თეთრი პერანგების დღე 2026 – „ბოლო ზარი“, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
საქართველოს საჯარო სკოლებში დღეს, 20 მაისს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. სკოლის ეზოებში დილიდან განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. ყველგან ერთდროულად გულისამაჩუყებელი და საზეიმო განწყობა სუფევდა.
კურსდამთავრებულები მშობლიურ სკოლასთან გამოსამშვიდობებლად თეთრი პერანგებითა და წითელი ვარდებით მიდიან, ემოციების გამოხატვას არ ერიდებიან და ერთი დიდი თავგადასავლის დასრულებასთან ერთად, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას აღნიშნავენ.
რა არის მათი მთავარი სათქმელი დღეს, როგორ აფასებენ სკოლაში გატარებულ 12 წელს და რას გეგმავენ სამომავლოდ – EDU.ARIS.GE-მ ამ და სხვა კითხვებზე თბილისის 1-ელი კლასიკური გიმნაზიის უკვე კურსდამთავრებულების პასუხები მოისმინა.
ჩვენი პირველი რესპონდენტი მიხეილ სხულუხიაა, რომელსაც სურს, რომ წელს, პოლიტიკური მიმართულებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდეს. მიხეილი ჩვენს შეკითხვებს სიამოვნებით პასუხობს და თან, თანაკლასელებს თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერებს უტოვებს:
– როგორ აფასებ სკოლაში გატარებულ 12 წელს და რა არის ის, რაც სასკოლო ცხოვრებიდან არასდროს დაგავიწყდება?
– სკოლა პირველი ყველაზე დიდი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში და ვთვლი, რომ ეს 12 წელი გამომადგა, ამერჩია ვექტორი. ბევრი კარგი მომენტი მახსენდება და ბევრი ცუდიც, მაგრამ როდესაც რაღაც წარსულს ბარდება, ყოველთვის მხოლოდ კარგი გვახსენდება. კარგს რასაც გავიხსენებ, კლასელებთან ერთად დასვენებებზე გატარებული დროა – თამაშები, რომლითაც მასწავლებლებსა თუ მანდატურებს ნერვებს ვუშლიდით. ეს არის ყველაზე დიდი ემოციის ნაწილი – 5 წუთში რასაც ვასწრებდით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის.
– შენს მასწავლებლებს რას ეტყოდი?
– მეტად გახსნილები იყვნენ ბავშვებთან. გაკვეთილის პროცესი არ არის მხოლოდ საგნის ახსნა, ეს არის ურთიერთობა. მასწავლებლებს ვურჩევდი, რომ მოსწავლეებთან უფრო მეტად მეგობრულები იყვნენ.
– ახლა რომ პირველ კლასში შედიოდე…
– არ მინდა ამ რეალობაში გაღვიძება თავიდან. უკვე დამღლელია, ვეღარ გავივლიდი.
– როგორ ფიქრობ, სწავლის ძირი თუ მწარეა, კენწეროში გატკბილდება?
– რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ განათლების ფასი უაღრესად დიდია. რეალურად, განათლება არის ის, რაც ადამიანს ასაზრდოებს და საბოლოოდ, სწორ ღირებულებებსაც უყალიბებს. აქედან გამომდინარე, კი, რთულია, მაგრამ [განათლება] უაღრესად საჭიროა.
– შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა თუ გალაკტიონი?
– ილიას ავირჩევდი, რადგან ილია ჭავჭავაძე ჩემთვის პირველ რიგში იყო პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და შემდეგ მწერალი. მიმაჩნია, რომ მასზე დიდი ადამიანი ჩვენ არ გვყოლია.
– და ბოლოს, რა იქნება შენი სათქმელი მომავალი მეთორმეტე კლასელებისთვის?
– იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა სკოლაში არიან, ჩემი სათქმელი იქნება, რომ სკოლა პირველ რიგში არის ის ადგილი, სადაც ჩვენ ვიღებთ განათლებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ვსწავლობთ, ადამიანური ურთიერთობებია. მინდა, რომ ყველა მოსწავლეს ეს ვუთხრა – ადამიანური ურთიერთობები ყველაზე მეტად დააფასონ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაიცნონ, რადგან ყველაფერი ურთიერთობებით იწყება.
EDU.ARIS.GE-ს კიდევ ერთი რესპონდენტი მარიამ ცხვედაძეა, რომელსაც პერანგზე ასეთი წარწერა აქვს – „Stay forever: ბავშვივით წმინდა“. მარიამიც ენთუზიაზმით გვესაუბრება და გვიმხელს, რომ უნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალი ისწავლოს:
– რა არის ის, რაც განვლილი 12 წლიდან არ დაგავიწყდება?
– ერთხელ ღამე გადავწყვიტეთ კლასელებმა, რომ მეორე დღეს სკოლაში მოგვეტანა სახლიდან საჭმელები და დასვენებაზე გვექეიფა. ღამის პირველ საათზე გამოვაცხობინე ბებიაჩემს ხაჭაპურები და ლობიანები. ჩემმა მეგობრებმა ქათამი შეწვეს, ზოგმა სალათა გააკეთა. მოვიტანეთ ეს ყველაფერი და სკოლაში დასვენებაზე სუფრა გავშალეთ. აი, ეს ამბავი არასდროს დამავიწყდება.
– შენს მასწავლებლებს რას ეტყოდი?
– ვეტყვი, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში და ძალიან ვაფასებ მათ. დავამატებ ასევე, რომ წლები, რომელიც სკოლაში გავატარე, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო. ცხოვრების მანძილზე, შესაძლოა, უკეთესი მოგონებებიც შევქმნა, მაგრამ ასეთი ლაღი და უდარდელი პერიოდი, არ მგონია, რომ როდისმე კიდევ დამიდგეს.
– ახლა რომ პირველ კლასში შედიოდე…
– ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ასეთი კარგი და ლაღი წლები ჯერ კიდევ წინ მექნებოდა. ბედნიერი ვიქნებოდი იმიტომ, რომ არა უკვე მოგონება, მომავალი იქნებოდა.
– რა იქნება შენი სათქმელი მომავალი მეთორმეტე კლასელებისთვის…
– ვეტყოდი, რომ დატკბნენ სკოლის წლებით, რადგან აუცილებლად მოენატრებათ.
ასევე იხილეთ:
პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის სურვილები სკოლადამთავრებულებს
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
400 ათასი ლარი გელათის მეცნიერებათა აკადემიას, 350 ათასი ლარი გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტს – განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
by მოსწავლის მშობელს
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო







