GE

CIU-მ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა

19-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა.

უნივერსიტეტის მიერ 28 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინიციატივის მიზანს მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა, ცოდნის გაღრმავება და თანამედროვე აკადემიური გარემოს გაცნობა წარმოადგენდა.

საგანმანათლებლო ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეებისთვის სხვადასხვა დარგობრივი ტრენინგები გაიმართა:

1. „დაეწიე ბაზარს“ – სესიას გაუძღვა ასოცირებული პროფესორი ნინო რუხაია. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციებზე, მოთხოვნად უნარებსა და კარიერული დაგეგმვის მეთოდოლოგიაზე;

2. „როგორ ვრცელდება მიკრობები“ – მოწვეულმა ლექტორმა, დავით მახარობლიძემ მოსწავლეებს მიკრობიოლოგიის საფუძვლები და ინფექციების გავრცელების მექანიზმები გააცნო;

3. „ანატომიური მოგზაურობა“ – ასისტენტ პროფესორმა, გიორგი აფციაურმა მონაწილეებს ადამიანის ანატომიის საინტერესო და შემეცნებითი მიმოხილვა წარუდგინა;

4. „საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია“ – ასოცირებულმა პროფესორებმა – ალიკა გუჩუამ და გიორგი ფარეშიშვილმა, განიხილეს გლობალური პოლიტიკის ძირითადი ასპექტები, თანამედროვე დიპლომატიური გამოწვევები და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესები;

5. „თანამედროვე მედიის გამოწვევები და მედია სწავლების პრიორიტეტები“ – ასოცირებულმა პროფესორმა, სულხან მელაძემ ყურადღება გაამახვილა ციფრული მედიის განვითარებაზე, საინფორმაციო ნაკადების მართვასა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე.

პროექტმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, მიეღოთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეში უშუალო დიალოგი დაემყარებინათ დარგის სპეციალისტებთან. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ახალგაზრდების მხარდასაჭერად, მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური