„კოლხური თეთრიდან ლარამდე“ – CIU-ში დოკუმენტური ფილმების ციკლის – „ქართული ფულის თავგადასავალი – 30 ამბავი“ პრეზენტაცია გაიმართა
20 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო-პოპულარული, დოკუმენტური ფილმების ციკლის – „ქართული ფულის თავგადასავალი – 30 ამბავი“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი საქართველოში ეროვნული ვალუტის (ლარი) შემოღებიდან 30 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება და ანტიკური ეპოქიდან დღემდე, კოლხური თეთრიდან ლარამდე – ქართული ფულის ოცდაექვსსაუკუნოვან ისტორიას ასახავს.
დოკუმენტური ფილმების ციკლი საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისიო უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობით, CIU მულტიმედია ცენტრის ბაზაზე განხორციელდა.
სამეცნიერო-პოპულარული, დოკუმენტური ფილმების ციკლი 30 ნაწილისგან შედგება. თითოეული ეპიზოდის ქრონომეტრაჟი 5-დან 15 წუთამდე მერყეობს. ყოველი ნაწილი შინაარსობრივი და აუდიოვიზუალური მახასიათებლებით დამოუკიდებელი ფილმია, რომელიც ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთს ასახავს. უფრო კონკრეტულად კი, მედიაპროექტი მოიცავს ინფორმაციას საქართველოში ქართული ფულის ემისიისა და უცხოური ფულის მიმოქცევის, მეფე-მთავართა ნუმიზმატიკური მემკვიდრეობის, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ქართული ნუმიზმატიკის, როგორც სამეცნიერო დარგის განვითარების, საქართველოში საფინანსო ინსტიტუტების ჩამოყალიბების, საქართველოს ფულად-საკრედიტო ისტორიის, მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე ისტორიული პროცესებისა და გამოწვევების შესახებ.
„ქართული ფულის თავგადასავალი – 30 ამბავი“ საქართველოს ფულად-საკრედიტო ისტორიის, საბანკო-საფინანსო განვითარებისა და ეროვნული ვალუტის ტრანსფორმაციის შესახებ არსებულ სანდო, დოკუმენტურად დამოწმებულ მასალათა სისტემატიზაციისა და ვიზუალური რეპრეზენტაციის ერთ-ერთ პირველი, მასშტაბური მცდელობაა. მედიაპროექტზე მუშაობისას დამუშავდა 30-მდე სამეცნიერო წყარო და პერიოდული გამოცემა. ფილმებში გამოყენებულია საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული საარქივო მასალები, არტეფაქტები და ნუმიზმატიკური მემკვიდრეობა.
„ქართული ფულის თავგადასავალი – 30 ამბავი“ სრულად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსებით, მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განხორციელდა.
CIU-ს პანორამულ სივრცეში გამართულ პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებამ პროექტის ვიდეოანოტაცია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბონის შემოღებისადმი მიძღვნილი სერია იხილა.
ღონისძიებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი, საბჭოს წევრები და დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმართა შორის ასევე იყვნენ „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ასევე აკადემიური წრეების, კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების წარმომადგენლები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესურა.
პრეზენტაცია CIU-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა. აუდიტორიას პროექტი უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერმა, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ წარუდგინა. დოკუმენტური ფილმების ციკლის იდეის ინსპირაციასა და შემოქმედებით ასპექტებზე მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, სულხან მელაძემ ისაუბრა. აუდიტორიას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემაც მიმართეს.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს არის პირველი მცდელობა, ქრონოლოგიურად იყოს აღწერილი ქართული ფულის განვითარება, თავგადასავლები, ბევრი საინტერესო ისტორია, რაც დაკავშირებულია ქართულ ფულთან. სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის მულტიმედია ცენტრს ლარის შესახებ გამორჩეული ფილმის შექმნისთვის:
„ჩვენ, ეროვნული ბანკი, მხარს ვუჭერთ ქართულ ლართან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობას, იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს ვიზეიმეთ ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილე. ქართული ლარის მიმართ ნდობა მუდმივად იზრდება. მადლობა, რომ ამ მოკლე ფილმების სერიითაც აღვნიშნეთ ეს მოვლენა, რასაც ჰქვია ქართული ლარი“.
ფილმების ციკლზე ვესაუბრეთ CIU-ს ვიცე-კანცლერს, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელ ნინო ჭალაგანიძესაც, რომელმაც ამ კონტექსტში კულტურული ღირებულებების პოპულარიზაციას გაუსვა ხაზი:
„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი, თავისი დაარსების დღიდან, ცნობილია იმით, რომ ეწევა ე.წ. მესამე მისიის განხორციელებას. განათლების სექტორში მესამე მისია, განათლებასა და მეცნიერებასთან ერთად, არის კულტურული ღირებულებების პროპაგანდა და პოპულარიზაცია. ჩვენი დღევანდელი პრეზენტაციაც, რომელიც ჩატარდა, ზუსტად ამის დასტურია. ამჯერად გამოვეხმაურეთ ლარის – ჩვენი ეროვნული ვალუტის 30 წლის ისტორიას. ფილმი, სახელწოდებით – „ქართული ფულის თავგადასავალი – 21 ამბავი“ საილუსტრაციოდ გამოდგება სწორედ ამისთვის, რომ ვნახოთ, როგორ განვითარდა ფულის ისტორია საქართველოში“.
EDU.ARIS.GE ასევე დაინტერესდა, როგორი იყო სამუშაო პროცესი, რამდენ ხანს მიმდინარეობდა უშუალოდ ფილმებზე მუშაობა და ეს კითხვები თავად იდეის ავტორს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორსა და მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, სულხან მელაძეს დაუსვა. როგორც სულხან მელაძემ გვითხრა, მუშაობა, დაახლოებით, ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გასული წლის დეკემბერში დასრულდა.
„ფილმების იდეა დაკავშირებულია ლარის შემოღების საიუბილეო თარიღთან. ამიტომაც არის 30 ამბავი. 26-საუკუნოვანი ისტორია გადანაწილდა 30 ამბად ისე, რომ დაცულია გარკვეული კანონზომიერება. ეს იყო ცოტა რთული პროცესი, ვინაიდან ნუმიზმატიკას თავისი პერიოდიზაცია აქვს. ასე მაგალითად, თუ ქართული ნუმიზმატიკის ერთი პერიოდია სპილენძის ხანა, როდესაც ვერცხლის კრიზისის გამო, როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე ახლო და შორეულ აღმოსავლეთში, იჭრება სპილენძის მონეტები და არა ვერცხლის. ასე ხდებოდა საქართველოშიც და უცნაური ისაა, რომ ეს ემთხვევა ჩვენი ქვეყნის ოქროს ხანას. თუმცა, ჩვენ დავყავით რამდენიმე პერიოდად, რადგან ნუმიზმატიკის მემკვიდრეობა რამდენიმე ძალიან დიდი ხელმწიფის სახელს ატარებს: დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ლაშა-გიორგის, გიორგი მესამის. მოკლედ, საკმაოდ რთული და საინტერესო პროცესი იყო ამავდროულად. შემოქმედებით პროცესს, დაახლოებით, ნახევარი წელი დასჭირდა. 30-ვე დამზადებულია“, – აღნიშნა სულხან მელაძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.
-
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ – CIU-ში კულტურათაშორისი ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი



