„სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას?
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო და მისი ერთ-ერთი მუხლი ამბობს, რომ კონვენცია სახელმწიფომ ყველა ბავშვსა (18 წლამდე პირი) და მშობელს უნდა გააცნოს.
კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან, რომელთაგან პირველი 42 მუხლი შეეხება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს – ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობებს. 43-54 მუხლებში კი საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა ერთად კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
კონვენციას მიერთებულია 193 ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებმა აიღეს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.
EDU.ARIS.GE გიზიარებთ ბავშვთა უფლებების კონვენციას:
მუხლი 1:ყველა ადამიანი, ვისაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი, ითვლება ბავშვად.
მუხლი 2:სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ყველა ბავშვის უფლება – რელიგიის, ეროვნების, კანის ფერისა და სხვა განსხვავებების მიუხედავად.
მუხლი 3:ყველა მოქმედების დროს, რომელიც ბავშვს ეხება, დაცული უნდა იყოს მისი ინტერესები. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვის ინტერესების დაცვაზე.
მუხლი 4:სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ბავშვთა უფლებების დასაცავად.
მუხლი 5:სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს ყველა იმ ადამიანის უფლებას, რომელიც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობს.
მუხლი 6:ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვის განვითარებაზე.
მუხლი 7:ბავშვს დაბადებისთანავე აქვს უფლება, ჰქონდეს სახელი, გვარი და მოქალაქეობა. ასევე უფლება აქვს, იზრდებოდეს მშობლების გარემოცვაში.
მუხლი 8:სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას და, საჭიროების შემთხვევაში, აღადგინოს ბავშვის პიროვნულობის გამომხატველი ძირითადი ნიშნები: სახელი, მოქალაქეობა და ოჯახური კავშირები.
მუხლი 9:ბავშვს უფლება აქვს, იცხოვროს მშობლებთან ერთად და, მშობლების
განცალკევების შემთხვევაში, ურთიერთობა ჰქონდეს მათთან, თუ ეს არ არის მისთვის საზიანო. მუხლი 10:ბავშვსა და მის მშობლებს ყოველთვის შეუძლიათ დატოვონ და დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას, რათა ერთ ოჯახად იცხოვრონ.
მუხლი 11:სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ქვეყნიდან ბავშვების არალეგალური გაყვანა.
მუხლი 12:ბავშვს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი ისეთ საკითხებზე, რომელიც მას ეხება.
მუხლი 13:ბავშვს აქვს აზრის გამოხატვის და გაზიარების უფლება, თუ ეს ინფორმაცია არ არის მისთვის ან სხვისთვის საზიანო.
მუხლი 14:სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვის აზრისა და რწმენის თავისუფლება და პატივი სცეს მას.
მუხლი 15:ბავშვს შეუძლია გაერთიანდეს ასოციაციაში ან მოაწყოს მშვიდობიანი შეკრება, თუ არ დაარღვევს სხვათა უფლებებს.
მუხლი 16:ბავშვს აქვს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
მუხლი 17:ბავშვს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია მედიის საშუალებით, სახელმწიფომ კი მხარი უნდა დაუჭიროს მედიას ბავშვისთვის სასარგებლო ინფორმაციის გავრცელებაში.
მუხლი 18:მშობლები ვალდებულები არიან, ბავშვის აღზრდაზე იზრუნონ და, თუ ისინი მუშაობენ და დაკავებულები არიან, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს მათ.
მუხლი 19:სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი მშობლის, მეურვის, ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ძალადობისაგან.
მუხლი 20:სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და შეუქმნას მათ ოჯახური გარემო.
მუხლი 21:ბავშვის გაშვილება უნდა მოხდეს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
უპირატესობა ენიჭება სამშობლოში გაშვილებას, თუმცა შესაძლებელია სხვა ქვეყანაში გაშვილებაც, თუ ეს ბავშვის ინტერესებშია.
მუხლი 22:სახელმწიფომ განსაკუთრებულად უნდა იზრუნოს ლტოლვილ ან ლტოლვილობის სტატუსის მიღების მოსურნე ბავშვზე და, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს მას მშობლების მოძებნაში.
მუხლი 23:შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს უფლება აქვს, მიიღოს სპეციალური განათლება, რათა შეძლოს ღირსეულად ცხოვრება. ასეთ ბავშვზე სახელმწიფო განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს.
მუხლი 24:ბავშვს აქვს უფლება, სარგებლობდეს ხარისხიანი სამედიცინო დახმარებით, სუფთა წყლით, ჰქონდეს სრულფასოვანი კვება და უსაფრთხო გარემო, რათა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს. სახელმწიფო ვალდებულია შეამციროს ბავშვთა სიკვდილიანობა. მდიდარი ქვეყნები უნდა ეხმარებოდნენ ღარიბ ქვეყნებს იმაში, რომ ყველა ბავშვი ჯანმრთელი იყოს.
მუხლი 25:სახელმწიფო ხშირად უნდა ამოწმებდეს იმ ბავშვის მდგომარეობას, რომელსაც მეურვე ზრდის.
მუხლი 26:სახელმწიფო უნდა დაეხმაროს იმ ბავშვებსა და ოჯახებს, რომელთაც ეს სჭირდებათ.
მუხლი 27:ყველა ბავშვს აქვს უფლება, იცხოვროს ისეთ პირობებში, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისათვის. მშობლები ვალდებულები არიან, შეუქმნან შვილებს ცხოვრების ნორმალური დონე, სახელმწიფო კი ვალდებულია, დაეხმაროს მათ ამაში.
მუხლი 28:ბავშვს უფლება და ვალდებულება აქვს, უფასოდ მიიღოს დაწყებითი განათლება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საშუალო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა.
დისციპლინის მოთხოვნა სკოლაში უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ღირსებასა და ინტერესებს. მდიდარი ქვეყნები უნდა ეხმარებოდნენ ღარიბ ქვეყნებს იმაში, რომ ყველა ბავშვმა მიიღოს განათლება.
მუხლი 29:განათლება მიმართული უნდა იყოს ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისაკენ. სკოლამ უნდა მოამზადოს ბავშვი სრულფასოვანი ცხოვრებისათვის, ასწავლოს მშობლების, თავისი და სხვა ქვეყნების კულტურისა და რელიგიის პატივისცემა.
მუხლი 30:სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს აქვთ უფლება, მშობლიურ ენაზე ილაპარაკონ და იცხოვრონ თავიანთი ტრადიციების შესაბამისად.
მუხლი 31:ბავშვს აქვს დასვენების, თამაშის, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება.
მუხლი 32:სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც მისთვის საზიანოა.
მუხლი 33:ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ნარკოტიკების მიღებისა და გავრცელებისაგან.
მუხლი 34:სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბავშვი სექსუალური ძალადობისაგან.
მუხლი 35:სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ბავშვის მოტაცება ან გაყიდვა.
მუხლი 36:სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბავშვი ნებისმიერი იძულებითი ქმედებისაგან, რაც საზიანოა მისი განვითარებისათვის.
მუხლი 37:ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს წამებისა და უკანონო დაკავებისაგან.
18 წლამდე ასაკის მოზარდს არ შეიძლება დანაშაულისთვის შეეფარდოს სიკვდილით დასჯა და მუდმივი პატიმრობა. დაკავების შემთხვევაში ბავშვს უნდა ჰქონდეს კავშირი ოჯახთან და მას პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ.
მუხლი 38:15 წლამდე ასაკის ბავშვები არ უნდა იყვნენ სახედრო სამსახურში. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ბავშვებზე, რომლებიც საომარ ზონაში ცხოვრობენ.
მუხლი 39:სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვის მკურნალობა, თუ იგი დაზარალდა შეიარაღებული კონფლიქტის, წამების, ან სასტიკი მოპყრობის დროს და იზრუნოს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს საზოგადოების ნორმალურ წევრად.
მუხლი 40:ბავშვმა, რომელმაც კანონი დაარღვია, უნდა მიიღოს სამართლებრივი და სხვა სახის დახმარება. მისი დაპატიმრება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს.
მუხლი 41:თუ სახელმწიფოში მოქმედი კანონები უკეთესად იცავს ბავშვს, ვიდრე ეს კონვენცია, მაშინ სახელმწიფოში მოქმედ კანონებს უპირატესობა ენიჭება.
მუხლი 42:სახელმწიფომ ეს კონვენცია უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს.
ბავშვთა უფლებების კონვენცია ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა.
თქვენ თუ გაგაცნეს კონვენცია სკოლაში?
- როცა სასამართლო ბავშვთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს – მოსწავლის, მშობლისა და პედაგოგისთვის by განათლებული ბლოგი
- როგორ მივაღწიოთ გაწაფულ კითხვას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში – სავარჯიშოები (III- VI) by მოსწავლის მშობელს
- როგორ გადაჭერით მოსწავლის სკოლაში კვების პრობლემა? – ერთი მშობლის ისტორია (ვიდეო) by ARIS.GE-განათლება