„ჩვენ არანაირად არ გვინდა გაყინული სკოლა, რომელიც იმის შიშით, არაფერი შეეშალოს, არაფერს აკეთებს“
სკოლაში განათლების ხარისხის მართვის მექანიზმების შესახებ, სპეციალურად სკოლის დირექტორობის მსურველთათვის მოწყობილი ვებინარის ფარგლებში, განათლების ხარიხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, კახაბერ ერაძემ ისაუბრა და ხაზგაზმით აღნიშნა, რომ სკოლისთვის ავტორიზაციის მიმნიჭებელი ორგანოს დაკვეთა აქტიური სკოლაა.
„ჩვენ არანაირად არ გვინდა გაყინული სკოლა, რომელიც იმის შიშით, არაფერი შეეშალოს, არაფერს აკეთებს. პირიქით, ჩვენ გვინდა აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა, მაგრამ იმუნური სისტემის არსებობით. რათა დავრწმუნდეთ, რომ ნებისმიერ გამოწვევას სკოლა გაუმკლავდება და მას გააჩნია გამოწვევებთან გამკლავების მექანიზმები. აქედან გამომდინარე, სკოლაში ხარვეზის გამოწვევის არსებობა ახალი მიდგომით არც შეიძლება გახდეს ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი, თუკი სკოლას იდენტიფიცირებული აქვს ეს გამოწვევები და ასევე მან იცის, როგორ გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს“, – განაცხადა 2 ნოემბრის ვებინარის მიმდინარეობისას კახაბერ ერაძემ.
მისი თქმით, ხარისხის უზრუნველყოფა არის მართვის მენეჯმენტის პრინციპი, ხარისხზე ორიენტირებული მართვის პრინციპი, რომელიც გულისხმობს მუდმივ მოძრაობას ხარისხის ციკლსა და წრეზე.
ამ კონტექსტში კახა ერაძემ ისიც აღნიშნა, რომ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ, რეავტორიზაციამდე სკოლა არ უნდა “ისვენებდეს” და სკოლის მმართველებმა უნდა იცოდნენ, რომ იქნება გეგმიური და არაგეგმიური სკოლის მონიტორინგი.
„ავტორიზაცია დაწესებულებებს ენიჭებათ 6 წლის ვადით. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ მან უნდა გაიაროს რეავტორიზაცია, ანუ ხელახალი ავტორიზაცია. საჯარო სკოლები ავტორიზაციას 2023 წლიდან დაიწყებენ და 6 წლის შემდეგ, მათ მოუწევთ ხელახალი ავტორიზაციის გავლა. აბსოლუტურად მცდარია შეხედულება, რომ ავტორიზაცია თუ მივიღეთ ექვსი წელი დავისვენოთ. არა. ავტორიზაცია არაფრის დასასრული არ არის და სწორედ რომ დასაწყისია. მას შემდეგ, რაც დაწესებულებას მიენიჭება ავტორიზებულის სტატუსი, იწყება ძალიან მნიშვნელოვანი შრომა ამ სტატუსის შესანარჩუნებლად – დაგეგმვა, გაუმჯობესება შეფასება, განხორციელება…“, – აღნიშნა ხარისხის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.
როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, უკლებლივ ყველა სკოლამ ავტორიზაცია ახალი სტანდარტების მიხედვით უნდა გაიაროს. სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებისთვის რეგისტრაცია კი 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ასევე იხილეთ:
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და რეგისტრაციის ინსტრუქცია
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოქვეყნდა
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება