რა ვალდებულებები აქვს დირექტორს სკოლის ფილოსოფიის შექმნისთვის, რომელიც ახალი სტანდარტით მოეთხოვება და ავტორიზაციას დაეხმარება
როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, უკლებლივ ყველა სკოლამ ავტორიზაცია ახალი სტანდარტების მიხედვით უნდა გაიაროს. პროცესის დაწყება 2023 წელს არის დაგეგმილი და სწორედ ამ პროცესს უკავშირდება სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტის დამტკიცებაც, რომელმაც როგორც ბრძანებიდან ჩანს, უნდა შექმნას სკოლის ფილოსოფია, რაც ავტორიზაციის მიღებისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება. უფრო ზუსტად, თითოეულ სკოლას თავისი ჩამოყალიბებული ფილოსოფია უნდა ჰქონდეს, რომელიც მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებს…
სკოლის ფილოსოფია კი, როგორც ცვლილებების ავტორები აქამდე გვიხსნიდნენ, უნდა დავინახოთ სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს იქნება მასწავლებლის საქმიანობა, დამხმარე პერსონალის, დარაჯის, მოსწავლის თუ სხვა.
და მაინც, რას ნიშნავს სკოლის ფილოსოფია, რა უნდა გააკეთოს მისი შექმნისთვის დირექტორმა და როგორია მისი როლი?
ამ კითხვაზე პასუხის მოძიებას 27 სექტემბერს გამოქვეყნებულ სკოლის დიორექტორის ახალ სტანდარტში შევეცადეთ, სადაც ახსნილია ის სავალდებულო აქტივობები, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტით დირექტორს მოეთხოვება, თუმცა არაფერია ნათქვამი შესრულების ფორმასა და პროცესზე.
დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ სკოლის დირექტორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სკოლის მისია და დანიშნულება საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში და იცოდეს, როგორ ჩამოაყალიბოს, განავითაროს და მართოს სწავლაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურა, რომელსაც გაიზიარებს და მხარს დაუჭერს სასკოლო საზოგადოება.
ზემოაღნიშნული დათქმის გათვალისწინებით, როგორც მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში წერია, დირექტორის ძალისხმევით უნდა მივიღოთ საგანმანათლებლო დაზესებულება, სადაც სკოლის კონტექსტიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილია სკოლისთვის საგანმანათლებლო მისიისა და ხედვის შემუშავება ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების და საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, მოსწავლეთა აკადემიური წარმატებისა და აღზრდის ხელშესაწყობად; სკოლაში ჩამოყალიბებულია ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავს სასკოლო კულტურას და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობასთან, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან; სასკოლო საზოგადოების წევრები სკოლას აღიქვამენ უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სოციოკულტურულ სივრცედ; უზრუნველყოფილია სკოლის სტრატეგიული მიზნების, მისიის, ხედვის, ღირებულებების ჩამოყალიბებაში სასკოლო საზოგადოების მონაწილეობა და სკოლის მისიის, ხედვის, სტრატეგიული მიზნებისა და ღირებულებების გაზიარება, რომელთა შესაბამისად სკოლაში მოსწავლეებს ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები აკადემიური წარმატებისა და კეთილდღეობისთვის.
დირექტორის პასუხისმგებლობაა სკოლის დაგეგმვა და განვითარება, რაც გულისხმობს სტრატეგიული განვითარების გეგმას (შვიდწლიანი, ციკლური) და მასზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმის არსებობას. სკოლის ლიდერის ვალდებულებაა, რომ დირექტორს გაცნობიერებული ჰქონდეს სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების ციკლური ბუნება და იცოდეს, როგორ განახორციელოს მონიტორინგი და შეფასება დაგეგმილი პროცესების გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის.
გაინტერესებთ რა მიიღწევა ამ მიმართულებით დირექტორის ძალისხმევით?
- უზრუნველყოფილია სკოლის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მეთოდოლოგია, რომელიც განსაზღვრავს სასკოლო საზოგადოებისა და ჩართულ მხარეთა პრიორიტეტებსა და ინტერესების გათვალისწინების მექანიზმებს;
- სკოლის ხედვისა და მისიის შესაბამისად, შემუშავებულია სკოლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა, რომლის შეცვლა და გადასინჯვა ხორციელდება მონაცემების და მტკიცებულებების მოგროვების და გამოყენების საფუძველზე; ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სიახლეების გათვალისწინებით;
- შემუშავებულია სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია;
- მეთოდოლოგიის შესაბამისად ხორციელდება სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგი და შეფასება, მათ შორის სასკოლო საზოგადოებისა და სისტემის სხვა დაინტერესებული მხარეების უკუკავშირის გათვალისწინებით;
- უზრუნველყოფილია სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების შედეგების საჯაროობა; სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების შედეგები გამოყენებულია დაწესებულების შემდგომი განვითარებისთვის.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ახალი სტანდარტით დეტალურად არის გაწერილი დირექტორის ვალდებულებები სასკოლო კურიკულუმის შემუშავება-განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების კუთხით. განსაზღვრულია, რას უნდა მიაღწიოს დირექტორმა სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერისა თუ სკოლის პერსონალის განვითარების მიმართულებით და მთავარი, მოსწავლეთა მხარდაჭერის კუთხით.
მინისტრის ამ ბრძანებით გავიგეთ რა არის ის ვრცელი ჩამონათვალი, რასაც უნდა მიაღწიოს დირექტორმა, მაგრამ როგორ აღწევს ყოველივე ზემოთქმულს სკოლის ხელმძღვანელი, ამაზე მინიშნება დოკუმენტში არ გვხვდება. უნდა ჰქონდეთ თუ არა სკოლის მმართველებს რაიმე სახის დახმარების იმედი, თუნდაც დამატებითი ინსტრუქციის სახით, ამის გარკვევას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან 28 სექტემბერს შევეცადეთ.
ზოგადი განათლების დებარტამენტში განგვიმარტეს, რომ არავითარი დამატებითი ინსტრუქციის გამოქვეყნება არ იგეგმება და სტანდარტი ისეთი ტიპის დოკუმენტია, რომ ის კონკრეტულ გზებს, თუ როგორ მიაღწიოს დირექტორმა მასში მოცემულ მიზნებს, ვერ დადებს. თუმცა იქვე დასძინეს, რომ მომავალში, თუკი ამის საჭიროება დადგება, შესაძლებელია, რომ „სკოლის დირექტორის სტანდარტის გზამკვლევი მომზადდეს“.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ კი EDU.ARIS.GE-ს განუმარტა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში მხარდაჭერას როგორც ტრენინგების, ისე ვორქშოფების სახით სკოლები მიიღებენ, კონკრეტულად დირექტორებისთვის განსაზღვრული კონსულტაციები კი გაწერილი არ არის.
„ავტორიზაციის პროცესში ჩვენ არ ვაფასებთ დირექტორს. ჩვენგან სკოლები მიიღებენ მხარდაჭერას და თუ დირექტორია სკოლის ხარისხზე პასუხისმგებელი, მაშინ დირექტორი მიიღებს. ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით, ჩვენ ისედაც ვაკეთებთ ძალიან დეტალურ გზამკვლევს. მეორე, ეს იქნება სისტემური ტრენინგები, რომელსაც ყველა სკოლა გაივლის, მაგრამ აქ პირდაპირი სამიზნე დირექტორი კი არ არის, არამედ სკოლა, ის პირი, რომელსაც დირექტორი განსაზღვრავს პასუხისმგებლად ამ საკითხებში. ასე რომ, რა თქმა უნდა, სკოლა მიიღებს მხარდაჭერას, ჩვენ სკოლაზე ვართ ორიენტირებული და სკოლისგან ველოდებით სტანდარტებზე შესაბამისობას და არა დირექტორისგან. ის ადმინისტრაციული ხელმძღვანელია და მან უნდა დააორგანიზოს, როგორ უზრუნველყოფს ამ შესაბამისობას. ჩვენგან სკოლას ექნება დეტალური გზამკვლევები თითოეულ სტანდარტთან მიმართებით, სადაც საუკეთესო პრაქტიკები იქნება მოცემული. დირექტორმა ეს უნდა გამოიყენოს სავარაუდოდ, როგორც გაიდლაინი, გზამკვლევი იმისათვის, რომ სკოლის წარმატება იქნას უზრუნველყოფილი“, – განგვიცხადა კახაბერ ერაძემ.
და ბოლოს, საჯარო სკოლის დირექტორის ან მოვალეობის შემსრულებლის ანაზღაურება დღესდღეობით 650 ლარიდან იწყება და 2800-მდე მერყეობს(თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორთან გადამოწმებული ინფორმაციით. ავტ.) ხელფასის ოდენობა კი სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული და მათი კონტინგენტის პროპორციულად იზრდება. მაღალკონტინგენტიანი სკოლების რაოდენობა საქართველოში დიდი არ არის. შესაბამისად, იქამდე, ვიდრე ამ ფრიად საპასუხისმგებლო საქმის კეთებას შეუდგებით, ვფიქრობთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ. უკვე დირექტორის პოზიციაზე მყოფი, სისტემასთან ურთიერთობაში “გამოცდილი კადრები” კი, ისევ იოლად მოერგებიან თუ არა ახალ რეალობას, ავტორიზაციის პროცესის დაწყების შემდეგ გამოჩნდება.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება