GE

„ახალი ტალღა“ – საზოგადოებრივი კოლეჯი ქობულეთში, რომელსაც 3 ფილიალი აქვს და კურსდამთავრებულთა დასაქმების 100%-იანი სტატისტიკით ლიდერობს

ტურისტულ სეზონზე 100%-იანი დასაქმების მაჩვენებელი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რითაც ქობულეთში არსებული საზოგადოებრივი კოლეჯიახალი ტალღა  ათასობით სტუდენტს იზიდავს. პრიორიტეტების ნუსხას ემატება უფასო სახელმწიფო განათლება, ადაპტირებული საერთო საცხოვრებელი და საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანი. გარდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით მიღებული თეორიული განათლებისა, პროფესიულ კოლეჯში სტუდენტები ადგილზე გადიან შესაბამის დარგობრივ სტაჟირებას. საწარმოო პრაქტიკებზე თანამშრომლობენ ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორიც არის სასტუმროები „ჰილტონი“, „ჯორჯიან პალასი“ და „პარაგრაფი“; რესტორანი „გრილთაუნი“ და „კოშკი“; სააფთიაქო ქსელი „ავერსი“, სამშენებლო კომპანიები „ანაგი“ და „ორბი“; მაღაზიათა ქსელი „ნიკორა“; ბანკები „ლიბერთი“ და „თი ბი სი“. ასევე, პარტნიორთა შორის არიან დარგობრივი მიმართულებით სახლმწიფო აიპები და შპს-ები. როგორც კოლეჯის ადმინისტრაციაში გვარწმუნებენ, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი არასაკურორტო სეზონზეც  70-80%-მდე მერყეობს.

„ჩვენი კოლეჯი 55 წელს ითვლის. დღეისათვის კოლეჯი ავტორიზირებულია 2264 სტუდენტზე და 53 საგანმანათლებლო პროგრამაზე. მათ შორის 9 დუალური პროგრამაა, რომლის მიხედვითაც სტუდენტი  51% გასულია საწარმოში, თეორიულ ცოდნას ეუფლება კოლეჯში, ხოლო პრაქტიკულ უნარებს კომპანიებში. რაც შეეხება ხარისხს, კოლეჯმა ორჯერ გაიარა ავტორიზაციის პროცესი და პირველები ვიყავით საქართველოში ვინც ეს ეტაპი 2012 წელს წარმატებით გადალახა“, – უყვება EDU.ARIS.GE-ს კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი ირმა მეგრელიძე.

საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ 1963 წელს დაარსდა, როგორც საშუალო ტექნიკური პროფესიული სასწავლებელი, სადაც სამშენებლო მიმართულების კადრების გადამზადება ხდებოდა. 2006 წლიდან კი პროფესიული სწავლების ცენტრი გახდა. რეგიონში ტურიზმისა და მშენებლობის განვითარების ფონზე კოლეჯმა სამშენებლო სპეციალისტებთან ერთად ტურიზმის სფეროს სპეციალისტების გადამზადებაც დაწყო. დღეს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის სასწავლებელში – სასტუმროს საქმე, სარესტორნო საქმე, მიღება-განთავსების სპეციალისტის, ბარტენდერის, მზარეულის, კონდიტერის, გიდის და ტუროპერატორის კურსებია.

თუკი თქვენ „ახალ ტალღაში“ საერთაშორისო დონის პროფესიული განათლების მიღებას გადაწყვეტთ კოლეჯში მოხვედრა წელიწადში ორჯერ თქვენთვის ხელსაყრელ სეზონზე გაზაფხულსა და  შემოდგომაზე ერთიანი ეროვნული პროფესიული ტესტირების გზით შეგიძლიათ. კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თანამდეროვე ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს პასუხობს. კოლეჯში დასაქმებული 94 პედაგოგი  მოწვეულია შესაბამისი ბიზნესიდან, მათი გადამზადება კი ადმინისტრაციის განამრტებით სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში მუდმივად მიმდინარეობს. 2016 წელს კოლეჯმა პირველმა გაიარა ხარისხის მართვის ევროპული მოდელის  EFQM  (გზა სრულყოფისაკენ) პროგრამა, 2017 წელს კი „წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების“ ეროვნული ჯილდო მოიპოვა. ორსაფეხურიანი სწავლის მეთოდით კოლეჯი წლიურად 800-მდე პროფესიული განათლების სტუდენტს უშვებს, მათ შორის არიან უცხოელებიც:

იხილეთ საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღას” პროფესიული პროგრამები

„ადრე ჩვენი სტუდენტები მიდიოდნენ ესტონეთში. დღეს უკვე ჩვენთან გადიან სტაჟირებას იქაური სტუდენტები. ორი პროგრამის ფარგლებში – ივნისში ჩვენთან ჩამოდიან ლოჯისტკის, ავტოდიაგნოსტიკის და კულინარიის სტუდენტები ესტონეთიდან და ორი კვირის განმავლობაში ადგილზე გაივლიან სტაჟირებას. ანუ ეს უკვე ორმაგი გაცვლაა, ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ნებისმიერ საერთაშორისო სასწავლებელს. დღეს პროფესიულ განათლებაში, მე ვფირობ ეს არის მაქსიმუმი, რასაც საქართველოში მივაღწიეთ“, – აცხადებს კოლეჯის დირექტორი ლაშა ხახუტაიშვილი.

„ახალი ტალღა“ ლიდერია რეგიონში საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისითაც. ბათუმში ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ობიექტებში დასაქმებულთა 60-ზე მეტი სწორედ ამ საზოგადოებრივი კოლეჯის კურსდამთავრებულებზე მოდის, მათი ანაზღაურება კი 250 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს. მზარდი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, კოლეჯის მეორე ფილიალი გასულ წელს ბათუმშიც გაიხსნა:

„მემორანდუმის საფუძველზე  „ახალ ტალღასთან“  უკვე მესამი წელია ვთანამშრომლობთ. ჩვენი კადრების 65% სწორედ  მათ სტუდენტებზე მოდის. ამ ყველაფერს განაპირობეს ხარისხი. აქ არიან საქმისადმი სიყვარულით გამსჭვალული სტუდენტები, რომლებიც მოდიან და არამხოლოდ იმაზე კმაყოფილდებიან, რაც ისწავლეს, არამედ ასპირანტურის პრინციპს მიყვებიან. საწარმოო პრაქტიკას 40 დღის განმავლობაში აქვე გადიან. თუკი ისინი დააკმაყოფილებენ ჩვენს პროფესიულ  მოთხოვნებს რჩებიან როგორც თანამშრომლები“, – უყვება EDU.ARIS.GE-სრესტორან გრილ თაუნის მენეჯერი ბესიკ შავიშვილი.

კოლეჯისთვის შედარებით ახალი გამოწვევა იყო ფარმაცევტების გადამზადება. პირველივე 15 კაციანი ჯგუფი, რომელიც სასწავლებელმა მიმდინარე წელს გამოუშვა, თითქმის სრულად დასაქმდა, ერთ-ერთ პრესტიჟულ სააფთიაქო ქსელში:

„აჭარაში ავრესი პირველად თანამშრომლობს პროფესიულ კოლეჯთან და მემორანდუმი 7 თვის წინ გაფორმდა. კურსდამთავრებულები გადიან ჩვენთან საწარმოო პრაქტიკას და ამის შემდეგ ხდება დასაქმება ჩვენი კომპანიის მიერ. თანამშრომლობის პირველ ეტაპზე 15-მა გაიარა ჩვენთან საწარმოო პრაქტიკა და აქედან 13 უკვე დასაქმებულია. მათი ცოდნის შედეგებით კმაყოფილი ვართ და ეს გამოჩნდა კიდეც დასაქმების მაჩვენებელში“, – გვითხრა ფარმაცევტული კომპანია ავერსის ტრენერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ნათია ჭოჭუამ.

დამსაქმებელთა ფართო არჩევანი და საკადრო პოლიტიკაში ლიდერობა კოლეჯის დირექციას მაშტაბების გაზრდისკენ უბიძგებს. სატყეო სწავლის სპეციალისტი, შემდუღებელი, თექაზე მუშაობა – ეს იმ სპეციალობების არასრული ჩამონათვალია, რასაც მომავალი წლიდან ხულოში ადგილობრივი მოსახლეობა ახლად გახსნილ ფილილაში პროფესიონალურ დონეზე შეისწავლის:

„გაზიფიცირება და წყალმომარაგება რომ შევიდა სოფლებში, სპეციალისტები არ ჰყავდათ ადგილზე. ამის გამო უმეტესად ბათუმიდან და თურქეთიდან გაჰყავთ საქმის მცოდნენი და ეს მაშინ, როცა ჩვენები საზღვარგრეთ მუშაობენ. სწორედ ამიტომ, გვინდა მოვამზადოთ ადგილობრივი კადრები და  მათ მიეცეთ დასაქმების საშუალება. საკადრო მოთხოვნილებიდან გამომდიარე, შევქმენით მოდელი, სადაც ზემო აჭარისთვის დამახასიათებელი პროფესიული ჯგუფები დაკომპლექტდება. მითუმეტეს საზამთრო კურორტ „გოდერძზე“ ვითარდება ტურიზმი,  რომელსაც ძალიან ბევრი კადრები ჭირდება. ჩვენ უკვე დავიწყეთ რეაბილიტაცია იქ არსებული ორსართულიანი შენობის. მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, რისთვისაც დაგვაფინანსა ერთ-ერთმა დონორმა ორგანიზაციამ  და დაახლოებით 60 000 ლარის ინვენტარი შემოვა ახალ ფილიალში“, – ამბობს ლაშა ხახუტაიშვილი.

იხილეთ საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღას” პროფესიული პროგრამები

პროფესიული კოლეჯი სიახლეს უმზადებს არასრული საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდებსაც. საგანმანათლებლო დაწესებულება მომავალი წლის გაზაფხულზე გეგმავს საპილოტე პროექტის ამოქმედებას, რომელიც ცხრაკლასდამთავრებულებს ახალი პროფესიის დაუფლებასთან ერთად საშუალო განათლების სტატუსსაც მისცემს.

„ახალ ტალღაში“ ამბობენ, რომ პროფესიული განათლების პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება სახელმწიფოს მიერ უმნიშვნელოვანესია და პირველ რიგში ის სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის განათლების უფასოდ მიღებისა და დასაქმების უმოკლესი გზა უნდა იყოს მათთვის ადაპტირებულ გარემოში. ლაშა ხახუტაიშვილი EDU.ARIS.GE–ს უყვება, რომ მისმა სასწავლო დაწესებულებამ  ამ სტატუსის მქონე ათეულობით კადრი გადაამზადა, რომელთა ნაწილი უკვე დასაქმდა კოლეჯის კონტრაქტორ კომპანიებში.

„პირველი ვინც მახსენდება გოჩა ჯინჭარაძეა. ის ერთ–ერთია, ვინც მაღალმთიან აჭარაში ეტლით სარგებლობის დროს შექმნილი ცხოვრებისეული ბარიერები 26 წლის ასაკში, პროფესიული კოლეჯის დახმარებით გაარღვია. კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებას სწავლობს და უმოკლეს დროში დასაქმების რწმენაც აქვს“, – აცხადებს პროფესიული კოლეჯი „ახალი ტალღას“ ხელმძღვანელი.

იხილეთ საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღას” პროფესიული პროგრამები

აღნიშნული სტატია მომზადდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. ინფორმაცია, რომელიც მოცემულია აღნიშნულ გამოცემაში არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პოზიციას.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური