GE

„ჭკვიანი სახლი, დრონი და სახანძრო სისტემა, რომელიც 112-ს თავად უკავშირდება“ – აწსუ-ის სტუდენტის რეალობად ქცეული პროექტები

ტექნოლოგიური ინოვაციების მუდმივად განვითარებად სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომელთა იდეებიც გვეხმარება, რომ ჩვენი ყოველდღიურობა და ცვალებად სამყაროსთან ურთიერთობა გაგვიმარტივდეს. ასეთ ინოვატორებს შორისაა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის – „ელექტრული ინჟინერია“ მეორე კურსის სტუდენტი ერეკლე კირკიტაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ჭკვიანი სახლის კონცეფცია, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მშობლიურ უნივერსიტეტში, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე წარადგინა. გარდა ამისა, მან აუდიტორიას სამაშველო ოპერაციების სფეროში დრონის ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით სიახლეები გაუზიარა.

ერეკლე კირკიტაძე ჯერ მეორე კურსის სტუდენტია და უკვე არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტიპენდიატი. „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის 2020 წლის ფინალისტი და საპრიზო ადგილის მფლობელი.

EDU.ARIS.GE – სთან საუბარში მომავალი ინჟინერი საკუთარ გამოგონებაზე, მის დახვეწასა და განვითარებაზე საუბრობს, რომელიც სამაშველო ოპერაციების დროს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის პროცესს გააუმჯობესებს. გვიმხელს იმასაც, თუ როგორ მუშაობს საკუთარი გამოგონების დახმარებით საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე და როგორ ცვლის ტექნოლოგიური განვითარება სამაშველო დრონების პოტენციალს საგანგებო რეაგირების სამსახურებისთვის.

გვიყვება, რომ ტექნოლოგიებისადმი სიყვარული ბავშვობიდან აქვს და კომპიუტერული მეცნიერებებით ჯერ კიდევ სკოლაში დაინტერესდა. მამის სამაშველო სამსახურში საქმიანობა კი დაეხმარა, რომ მოეფიქრებინა იდეა, რომელიც სამეცნიერო და ტექნოლოგიური სფეროების ყურადღებას მიიპყრობდა. ასე შექმნა ერეკლემ პირველი სერიოზული ნამუშევარი, სამაშველო დრონი, რომელმაც გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ საპრიზო ადგილი მოიპოვა.

„მეხანძრე მაშველ დრონს შეუძლია, ხანძარი ნახშირორჟანგის ყუმბარებით ჩააქროს და  დაშავებულებს საჭირო ტვირთი ადგილზე მიუტანოს, ეს იქნება პირველადი დახმარების ნივთები, თუ საკვები. მუშაობის დროს ბევრი ნიუანსი იყო გასათვალისწინებელი. დრონზე დიდი თერმული კამერა მონტაჟდება, რომელიც ადამიანებს ხედავს თოვლის, კედლის ქვეშ, თუმცა ეს კამერა საკმაოდ ძვირია. ამ ეტაპზე 15 კილო ტვირთის აწევა შეუძლია. მაგალითად, თუ ტურისტი ტყეში დაიკარგა, სანამ ვერტმფრენი მის ძებნას დაიწყებს, დრონი უფრო მოსახერხებელია, უფრო მარტივად შეუძლია იპოვოს ადამიანი, თვითონ დაასკანეროს ტერიტორია და ინფორმაცია მოგვაწოდოს. იმართება ტელეფონით, კომპიუტერით, თავისთავად პულტით და ავტომატური მისიებს შესრულებაც შეუძლია“, – გვიხსნის ერეკლე.

თავის დროზე, მოსწავლე გამომგონებელმა მომავალი პროფესიის არჩევაზე ბევრი იფიქრა და რადგან კომპიუტერულ მეცნიერებები და ელექტრონული ინჟინერია მისი საყვარელი სფეროები იყო, აბიტურიენტის სარეგისტრაციო ჩამონათვალში ორივე შეიტანა. ეროვნული გამოცდების შედეგებით კი სწავლა ელექტრულ ინჟინერიაზე განაგრძო.

„კარგია, რომ ამ სპეციალობაზე ვსწავლობ. თან, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, რაც ახალგაზრდებს საშუალებას გვაძლევს, სახელმწიფოს დაფინანსებით გავხდეთ ბაზარზე ყველაზე საჭირო კადრები. გვინდა თუ არა, სამყარო ვითარდება და ჩვენც უნდა ავუწყოთ ფეხი. ექიმებს, იურისტებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს, ბევრს სჭირდება კარგი ინჟინერი. ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია და შესაბამისად, ამ დარგში დასაქმება ყველგან შეგვიძლია“, – აღნიშნავს ერეკლე.

ახლა უკვე სტუდენტი ინჟინერი ამბობს, რომ მოსწავლეობის დროს შექმნილი მაშველი დრონის კიდევ უფრო დახვეწა შეუძლია. თუ ძრავებს შეცვლის და გააუმჯობესებს, მის გამოგონებას 20-25 კილო ტვირთის აწევაც შეეძლება, რაც სამაშველო სამსახურს მუშაობას გაუადვილებს და მას მეტი ადამიანის გადარჩენაში დაეხმარება.

კიდევ ერთი სიახლე, რასაც ერეკლე სამაშველო სფეროს სთავაზობს სახანძრო სისტემაა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დამატებით სამაშველო ჯგუფის გამოძახება თავად შეუძლია. სტუდენტი ინჟინერ-გამომგონებელი გვიხსნის, რით განსხვავდება მისი ნამუშევარი უკვე არსებული ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებისგან.

„სხვა სისტემებისგან განსხვავებით, ეს ცეცხლის ალზე მუშაობს. სხვა მოწყობილობები ხედავენ კვამლს და შესაძლოა, იმ სისტემამ სიგარეტის კვამლიც ხანძრად აღიქვას, რაც მომხდარა კიდეც. ჩემი მოწყობილობა ამას გამორიცხავს. ხანძარს ქარის დაგრილების სისტემით აქრობს და რეალურ სიტუაციაში აქვს რელე, რომელიც ხანძრის დროს ნახშირორჟანგის სისტემას რთავს. რაც მთავარია, სისტემას შეუძლია თავად დაუკავშირდეს 112 -ს დამატებითი სამაშველო ბრიგადის გამოსაძახებლად. ხელნაკეთი სისტემა, რომელიც მე ავაწყვე ძვირი არ ჯდება, 50-60 ლარამდეა, მაგრამ ეს მაკეტია და დაწესებულებებისთვის დაგვჭირდება უფრო ძლიერი რელე, ნახშირორჟანგის სისტემა და ცეცხლის ალის სენსორი, რაც უფრო დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული“, – ამბობს ერეკლე.

როგორც გამომგონებელი გვიხსნის, მაკეტზე ბუნებრივი აირის უსაფრთხოების სისტემის დამონტაჟებაც შეუძლია, რაც სისტემას კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის.

სანამ მის მიერ დაპროექტებული სახანძრო სისტემა რეალური ობიექტების უსაფრთხოებაზე იზრუნებს, ერეკლემ თავისი სხვა იდეების რეალიზება საკუთარ საცხოვრებელ გარემოში, სახლში შეძლო. ამბობს, რომ მასალების სიძვირის გამო, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ჯერ სახლში ვერ დაამონტაჟა, თუმცა ოჯახის წევრების გაოცება მაინც შეძლო, როცა ტელევიზორი ისე ჩაირთო, რომ მას არავინ მიჰკარებია.

„დედას გაკვირვება უნდა გენახათ, როცა ტელევიზორი თავისით ჩაირთო. ჭკვიანი სახლის მაკეტზე 2-3 თვე ვიმუშავე. ყველაფერი ხელით არის შექმნილი. ჭკვიან სახლში დავამონტაჟე მიკროკონტროლერი, რომელსაც შეგვიძლია, დავაკავშიროთ ინტერნეტი და გუგლის საძიებოს ასისტენტის დახმარებით, სასურველი ქმედება შევასრულებინოთ. მაგალითად, ჩავრთოთ შუქი, გაგრილების სისტემა, გათბობა, ტელევიზორი და ა.შ. სახლზე დამონტაჟებულია მზის პანელები, ასევე ქარის გენერატორები, რაც სახლის ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს.

„ჭიშკარი აღჭურვილია მანქანის ამოცნობის სისტემით, ხოლო სახლის კარები იღება ბარათებით. სისტემის დახმარებით შეგვიძლია, ვაკონტროლოთ, რა ხდება მთელ პერიმეტრზე. როცა სამსახურიდან სახლში ვბრუნდები, შემიძლია, წინასწარ ჩავრთო გათბობა, გაგრილება. პროგრამულად ბევრი წვალება მომიწია, მაგრამ როცა მაკეტიდან რეალობა სახლში გადავიტანე, შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ“, – გვიყვება ერეკლე.

ის ფიქრობს, რომ ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერულ მეცნიერებებთან ერთად მომავლის პროფესიაა უკეთესი ცხოვრების პირობების მოწყობის პერსპექტივით. ამიტომ, ცდილობს, რომ ამ სპეციალობების მიმართ ინტერესი სკოლის მოსწავლეებს გაუღვივოს. ერეკლე თერჯოლაში რობოტექნიკის კლუბის ხელმძღვანელია:

„ვცდილობ, მოსწავლეებს დავანახვო ამ სპეციალობების როლი ჩვენს ცხოვრებაში. დაინტერესება საკმაოდ დიდია და მიხარია, როცა შემიძლია, მათ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო“.

ერეკლე კირკიტაძე საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში გეგმავს. სასწავლო პროგრამა მას საშუალებას აძლევს, ერთი სემესტრი იტალიაში, ლაკვილას უნივერსიტეტში ისწავლოს და ორმაგი დიპლომი აიღოს. ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა მას დაეხმარება, გახდეს ძლიერი ინჟინერი, რაც საშუალებას მისცემს იმუშაოს ახალ გამოგონებებზე, არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე და ხელი შეუწყოს უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნას ადამიანებისთვის.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური