გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
საქართველოში ახალი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – დიპლომატიის აკადემია იქმნება, რომელმაც, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ფუნქციონირება 2027 წლის სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 8 მაისს, ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებით. მისგან ასევე გავიგეთ, რომ აკადემია, რომელმაც დიპლომატიური სამსახურისთვის მაღალკვალიფიციური კადრები უნდა მოამზადოს, განათლების სამინისტროს ჩართულობით ავტორიზაციას გაივლის და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.
გავიგეთ ისიც, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონცეფცია უკვე მზად არის და მასზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმუშავა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჯერჯერობით არც კონცეფცია გასაჯაროვებულა და არც დოკუმენტთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE-ს მიერ დასმულ კითხვებზე მიგვიღია პასუხი დიპლომატიური უწყებიდან. არადა, კითხვა ბევრია, მათ შორის კი უმნიშვნელოვანესია – რა კონკრეტული პროგრამები ექნება აკადემიას და „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპიდან გამომდინარე, გაუქმდება თუ არა ამ მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
კითხვები დავუსვით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს უმაღლესი განათლების მიმართულებით, ზვიად გაბისონიას, რომელმაც 14 მაისს, EDU.ARIS.GE-ს უთხრა, რომ კონცეფცია საგარეო უწყებას მზად აქვს, თუმცა თავად მხოლოდ პროექტის დონეზე იცნობს დოკუმენტს, რადგან საბოლოო ვარიანტი განათლების სამინისტროში ჯერ არ შესულა:
„დიპლომატიის აკადემიის კონცეფცია, რომელიც შეთანხმებულია მთავრობასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მზად აქვს. განათლების სამინისტრო ჩართულია ნაწილობრივ – ვგულისხმობ ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესს, როგორც ყველა უნივერსიტეტთან მიმართებაში. ეს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თბილისში იქნება… კონცეფცია ნანახი მაქვს პროექტის დონეზე მხოლოდ. ჩვენთან ჯერ არ არის შემოსული“.
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროს არ წარმოუდგენია, თუ რა კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამები იქნება აკადემიაში, თუმცა როგორც თავად ვარაუდობს, ახალ უმაღლესს ექნება „ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიასთან არის დაკავშირებული და რომელსაც აკადემია აითვისებს – მათზეა დამოკიდებული“.
კითხვას – ნიშნავს თუ არა ეს, რომ დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებული ყველა პროგრამა, რომლებსაც ახლა თბილისში (მათ შორის თსუ) სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტები ახორციელებენ, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის გათვალისწინებით, ამ უნივერსიტეტებში გაუქმდება და დიპლომატიის აკადემიაში გადავა? – ზვიად გაბისონიამ ასე უპასუხა:
„გაუქმებით ამ წუთას არავის არაფერს ვუუქმებთ… როდესაც აკადემია ფუნქციონირებას დაიწყებს, ვნახავთ, ის პროგრამები, რომლებიც იქ იქნება და ის პროგრამა, რომელიც რომელიმე სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება… თსუ-ის აქვს მსგავსი რამდენიმე პროგრამა, როგორც მახსოვს. სხვა უნივერსიტეტს, მე მგონი, არ აქვს… ამ ეტაპზე, რატომ მიჭირს [პასუხი] გეტყვით – არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ის პროგრამები, რომლის განვითარებასაც გეგმავენ. დიპლომატია ცალკე პროგრამა ხომ არ არის? არის საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტოლოგია, ევროპისმცოდნეობა, აზიისმცოდნეობა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვარაუდით, ის [დიპლომატიის აკადემია] ძალიან დაემგვანება სხვა სპეციალიზებულ სამინისტროებთან არსებულ უნივერსიტეტებს. ამიტომ, არ მგონია, რომ იქ იყოს წარმოდგენილი ფართომასშტაბიანი პროგრამები, რომლებიც რომელიმე კლასიკურ სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაფარავს“.
ზვიად გაბისონიას თქმით, განათლების სამინისტროს არ აქვს მოლოდინი, რომ ახალ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, უნივერსალური ტიპის პროგრამები ექნება, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ დიპლომატიის აკადემიამ სტუდენტები მიიღოს ისეთ პროგრამებზეც, რომლებიც სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ აქვთ.
„ამ საკითხზე [პროგრამების გაუქმება-არგაუქმება] შეიძლება მხოლოდ მომავალ წელს ვისაუბროთ. სამწუხაროდ, ჯერ უბრალოდ არ ვიცით… საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააინიცირა და მთავრობამ მხარი დაუჭირა. ახლა საჭირო იქნება ამის ნორმატიულ აქტებში ასახვა იმიტომ, რომ ასეთი სსიპ-ი არ არსებობს, მოგეხსენებათ. შემდეგ უნდა დაიწყონ პროგრამების მომზადება. ეს პროგრამები, როდესაც იმ ეტაპამდე მივა, რომ ავტორიზაცია-აკრედიტაციისთვის მზად იქნება, აკადემიამ უნდა წარადგინოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. აი, მაშინ შეგვეძლება საუბარი. ჩვენი მოლოდინი არ არის, რომ უნივერსალური ტიპის პროგრამები იქნება – ვერ იქნება იმიტომ, რომ აკადემია არის კონკრეტული, ძალიან ვიწრო მიმართულების. რაღაც ნაწილი გვაქვს დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თუმცა შეიძლება, ისეთი პროფესიებიც იყოს, რაც არავის აქვს“, – უთხრა განათლების მინისტრის მოადგილემ EDU.ARIS.GE-ს.
ასევე იხილეთ:
საქართველოში დიპლომატიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იქმნება – მთავრობის გადაწყვეტილება
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
400 ათასი ლარი გელათის მეცნიერებათა აკადემიას, 350 ათასი ლარი გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტს – განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
by მოსწავლის მშობელს
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო