CIU-მ პროფესორების მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას წიგნი: „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი – ცხოვრება და ღვაწლი“ გამოსცა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) პროფესორების მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას წიგნი – „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი – ცხოვრება და ღვაწლი“ (გამომცემლობა „უნივერსალი“) გამოსცა, რომლის რედაქტორია გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, წინასიტყვაობა ეკუთვნის ეკატერინე ანდრონიკოვას.
მონოგრაფია ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებით მემკვიდრეობას – იურისტს, რომლის პროფესიული მოღვაწეობა მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს ქართული სამართლებრივი აზროვნების უახლეს ისტორიაში. ნაშრომში წარმოდგენილია ანდრონიკაშვილის სამართლებრივი იდეების სისტემური ანალიზი.
წიგნი გამოირჩევა მეთოდოლოგიური მრავალფეროვნებით. გამოყენებულია აქამდე უცნობი საარქივო მასალები, ოფიციალური დოკუმენტები თუ ეპოქის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი სხვა წყაროები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევიან ანდრონიკაშვილის მოღვაწეობა შეფასდეს ერთიან, ისტორიულ-სამართლებრივ ჭრილში. მასში პირველად არის გამოკვეთილი მისი წვლილი სამართლის თეორიისა თუ პრაქტიკის განვითარებაში.
განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ლუარსაბ ანდრონიკაშვილის იდეებს, რომლებიც თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებებია. ნაჩვენებია, რომ ანდრონიკაშვილის შეხედულებები ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად, დღესაც ინარჩუნებენ აქტუალობას.
ნაშრომის სამეცნიერო ღირებულება გამოიხატება იმითაც, რომ იგი ქმნის საფუძველს შემდგომი ინტერდისციპლინური კვლევებისთვის სამართლის ისტორიისა თუ, ზოგადად, სამართლებრივი კულტურის მიმართულებით. ამასთან, წიგნი ხელს შეუწყობს ეროვნული სამართლებრივი მეხსიერების შენარჩუნებას.
ასევე განსაკუთრებით გამოკვეთილია სამართლის ნორმის ინტერპრეტაციის სფეროში ლუარსაბ ანდრონიკაშვილის უნიკალური უნარი. დასაბუთებულია, რომ იგი სამართლის ნორმას არ აღიქვამდა, როგორც ფორმალურ და სტატიკურ მოვლენას, არამედ, როგორც სამართლებრივი აზროვნების ცოცხალ ინსტრუმენტს.
გამოჩენილი იურისტის ინტერპრეტაციული ოსტატობა აღიარებული იყო მის თანადროულთა მიერ. წიგნში მოყვანილია იმდროინდელი სამართალმცოდნეების, საზოგადო მოღვაწეთა შეფასებები, წერილობითი მოსაზრებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ანდრონიკაშვილი იყო სამართლის ყველაზე ავტორიტეტული ჰერმენევტიკოსი.
ლუარსაბ ანდრონიკაშვილი წარმოჩენილია, როგორც სახელმოხვეჭილი პოლიტიკური დამცველი. მისი პრაქტიკა ორგანულად იყო დაკავშირებული პოლიტიკური თავისუფლების და ადამიანის ღირსების დაცვის იდეებთან.
წიგნში მთელი სიზუსტით არის განხილული არაერთი საქმე და მისი სამართლებრივი პოზიცია. დაცვისას მას მოქმედი ნორმების ფორმალურ განმარტებასთან ერთად, მომარჯვებული ჰქონდა პოლიტიკური პროცესების სამართლებრივი შეფასების მეთოდი. იმხანად ეს პიროვნულ გამბედაობას და პროფესიულ სიმტკიცეს მოითხოვდა. ნაჩვენებია, რომ ანდრონიკაშვილისათვის სამართალი იყო იმ ეპოქის პოლიტიკური რეჟიმის (თვითმპყრობელობის) საწინააღმდეგო ინსტრუმენტი. მას შესწევდა უნარი, სამართლებრივი დისკურსი პოლიტიკური დაცვის ასპარეზად გარდაექმნა ისე, რომ არ გასცდენოდა იურიდიული არგუმენტაციის ჩარჩოებს. სამართლის ერთგულებასა და პოლიტიკური რეალობის კრიტიკულ გააზრებას შორის ბალანსი, განაპირობებდა დაცვის ეფექტიანობას და ავტორიტეტს.
ლუარსაბ ანდრონიკაშვილი ქართული ადვოკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი და განმავითარებელია. იგი აქტიურად იყო ჩართული ადვოკატურის პროფესიული კორპუსის ავტორიტეტის განმტკიცებაში, საადვოკატო ეთიკისა და პროცესუალური სტანდარტების ჩამოყალიბებაში.
ლუარსაბ ანდრონიკაშვილმა თვალსაჩინო გავლენა იქონია საქართველოში სამართლის ფილოსოფიური აზროვნების ჩამოყალიბებაზე. ნაშრომში დასაბუთებულია ის, რომ მისი ინტელექტუალური მოღვაწეობა სამართლის დოგმატიკის გარდა, მოიცავდა სამართლის ფილოსოფიის ფუნდამენტურ საკითხებზე სისტემურ მსჯელობას.
ანდრონიკაშვილი იყო პირველი იურისტი საქართველოში, რომელმაც დაიწყო ფილოსოფიური საკითხების განხილვა საჯარო და აკადემიურ სივრცეში. მისი ლექციების მიხედვით, სამართალი არა მარტო ნორმათა ერთობლიობაა, არამედ ისტორიულად ჩამოყალიბებული, გონებით განსაზღვრული და ღირებულებებზე დაფუძნებული ლოგიკური სისტემაა.
გამოცემაში აღნიშნულია, რომ ანდრონიკაშვილის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა განიცდის ჰეგელის ფილოსოფიის გავლენას. ანდრონიკაშვილი იყო სამართლის ჰეგელისეული ფილოსოფიის ძირითადი კატეგორიებით ნასაზრდოები. იგი გახლდათ მისი იდეების შემოქმედებითი ინტერპრეტატორი.
ამრიგად, წიგნი დამაჯერებლად წარმოაჩენს ლუარსაბ ანდრონიკაშვილს, როგორც სამართლის ფილოსოფოსს, რომელმაც პირველმა დაიწყო ფილოსოფიურ-სამართლებრივი საკითხების სისტემური გაშუქება საქართველოში.
პირველად არის ნაჩვენები ლუარსაბ ანდრონიკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა. მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი 1906-1912 წლებში მის მონაწილეობას რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში, რომელიც ნაშრომში წარმოდგენილია, როგორც ანდრონიკაშვილის პოლიტიკური აქტივობის მცდელობა და მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობის ლოგიკური გაგრძელება.
დასაბუთებულია, რომ არჩევნებში ანდრონიკაშვილის ჩართულობა დაეფუძნა მკაფიო ღირებულებით სტანდარტებს და არა პოლიტიკურ კონიუნქტურას. საარქივო წყაროების, აქამდე უცნობი და, მათ შორის, მივიწყებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, პირველად არის ნაჩვენები, რომ ანდრონიკაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული იდეების მიმდევარია. მისთვის მთავარია ეროვნული თვითმყოფობის დაცვა და საქართველოსთვის პოლიტიკური ავტონომიის მინიჭება.
ნაშრომში ღირსეული ადგილი ეთმობა ლუარსაბ ანდრონიკაშვილის საქმიანობას რუსეთის იმპერიის სენატში, რომელიც იმ დროს უზენაესი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა. დოკუმენტური წყაროებით დასაბუთებულია, რომ სენატის მოსამართლედ ანდრონიკაშვილის დანიშვნა, მისი პროფესიული ავტორიტეტის ოფიციალური დასტური იყო იმპერიის მასშტაბით.
სენატის სხდომებზე ანდრონიკაშვილის გამოსვლები, გამოირჩეოდა სამართლებრივი სიზუსტითა და არგუმენტაციის ლოგიკით. წიგნში ნათქვამია, რომ ანდრონიკაშვილის სამოსამართლო მოღვაწეობა ორგანულად დაუკავშირდა სამართლის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობასა და საადვოკატო გამოცდილებას. ნაჩვენებია, რომ მოსამართლის რანგში მან შეინარჩუნა სამართლისადმი ღირებულებითი მიდგომა.
ლუარსაბ ანდრონიკაშვილი იყო საქართველოში უმაღლესი იურიდიული განათლებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ფუძემდებელი. მან ჩამოაყალიბა იურიდიული განათლების კონცეპტუალური, სტრუქტურული და შინაარსობრივი საფუძვლები.
ავტორები ეყრდნობიან საარქივო პირველწყაროებს. ანდრონიკაშვილი აქტიურად მონაწილეობდა იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და აკადემიური სტანდარტების განსაზღვრაში. სწორედ მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა სამართლის სწავლების ისეთი მოდელი, რომელიც დამახასიათებელი იყო ევროპული უნივერსიტეტების აკადემიური ტრადიციებისათვის.
ანდრონიკაშვილის დიდი პედაგოგიური მოღვაწეობა საფუძვლად დაედო სამართლის სფეროში პირველ აკადემიურ საზოგადოებას საქართველოში. დამოწმებული ახალი წყაროები ადასტურებს, რომ მან აღზარდა იურისტთა ის თაობა, რომელმაც შემდგომში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამართლის თეორიისა და პრაქტიკის განვითარებაში.
ამრიგად, ნაშრომი სრულყოფილად წარმოაჩენს ლუარსაბ ანდრონიკაშვილს, როგორც თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამაარსებელსა და იურიდიული განათლების ფუძემდებელს. ამ ასპექტით წიგნი მნიშვნელოვნად ამდიდრებს ეროვნული განათლების ისტორიას.
ნაშრომში აღწერილია, რომ, საყოველთაო აღიარების მიუხედავად, ანდრონიკაშვილი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. იგი უნივერსიტეტის დამაარსებლებთან ერთად, რეპრესიების სამიზნე გახდა. წიგნში პირველადაა მთელი სიზუსტით ნაჩვენები, თუ როგორ გადაურჩა იგი დახვრეტას. ჟამიანობის მიუხედავად, მან შეძლო აკადემიური მოღვაწეობის გაგრძელება, სამართლებრივი მსოფლმხედველობის ერთგულება და პირადი პრინციპების დაცვა.
ნაშრომში ლუარსაბ ანდრონიკაშვილი წარმოდგენილია, როგორც მრავალმხრივი ინტელექტუალი. იგი იყო თეატრალური კულტურის, ეროვნული და მსოფლიო ლიტერატურის, პოეზიის და მხატვრობის დიდი მცოდნე. ანდრონიკაშვილი იცნობდა იმ ეპოქის გამორჩეულ მწერლებს, მხატვრებს, თეატრალებს. ამ ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს მის გონებრივ განვითარებაზე, მსოფლმხედველობაზე და ინტელექტის ფორმირებაზე. ამრიგად, წიგნი დამაჯერებლად წარმოაჩენს ლუარსაბ ანდრონიკაშვილს, როგორც უნივერსალურ სწავლულს.
ნაშრომი იმ ეპოქის ერთგვარი „სახისებრი სარკეა“. ავტორები დეტალურად აღწერენ ანდრონიკაშვილის ეპოქას პოლიტიკური ქარტეხილებით, წინააღმდეგობრივი და სწრაფი საზოგადოებრივი დინამიკით. ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ღვაწლი შესწავლილია ეპოქის პოლიტიკური პროცესების კონტექსტში.
წიგნი არა მარტო სისტემურად წარმოაჩენს ლუარსაბ ანდრონიკაშვილის პროფესიული მოღვაწეობისა და ინტელექტუალური მემკვიდრეობის შესახებ უტყუარ ფაქტებს, არამედ მკაფიოდ განსაზღვრავს მის მნიშვნელობას მომავალი თაობებისათვის.
ავტორთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ წიგნში გამოყენებულია ეროვნული და უცხოური არქივების, მუზეუმებისა და პირადი კოლექციების დოკუმენტები, რომლებიც საშუალებას აძლევს მკითხველს მყარი წარმოდგენა შეუქმნას ლუარსაბ ანდრონიკაშვილის მოღვაწეობის შესახებ.
წიგნში დასაბუთებულია, რომ ლუარსაბ ანდრონიკაშვილი არ ყოფილა საბჭოთა იურისტი, რომელზეც მეტყველებს მისი ლექციები, საჯარო გამოსვლები თუ პროფესიული პრაქტიკა. ესენი ყოველივე ნასაზრდოები იყო ევროპული სამართლის ტრადიციებითა და სამართლის იდეალებით. ლუარსაბ ანდრონიკაშვილი არასდროს მოქცეულა საბჭოთა დოქტრინების ტყვეობაში. იგი სამართლის უნივერსალურ ღირებულებებს უწევდა პროპაგანდას.
წიგნი მნიშვნელოვანი წვლილის შემტანია სამართლის პერსონოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი დარგის განვითარებაში. ნაშრომში წარმოჩენილია, რომ სამართლის განვითარება, ასევე განისაზღვრება იურისტთა დოქტრინალური შეხედულებებით. ამ მხრივ, წიგნი მეთოდოლოგიურია სამართლის პერსონოლოგიისთვის და საფუძველს უყრის სამართალმცოდნეობის პერსპექტიულ მიმართულებას.
დიდად საინტერესოა ანდრონიკაშვილის ახალი ფოტოდოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენენ ნაშრომის არა მარტო ვიზუალურ მხარეს, არამედ მნიშვნელოვან სამეცნიერო წყაროებსაც, რომლებიც აფართოვებენ ანდრონიკაშვილის პიროვნების, ეპოქის სოციალური, პოლიტიკური თუ კულტურული გარემოს შესახებ მკითხველის აღქმას.
პროფესორების მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ნაშრომი არა მარტო ასახავს და გამოხატავს ქართული მეცნიერული და საგანმანათლებლო მოღვაწეობის მაღალ დონეს, არამედ იმავდროულად ახალ მიჯნებს სახავს ამ მიმართულებით შემდგომი განვითარებისათვის. ამრიგად, წარმოდგენილი წიგნი სოლიდური სამეცნიერო და კულტურული ღირებულების მქონე ნაშრომია.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომიის (MagDi) ოპერაცია დაინერგა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს წარმომადგენლები აშხაბადში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და გამოფენაში მონაწილეობდნენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი