GE

მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი დაინერგება. ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს, განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მე-11 კლასის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ ის საგნები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.

„მნიშვნელოვანია ის, რომ დამამთავრებელი – მე-11 კლასი პროფილური გავხადოთ – მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული მოსწავლეების მომზადების კუთხით ეროვნული გამოცდების კომპონენტთან მიმართებაში. ამ კუთხით ჩვენ შემოგვაქვს მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი, როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე.

ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი

„ეს იქნება ინტენსიური ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს და მას აღარ უნდა დასჭირდეს დამატებით სკოლის გარეთ სასწავლო პროცესებში ჩართვა, იმიტომ, რომ მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება ყველაზე ახლოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ამ თემაზე საზოგადოებისთვის დამატებითი განმარტების გაკეთებისას კი განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ მეთერთმეტე კლასი ფორმაციით აბსოლუტურად შეიცვლება და ე.წ. რეპეტიტორიუმის კომპონენტი ასე დაახასიათა: “ეს არის პროფილური სწავლება, მაგრამ მხოლოდ პროფილურსაც ვერ დავარქმევთ”.

„ფაქტობრივად, ეს იქნება გაძლიერებული სწავლება მხოლოდ იმ დისციპლინებში, რომელთაც მოსწავლე აარჩევს, რათა ის სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის. რა თქმა უნდა, ამ პროგრამაში ინტეგრირებული იქნება ეროვნული გამოცდების წინა წლების მასალებიც, ტესტები იქნება ეს თუ სხვა კომპონენტები, რათა ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ადაპტირებული იყოს ის გარემო, როდესაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებლად მივლენ. ეს მნიშვნელოვანია ხარისხის გაუმჯობესებისთვის, იმისთვის, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ დამამთავრებელ კლასში სკოლაში და არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის, რომელთაც სკოლის გარეთ მოსწავლეების მომზადება უდიდეს ფინანსურ წნეხად აწევთ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროცესში“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეოვნული კონცეფციის წარდგენისას განათლების მინისტრმა ზოგად განაათლებაში 8 გამოწვევა წარმოადგინა და ესენია: საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, სასკოლო ცხოვრება, კავშირი განათლების საფეხურებს შორის, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სასწავლო გარემო, სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა, მართვისა და დაფინანსების სისტემა.

ასევე იხილეთ:

8 გამოწვევა – განათლების მინისტრი ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციას წარადგენს (ვიდეო)

საბაზო განათლება ისევ 9-წლიანი ხდება – განათლების მინისტრმა სასკოლო საფეხურები წარმოადგინა

2026-2027 სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმები სავალდებულო I-VI კლასებში ხდება – განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება

ცვლილება სასკოლო ასაკში – პირველ კლასში შევა მხოლოდ ის ბავშვი, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება

„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური