„ბავშვებს ემუქრებიან, რომ თუ კიდევ შეცვლით პაროლს, დაგხოცავთო“- მშობლის მტკიცებით, უცნობმა პირმა მოსწავლის ანგარიშში უნებართვოდ შეაღწია
თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობელი ამბობს, რომ მისი შვილების Teams ანგარიშები, რისი საშუალებითაც ბავშვები ონლაინ გაკვეთილებში ერთვებიან, უცნობმა პირმა „გატეხა“ და მოზარდებს ემუქრება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აცხადებენ, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პირად გაუგებრობას, რადგან Microsoft-ის პროგრამები დაცულია და გამორიცხულია მსგავსი ჩარევები მოხდეს. მათივე ინფორმაციით, ტიმსში შექმნილი 600-ათასმდე მოსწავლის და 60-ათასამდე მასწავლებლის ანგარიში დაცულია და სისტემის მუშაობა კომპანია Microsoft-ის მიერ უმაღლეს დონეზეა შეფასებული.
მშობელი, რომლის სახელს და გვარს უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასაჯაროებთ, EDU.ARIS.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ მესამე კვირაა უცნობი პირი მისი არასრულწლოვანი შვილების ტიმსის ანგარიშში შედის და ემუქრება, მან ასევე მოახერხა ბავშვების მეგობრების ანგარიშებში შესვლაც.
„შეგვექმნა პრობლემა, გატეხეს ბავშვების ტიმსის “ექაუნთი”. ორჯერ შევცვალე პაროლები და მაინც გატეხეს, ბავშვებს ემუქრებიან თუ კიდე შეცვლით პაროლს დაგხოცავთ ერთ დღესო, მე გიყურებთ და გაკონტროლებთო. სამი კვირის წინ დაიწყო ყველაფერი, ვიღაცამ მისწერა უმცროსი შვილის ტიმსიდან ჩემს ძმისშვილს (ჩემს ძმისშვილსაც გაუტეხეს), რომ მე სული ვარო, ყველგან გხედავთო, თქვენ მე ვერაფერს ვერ მიზამთო. ბავშვებმა კითხეს ვინაობა და დიდი დავიდარაბის შემდეგ უთხრა ნიკა ახვლედიანი ვარო 16 წლისო, რა თქმა უნდა, არ მჯერა რომ სიმართლეს ამბობს.
“ეს პირი, ამ რამდენიმე დღის წინ, ჩემი შვილის სახელით ემესიჯებოდა ტიმსში ჩემი შვილის კლასელს. მე მივწერე, რომ არ იყო ანი და ვიღაც სხვა წერდა, ეს ვიღაც იმ ბავშვსაც დაემუქრა, თუ ანის არ დაბლოკავ არც შენი პაროლის გატეხვა გამიჭირდება იცოდეო, შენთანაც შემოვალო და ასეც მოიქცა, იმასაც გაუტეხა. მე მივწერე რომ თავი დაენებებინა ბავშვებისთვის, ვუთხარი რომ ბავშვების დედა ვიყავი და დავემუქრე კიდეც სამართალდამცავებს ჩავრევთქო. გუშინ მომწერა ვერაფერსაც ვერ მიზამო“, – ამბობს რესპონდენტი.
მოსწავლეების მშობელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მის პრობლემაში გარკვევას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ცდილობს, თუ ვითარება ვერ მოგვარდება, აპირებს სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.
Microsoft-ის პროგრამა Teams-ის დანეგვა საქართველოს საჯარო სკოლებში 2020 წლის მარტიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც კორონავირუსის პანდემიის შედეგად სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ.
რამდენიმე დღის წინ, Microsoft-მა თავის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს განათლების სისტემის ტრანსფორმაციის თემაზე სტატია და ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სახელწოდებით: „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს“. სტატიაში აღნიშნულია, თუ როგორი წარმატებით იყენებს სამინისტრო Microsoft 365-ის საგანმანათლებლო პროდუქტებს სასწავლო პროცესში.
Microsoft Teams-ის ის ინტერფეისისა და ყველა ონლაინ გაკვეთილის გაქართულების შემდეგ, სამ თვეში, ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 750-დან დაახლოებით 300,000-მდე გაიზარდა.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება