ბავშვებს ეკრანდამოკიდებულება მომავალში სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნით – ფსიქოლოგი
ჩვენს დროში მშობლების უმრავლესობა ისეთი გამოწვევის წინაშე დგას, როგორიც ეკრანი და მასზე ბავშვების დამოკიდებულებაა. მას შემდეგ კი, რაც პანდემიის გამო მსოფლიო თვითიზოლაციაში მოექცა, განათლების მიღებაც ბავშვებს ეკრანებიდან უწევთ, ეკრანმა მათ ცხოვრებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ფსიქოლოგები გამუდმებით გვირჩევენ როგორ ვაკონტროლოთ ბავშვების ეკრანდამოკიდებულება და რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი შვილები ნაკლებად დაზიანდნენ.
ბავშვთა ფსიქოლოგი თეონა გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვები და ეკრანი თავისი აქტუალობიდან გამომდინარე ამოუწურავი თემაა და გამოცდილებას EDU.ARIS.GE-ს მკითხველს უზიარებს.
„ჩვენი ცხოვრების ტემპი ძალიან აჩქარებულია, სულ სადღაც მიგვეჩქარება და ამ სიჩქარეში ჩვენგან დამოუკიდებლად თუ განგებ, ჩართულები არიან ბავშვები. ხშირად, კომპიუტერი ან ტელევიზორი მშობლისთვის დროის გამოთავისუფლების ალტერნატივაა, რომ რაღაც მოასწროს – საოჯახო საქმე თუ სამსახურეობრივი. არის კატეგორია, რომელიც მიიჩნევს რომ ჩვენს რეალობაში, ბავშვი მცირე ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს ეკრანს, იქედან ისწავლოს თამაშები, სიმღერები, მარტივად აითვისოს უცხო ენები და ა.შ. ასე ხვდება ხოლმე ბავშვი ეკრანთან“, – აცხადება თეონა გოგებაშვილი.
მისი თქმით, არის ოჯახები, სადაც ტელევიზორი მუდმივად ჩართულია, თუნდაც არავინ უყურებდეს და ეს ბავშვისა და ეკრანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ფაქტორია.
„რა არის ეკრანი ბავშვისთვის? დიდი ჩარჩო, რომლიდანაც მოედინება სხვადასხვა ხმები, ბგერები და ერთმანეთს უსწრაფესად ცვლის უამრავი სხვადასხვა სურათი, ეს ბავშვში დიდ ინტერესს აღძრავს და მარტივად „უმეგობრდება“ მას. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვები ცოცხალი შთაბეჭდილებებით ცხოვრობდნენ, მოძრაობდნენ, იყვნენ ფიზიკურად აქტიურები, დაძვრებოდნენ ძელებზე, ხეებზე, იღებდნენ რეალურ შეგრძნებებს გარემოდან, აკვირდებოდნენ მწერებს, ცხოველებს, ისმენდნენ ფრინველების ხმებს, მშობლების მიერ მოყოლილ ზღაპრებსა თუ ამბებს, ჩართულები იყვნენ ყოველდღიურ საოჯახო საქმეებში (მაგიდის გაშლაში მონაწილეობის მიღება, ცხობა, დედის დახმარება სხვადასხვა საქმიანობაში, მამასთან კომუნიკაცია საოჯახო ჩხირკედელაობისას და ა.შ.), ჰქონდეს საშუალება აღიქვას რეალური საგნები და მოვლენები, კომუნიკაცია ოჯახის სხვადასხვა წევრებთან, სხედან ეკრანებთან უძრავად. ეს აფერხებს განვითარების პროცესს, როგორც ფიზიკურ, ასევე კოგნიტურ დონეზე. პირველ შვიდწლეულში, როდესაც ბავშვის ტვინის განვითარებისთვის მოძრაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მრავალფეროვანი შეგრძნებები და აღქმითი გამოცდილებები, აუცილებელია რომ ბავშვი თავად ქმედითად იყოს ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. ეს პროცესები მას განვითარებაში ეხმარება და აძლევს იმ რესურსს, რაც საფუძველია შემდგომი განვითარებისათვის“, – აღნიშნავს თეონა გოგებაშვილი.
ფსიქოლოგი აღწერს პროცესს თუ რა ხდება ბავშვის თავს ეკრანის ყურებისას. როგორც ის აღნიშნავს, პაწაწინა ფერადი წერტილები ეკრანზე ქმნის სივრცული სურათის ილუზიას, რა დროსაც ხედვის ისეთ ფორმასთან გვაქვს საქმე, რომელიც არ მოითხოვს თვალის აქტიურ ქმედებას.
„განსხვავებით რეალური საგნების ყურებისგან, რომელიც თვალების მუდმივ მოძრაობას მოითხოვს. ეკრანის ყურებისას ბავშვი აბსოლუტურად უმოქმედო მდგომარეობაშია, თვალის კუნთების მსგავსად, სხეულის სხვა ყველა კუნთიც უძრავადაა და დაძაბული მიმართულია ერთი წერტილისკენ. ამას გარდა, ინფორმაციის ნაკადი, რომელიც ეკრანიდან მოედინება, ბევრად აჭარბებს ბავშვის შესაძლებლობას, მიიღოს შემოთავაზებული და დამოუკიდებლად გადაამუშაოს. ის ნაწყვეტ-ნაწყვეტ იღებს ინფორმაციას, ხან ვიზუალურ მასალას, ხან ვერბალურს, არ შეუძლია აღქმულ სურათებსა და გაგებულ წინადადებებს შორის რაიმე ურთიერთკავშირის დამყარება“.
პრობლემების ჩამონათვალი, რომლის წინაშეც 21-ე საუკუნის გამოწვევამ უამრავი თავსატეხის წინაშე დააყენა მშობლები და ბავშვები, ძალიან ვრცელია.
„გახშირდა მეტყველების დაგვიანებები, მოტორული შეფერხებები, სენსორული გადამუშავების პრობლემები: ბავშვები არ მეტყველებენ, ან იწყებენ მეტყველებას ძალიან გვიან; აქვთ ძალიან მწირი ლექსიკური მარაგი, უჭირთ ასაკის შესაბამისი მოტორული ოპერაციების განხორციელება, არიან ბავშვები, რომელთაც აქვთ გარკვეული გემოების და ფაქტურების მიუღებლობა. ეკრანზე დამოკიდებულებისას ბავშვის ტვინი ეჩვევა მზა ინფორმაციის მიღებას და აღარ უვითარდება შემოქმედებითი ძალები, თვითმყოფადი იდეების წარმოქმნის უნარი და მუდმივად ხდება დამოკიდებული სხვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რაც თავისთავად მის შემდგომ პიროვნულ ფორმირებაზე ახდენს გავლენას. ასეთ ბავშვებს არ აქვთ შემოქმედებითი ძალები განვითარებული და არ შეუძლიათ რაიმე თამაშის წამოწყება, მუდმივად სჭირდებათ დამატებითი სტიმულატორი სხვადასხვა გადაცემის თუ მულტფილმის სახით. შემდგომში კი დიდი სირთულეები უჩნდებათ თუნდაც დეპრესიის სახით , რადგან ფანტაზიას, როგორც გარდაქმნის ძალას მოკლებულნი არიან და სრულ უიმედობაში იძირებიან. უჩნდებათ სოციალური სახის სირთულეები. კომუნიკაციაში შესვლა უჭირთ, ან პირიქით – უჭირთ ზღვარის დაცვა; შინაარსის წვდომა გართულებულია და მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციის მიღებით კმაყოფილდებიან; ნების განვითარება შეფერხებულია, რადგან ეკრანის წინ უძრავად სხედან და არ საქმიანობენ აქტიურად და მიმბაძველად, რაც ნების საკვებია. ამიტომაც ამ უმოძრაო ყოფას მოყვება ქაოტურობა, აღზნებადობა და აგრესიული გამოვლინებები. ხშირად უჭირთ თავიანთი სურვილების ვერბალიზება. უჭირთ მოსმენილი ამბის შინაარსობრივი წვდომა, დამახსოვრება და ზოგადად მოსმენაც კი, კონცენტრაციის უქონლობის გამო; მათი ინტერესები ძალიან ზედაპირულია“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი თეონა გოგებაშვილი.
მისი თქმით, შეიძლება მშობლებს ჰგონიათ, რომ სხვადასხვა ანიმაციური ფილმებისა თუ თამაშების ყურება მათი შვილებისთვის გარკვეული ცოდნის მიღების წყაროა, თუმცა ისინი ამით ბავშვების რეალურ განვითარებას აფერხებს.
„ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებმა თავად გამოიგონონ ფანტაზიაზე დაყრდნობით სხვადასხვა პერსონაჟები, იჭედებიან მზა ხატებში და აკეთებენ მულტფილმის სხვადასხვა პერსონაჟების იმიტირებას, საუბრობენ და იქცევიან მათ მსგავსად. სინამდვილეში, ბავშვი ამ ასაკში აბსოლუტურად ფანტაზიას უნდა იყოს მინდობილი, სწორედ ფანტაზიაა ის საშუალება, რომელიც შემდგომში მას მისცემს სხვადასხვა სიტუაციების და პრობლემების სხვაგვარად დანახვის და მოგვარების საშუალებას, რადგან როგორც ვახსენე სწორედ ფანტაზიაა გარდაქმნის ძალა“, -აცხადებს ფსიქოლოგი.
რაც შეეხება რჩევებს, რომლებიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, თავად მშობლები უნდა იყვნენ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული, თანმიმდევრული ქმედებებით კი შედეგიც მალე დადგება.
„თუკი მშობელი თავისი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულია და ზუსტად აქვს გაცნობიერებული ეკრანის მავნებლობა, მაშინ პრობლემის გადაჭრის გზები უფრო ხელშესახები ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ: ნელ-ნელა ეკრანის ამოღება არაა ეფექტური, ეს უნდა მოხდეს ერთბაშად. ბავშვებმა იციან, რომ გარკვეული რაღაცები, არის მხოლოდ უფროსებისთვის და ამის მიღება, თუკი მშობლის მხრიდან სიმტკიცეს აქვს ადგილი, არ უჭირთ, რადგან ისინი ენდობიან მშობელს და მათთვის საყრდენი ძალა სწორედ დედ-მამაა. ცხადია რთულია, რომ ოჯახში, სადაც ზრდასრულებიც ცხოვრობენ არ იყოს ტელევიზორი, თუმცა არც ესაა შეუძლებელი – იქონიეთ პერსონალური საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებები: კომპიუტერები, პლანშეტენი ან მხოლოდ მობილურები, რომლებიც იქნება ბავშვისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. შედეგს, ეკრანის ამოღების შემდეგ სირთულეების დაძლევის გზაზე, თქვენი აქტიური ჩართულობით, ყურადღებით და შესაბამისი გარემოს შექმნით აუცილებლად დაინახავთ. ეს პროცესიც, როგორც ყველა, ინდივიდუალურია დროის თვალსაზრისით, თუმცა სასიკეთო შედეგი აუცილებლად დგება და ბევრი მაგალითის გახსენება შემიძლია პირადი გამოცდილების საფუძველზე“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.
პანდემიის დასრულების შემდეგ, ალბათ, კიდევ უფრო მეტი კვლევა და ნაშრომი მიეძღვნება ამ თემებს, რადგან ძალაუნებურად ეკრანმა ბავშვების ცხოვრებაში გასართობ ფუნქციასთან ერთად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსის ფუნქციაც შეიძინა. თუმცა მშობლების მხრიდან რაციონალური და გონივრული ნაბიჯების გადადგმა, ალბათ, უცვლელ რეკომენდაციად დარჩება.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლების ჩამონათვალი (07.11.2024) by ARIS.GE-განათლება
- როგორ მივაღწიოთ გაწაფულ კითხვას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში – სავარჯიშოები (III- VI) by მოსწავლის მშობელს
- „სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას? by მოსწავლის მშობელს