედ ჩვენთან ჩაირიცხა. ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი ახალი სასწავლო პროგრამებითა და განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. ჩვენს სტუდენტებს უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად საინტერესო სტუდენტური ცხოვრების გატარების შესაძლებლობა აქვთ“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, ამჟამად რემონტდება თსუ მეორე, მაღლივი და განივი კორპუსები, იხურება ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობა.

თსუ-ში ჩარიცხულ პირველკურსელთა შორისაა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულის მქონე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტი დანიელ სტეპანენკო: „მიხარია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. არ ველოდი, რომ რეიტინგში პირველი ვიქნებოდი. ძალიან გახარებული ვარ და წარმატებებს ვუსურვებ ყველა პირველკურსელს. ძალიან მაინტერესებს ფიზიკა, ამიტომაც ავირჩიე თსუ, რადგან თსუ-ში სულ ვითარდება ეს დარგი და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ვაპირებ თეორიული ფიზიკის განვითარებას და ჩემი ოცნებაა, რომ სხვა მეცნიერებთან ერთად ვიმუშავო ამ მიმართულებით“,- აღნიშნა დანიელ სტეპანენკომ.

წელს 5000 აბიტურიენტი, შარშანდელზე 500-ით, თსუ-ს სტუდენტი გახდა. მათგან დაახლოებით ნახევარმა სასწავლო გრანტი მოიპოვა. ახალი სასწავლო წლის დაწყების ღონისძიებაზე თსუ-მ სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა ფაკულტეტებზე ჩარიცხული ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები; მათ შორის, 1+4 პროგრამაზე ჩარიცხული აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ და ოსურენოვანი სტუდენტები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ეროვნული უნივერსიტეტია კავკასიაში, რომელიც ევროპული განათლებისა და ღირებულებების მატარებელი ქართველი ინტელექტუალების მიერ დაარსდა. ის პირველია არამარტო საუკუნოვანი ისტორიით, არამედ გამოცდილებით და შესაძლებლობებით. 2019 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2% შედის (The U.S.News&World Report). ამასთან, თშუ წელსაც მოხვდა თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Times Higher Education World University Rankings). უკვე მეოთხე წელია თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია კავკასიის რეგიონიდან, რომელიც მოხვდა თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი