GE

CIU-ს დელეგაცია DAAD-HealthTour Project-ის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) დელეგაცია დაესწრო DAAD-HealthTour Project-ის დასკვნით ღონისძიებას, რომელიც გერმანიის ქალაქ დეგენდორფში გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ 20 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, პროექტის შედეგების შეჯამება, პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების ერთმანეთთან გაცნობა და მათი ინსტიტუციური პრეზენტაციები განხორციელდა. განსაკუთრებული ყურადღება „ერასმუსის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს დაეთმო.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ვორქშოპი ორმაგი დიპლომის პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და დეგენდორფის ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (Deggendorf Institute of Technology) შორის სამომავლო აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენდა: რექტორი კახაბერ კორძაია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა გედევანიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სვეტლანა კირაკოსიანი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის კოორდინატორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მაია უკლება იყო.

აღსანიშნავია, რომ DAAD-HealthTour Project დაფინანსდა 2022 წელს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD – German Academic Exchange Service) მიერ და მას დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (Deggendorf Institute of Technology, Germany) ხელმძღვანელობს.

პროექტის ფარგლებში, ექვსი უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობით ერთობლივი სასწავლო კურსი „Medical Wellness & Spa Management“ შეიქმნა. აღნიშნული კურსის ფარგლებში ჩატარდა ონლაინ ლექციების ციკლი, რომელიც მოიცავდა 15 თემას და რომელსაც პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების პროფესორები უძღვებოდნენ. პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა გამაჯანსაღებელი და სპა ტურიზმის მიმართულებით, რომელშიც მონაწილე უნივერსიტეტების პროფესორებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული სტუდენტებიც, რაც ხელს უწყობდა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ კვლევებთან ინტეგრირებას.

პროექტის განხორციელების შედეგად ყოველწლიურად ჩატარდა სეზონური სკოლა გერმანიაში, რომელშიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამისა და მედიცინის ფაკულტეტის 25 სტუდენტი მონაწილეობდა. აღნიშნულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტუდენტთა საერთაშორისო გამოცდილების გამდიდრებასა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური