როგორ მივაღწიოთ გაწაფულ კითხვას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში – სავარჯიშოები (III- VI)
USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მომზადებული რესურსი დაწყებითი კლასების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაწაფული კითხვის მიღწევას უმარტივებს. EDU.ARIS.GE კონკრეტულ სავარჯიშოებს წარმოგიდგენთ:
1. კითხვა ბუქსირით
მოსწავლეები ექოდ კითხულობენ მასწავლებლის მიერ მათთვის თვალსაჩინოდ განთავსებულ ტექსტს
მუშაობის ფორმა: ჯგუფები, მთელი კლასი.
რესურსი: დიდი წიგნი ან დიდ ფორმატზე დაწერილი ტექსტი.
მსვლელობა:
– მასწავლებელი კითხულობს მოსწავლეებისათვის თვალსაჩინოდ განთავსებულ ტექსტს. მოსწავლეები ექოდ კითხულობენ მის წაკითხულს.
– მასწავლებელი მოულოდნელად ცვლის კითხვის ტემპს (კითხულობს უფრო ნელა ან უფრო სწრაფად) და მოსწავლეები ცდილობენ, მასწავლებლის მსგავსად წაიკითხონ ტექსტი.
– ტემპის ცვლილების შემდეგ მასწავლებელი ცვლის ხმის ტემბრს და ტონს. მაგალითად, კითხულობს უფრო ბოხი ან ჩუმი ხმით, სიმღერით და ა.შ.
– მოსწავლეები, შეძლებისდაგვარად, იმეორებენ იმას, რასაც მასწავლებელი აკეთებს
2. უცნაური ხმებით კითხვა
მოსწავლეები რამდენჯერმე კითხულობენ სხვადასხვა ხმით ნაცნობ ტექსტს, მასზე მოცემული ემოციის შესაბამისად.
მუშაობის ფორმა: ჯგუფები, წყვილები, ინდივიდუალური.
რესურსი: ტექსტი მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, ემოციის ბარათები, ყუთი/ქილა ბარათების ჩასაყრელად.
მსვლელობა:
– მასწავლებელი ამზადებს ,,ემოციის ბარათებს’’. ეს არის მცირე ზომის ბარათები, რომლებზეც სხვადასხვა ემოციის გამომსახველი ნახატებია მოცემული და მიწერილი აქვს ემოციის შესაბამისი სიტყვა.
– მასწავლებელი ათავსებს ბარათებს პატარა ყუთში/ქილაში და მოსწავლეებს ურიგებს წინასწარ შერჩეულ წასაკითხ ტექსტს.
– მოსწავლეები მორიგეობით ამოიღებენ ყუთიდან ბარათებს და, მასზე მოცემული ემოციის შესაბამისად, კითხულობენ ტექსტს/ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთს. მაგ., მოსწავლე, რომელსაც შეხვდა ბარათი ,,მომღერალი’’, წამღერებით კითხულობს ტექსტს, ,,მყვირალი’’ ხმის აწევით კითხულობს სათანადო მონაკვეთს და ა.შ.
3. კითხვის მატარებელი
მოსწავლეები, მატარებლის ვაგონების მსგავსად, ერთ მწკრივში დგებიან და მიმდევრობით
აგრძელებენ ერთი და იმავე ტექსტის კითხვას.
მუშაობის ფორმა: ჯგუფები.
რესურსი: ტექსტი/წიგნი/სახელმძღვანელო მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.
მსვლელობა:
– მოსწავლეები, მატარებლის მსგავსად, დგებიან ერთ რიგად. თითოეულ მოსწავლეს უჭირავს ერთი და იგივე ტექსტი.
– მასწავლებლის მითითებით (ტაშის დაკვრა, სასტვენი და ა.შ.) პირველი მოსწავლე იწყებს ტექსტის ხმამაღლა კითხვას, დანარჩენები ყურადღებით უსმენენ მას და თვალს ადევნებენ ტექსტს.
– მასწავლებლის შემდეგ სიგნალზე მკითხველი წყვეტს კითხვას, გადადის რიგის ბოლოს და კითხვას განაგრძობს მეორე მოსწავლე. თუ მოსწავლე ვერ შეძლებს ტექსტის სათანადო ადგილიდან გაგრძელებას ან შეცდომით ამოიკითხავს სიტყვას, ეთიშება თამაშს.
– თუ ტექსტი დასრულდა, მოსწავლეები ხელახლა იწყებენ მის წაკითხვას. ასე გრძელდება მანამ, სანამ მატარებელში მხოლოდ უშეცდომოდ მკითხველი მოსწავლეები არ დარჩებიან
4. სუპერსიჩქარე
მოსწავლეთა წყვილები სიტყვების ნუსხიდან მორიგეობით კითხულობენ თითო სიტყვას
ერთი წუთის განმავლობაში.
რესურსი: კლასის შესაბამისი სიტყვების ნუსხა (100 ან 200 სიტყვით).
მუშაობის ფორმა: წყვილები.
მსვლელობა:
– მასწავლებელი დააწყვილებს ერთმანეთთან მაღალი და დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეებს. შესაძლებელია სამწევრიანი ჯგუფების შექმნაც და გადაუნაწილებს ნომრებს (პირველი – მეორე).
– მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეთა წყვილებს სიტყვების წინასწარ შედგენილ სიას და მისცემს რამდენიმე წუთს და გადასახედად.
– მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეთა წყვილებს, რომ ერთი წუთის განმავლობაში მიმდევრობით, რაც შეიძლება სწრაფად (გაელვებასავით) წაიკითხონ თითო-თითო სიტყვა მოცემული სიიდან. პირველ სიტყვას წაიკითხავს პირველი ნომერი, მეორეს – მეორე, შემდეგს – ისევ პირველი და ასე შემდეგ. თუკი რომელიმე მოსწავლე სიტყვას ვერ ამოიცნობს, მას მიეხმარება მეწყვილე.
– მასწავლებელი ინიშნავს დროს, მისი ამოწურვისთანავე შეაჩერებს ბავშვებს და სთხოვს წყვილებს, რომ ხაზი ჩამოუსვან იმ სიტყვის შემდეგ, რომელიც ბოლოს წაიკითხეს.
– მასწავლებელი თითოეულ წყვილთან ერთად ითვლის მათ მიერ სწორად წაკითხული სიტყვების რაოდენობას.
– მომდევნო ეტაპზე მასწავლებელი წყვილებს აძლევს შედეგების გაუმჯობესების საშუალებას და სთხოვს, თავიდან დაიწყონ, ოღონდ ამჯერად მეწყვილეები რიგითობას გაცვლიან, ამგვარად, ორივე მოსწავლეს მოუწევს ყველა სიტყვის წაკითხვა.
შენიშვნა: II-III კლასებში საკმარისია 100-სიტყვიანი სიის შექმნა, ხოლო IV კლასში საჭიროა 150 ან 200-სიტყვიანი სია. მასწავლებელს შეუძლია პირდაპირ აიღოს სიტყვები ქვემოთ მოცემული ხშირი/ცნობადი სიტყვების ნუსხიდან ან ჩაანაცვლოს ზოგიერთი სიტყვა განვლილი ტექსტებიდან.
სიტყვების სია
და, არ, რა, რომ, მე, პატარა, არც, კი, იყო, ძალიან, ერთხელ, ის, დაინახა, მერე, სულ, ერთი, არა, დიდი, თუ, ისევ, დედა, ბიჭი, არის, იცი, უცებ, როგორ, მაგრამ, უნდა, ხარ, ხე, მოდის, აქვს, ეზო, აღარ, ეს, ვარ, ხოჭო, აცვია, ამ, კარგი, აბა, შენ, ერთ, ვერ, მალე, ხომ, უფრო, თქვა, ბებია, დღეს, ხმა, ჰკითხა, ახლა, ვინ, აი, ისე, ბოლოს, მამა, რას, აქ, თავისი, ჩემი, უპასუხა, წყალი, კარგად, მოდი, ხან, იქ, რაც, შენი, კიდევ, ერთად, მას, მივიდა, ნუ, ბევრი, რატომ, ორი, ჩვენ, გზა, მაქვს, წავიდა, ჩემს, დროს, მეორე, კაცი, ან, იქით, აქეთ, ღრუბელი, თავი, სპილო, პური, პაპა, ყველა, ლამაზი, გული, სად, ტყე, ჯერ, ნაძვი, მინდა, ცივა, ცხელა, როცა, ასე, შინ, წვიმა, კატა, ხელი, მზე, ყველი, უთხრა, მეც, შემდეგ, თურმე, ცხოვრობს, ფერადი, მხოლოდ, დილა, თვალი, ყველაზე, იგი, სიტყვა, წინადადება, ეგ, როგორი, იმიტომ, ბაბუა, შემოდგომა, თქვენი, ცოდნა, პირველი, რომელი, შესახებ, მიერ, გინდა, რამდენი, მათ, შენც, ფოთოლი, ტექსტი, ამის, შავი, რის, ზღაპარი, რის, ტკბილი, შვილი, ხილი, მისი, ვის, სხვა, კვლავ, ამოიღო, მოთხრობა, ოქრო, როდის, იდგა, ქუდი, იპოვა, თან, ჰქვია, იმ, მაინც, იცინის, გაიქცა, რაღაც, ქვეშ, ჭრელი, ნახე, ცოტა, მთვარე, ამიტომ, ჩიტი, ჩვენი, მთელი, მაშინ, ასეთი, პეპელა, ახალი, ძველი, საღამო, თაგვი, ყვავილი, კუდი, თამაშობს, ქოლგა, შეიძლება, სახლი, მაგიდა, სკამი, ფეხი, მარტო, აკეთებს, სადაც, მეგობარი, კედელი, ალბათ.
ასევე იხილეთ:
როგორ ვასწავლოთ და ვისწავლოთ სწრაფად კითხვა? – 5 ძირითადი ხერხი
- ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლების ჩამონათვალი (07.11.2024) by ARIS.GE-განათლება
- „სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას? by მოსწავლის მშობელს
- როგორ გადაჭერით მოსწავლის სკოლაში კვების პრობლემა? – ერთი მშობლის ისტორია (ვიდეო) by ARIS.GE-განათლება