ბესიკ ხარანაული – „ლექსები, პოემები 1954–2005“
27 ივნისს, 14.00 სთ-ზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერლისა და პოეტის ბესიკ ხარანაულის წიგნის „ლექსები, პოემები 1954–2005“ პრეზენტაცია გაიმართება.
„ლექსები, პოემები 1954–2005“ წარმოადგენს ბესიკ ხარანაულის შემოქმედების სრულ კრებულს. იგი მოიცავს 1954 –2005 წლებში შექმნილ ნაწარმოებებს და არის პოეტის ორმოცდაათწლიანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა. წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა.
პრეზენტაციას დაესწრებიან თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები.
ბესიკ ხარანაული გამორჩეული შემოქმედია თანამედროვე ქართულ პოეზიაში. იგი არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ლიტერატურული ტრადიციების ღირსეული მემკვიდრე და ამავდროულად, ახალი, ნოვატორული მოვლენაა. ბესიკ ხარანაული ავტორია ოცზე მეტი პოეტური კრებულის და ორი პროზაული ნაწარმოების „ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისთვის” და „სამოც ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა”.
მისი პოეზია თარგმნილი და გამოცემულია რუსულ, ბულგარულ და ფრანგულ ენებზე. ლექსების ნაწილი ითარგმნა გერმანულად, ჰოლანდიურად, იტალიურად, ჩეხურად, უნგრულად. 2010 წელს, მისი პოემის ფრანგული თარგმანი „წიგნი ამბა ბესარიონისა” გამოიცა საფრანგეთში.
ბესიკ ხარანაული დაჯილდოვებულია სახელმწიფო პრემიით პოეზიაში, რუსთაველის პრემიით, საბას პრემიით პოეზიაში, ოქროს სახეები და სახელები – წლის მწერალი (2009 წ.), საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით. 2011 წელს კი ბესიკ ხარანაული საქართველოს სახელით წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი