GE

CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) პროფესორები – ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა, კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის ეგიდით, პოლონეთის რესპუბლიკის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს.

ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 28 იანვარს, თავად უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა.

ვახტანგ მაისაია არის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების, ასევე გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. იგი ამავდროულად გახლავთ პოლონეთში გამომავალი სამხედრო-პოლიტიკური სამეცნიერო ჟურნალის, „Ante Portas – Security Studies“-ის მთავარი რედაქტორი.

ალიკა გუჩუა არის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. ის ასევე ხელმძღვანელობს CIU-ს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს და არის ჟურნალ „Ante Portas – Security Studies“-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე.

პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაცია (PPSA) შეიქმნა პოლიტიკის მეცნიერების და პოლიტიკის შესახებ ცოდნის გავრცელებაში ჩართული ყველა პოლონური სამეცნიერო საზოგადოების გასაერთიანებლად. PPSA მხარს უჭერს პოლონეთის პოლიტოლოგიის ინტეგრაციას გლობალურ პოლიტოლოგიის სფეროსთან. 2012 წლის იანვრიდან პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაცია ევროპის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის (ECPSA) წევრია. აღნიშნული ასოციაცია მოიცავს ევროპის კონტინენტს და აერთიანებს ეროვნულ პოლიტიკურ მეცნიერებათა საზოგადოებებს. ორგანიზაციის მიზანია აკადემიურ დონეზე პოლიტიკურ მეცნიერებათა კვლევისა და სასწავლო გეგმების ჰარმონიზაციის მხარდაჭერა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური