„ძალიან მაღალია ალბათობა, სკოლაში შესულ 5-წლიან ბავშვებს სხვადასხვა პრობლემები ჰქონდეთ“ – რა საფრთხეებზე მიუთითებს დაჩი ნანობაშვილი
საქართველოს სახალხო დამცველის უახლეს ანგარიშში, რომელიც პარლამენტს 20 ოქტომბერს წარედგინა ვკითხულობთ: “2022 წელს გამოიკვეთა პირველკლასელი ბავშვების მშობლების მიერ მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებების წარდგენის ტენდენცია, რომლის მიხედვით, მათ შვილებს არ ჰქონდათ სასკოლო მზაობა”.
მასწავლებლობის 24-წლიანი გამოცდილების მქონე დაწყებითი კლასების პედაგოგი კი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ ის არ შეხვედრია პედაგოგს ან ფსიქოლოგს, რომელიც მხარს უჭერს და ეთანხმება სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის შესვლას, რადგან არსებობს კონკრეტული საფრთხეები და მეტიც, “ამ ბავშვებს შუბლზე აწერიათ, რომ ისინი მზად არ არიან სკოლისათვის, მათ თამაში უნდათ”.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა იცოდეს იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ხუთწლიანი ბავშვის სკოლაში შესვლასთან მიმართებით არსებობს“, – ასეთია დაწყებითი კლასებისა და “ტელესკოლის” მასწავლებლის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018-ის ფინალისტის, დაჩი ნანობაშვილის პოზიცია სასკოლო ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმ არგუმენტით ამყარებს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები გაიარეს ფსიქოლოგებთან, სპეციალისტებთან და თანაც, 5-წლიანი ბავშვის სკოლაში შესვლა არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი იქნება მშობლებისთვის.
დაჩი ნანობაშვილი დეტალურად გვიხსნის, როგორც მოსალოდნელ საფრთხეებს, ასევე გვთავაზობს ამ პრობლემის გადაწყვეტის საკუთარ ხედვასაც და მშობლებს ხისტ, მაგრამ კონკრეტულ რჩევას აძლევს.
– განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ბოლო წლებში რამდენჯერმე უკვე შეიცვალა ბავშვის სასკოლო ასაკი და გვპირდებიან, რომ „ბოლო გაჩერება“ 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვების სკოლაში შესვლის უფლების დაკანონება იქნება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, არსებობს საამისო საფუძვლები, თუ ეს გადაწყვეტილება „მონდომებული“ მშობლების მოთხოვნამ უფრო განაპირობა?
– სასკოლო ასაკის 31 დეკემბრამდე გადაწევა, ეს არახალი ამბავია და რამდენიმე ათეული წლის წინ ჩვენ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ. მაშინაც ასე იყო, რომ მშობლების დიდი ნაწილი, ვისი შვილებიც დაბადებული იყვნენ 2, 3, 5, 10 სექტემბერს, ითხოვდნენ, რომ მათი შვილები მიეღოთ სკოლაში. მათი არგუმენტი იყო, რომ „ორი-სამი დღე ან ერთი კვირა რას ცვლის“. როდესაც დაუშვეს ასეთი ბავშვები სკოლაში, ამის შემდეგ, ადვილი გამოსაცნობია ალბათ, რომ მოთხოვნა უკვე იმ მშობლებისგან წამოვიდა, ვისი შვილებიც დაბადებული იყვნენ ოქტომბერში, ნოემბერში და მათი არგუმენტი იყო ის, რომ „ერთი და ორი თვე რას ცვლის“. დაახლოებით იგივე ეტაპს გავდივართ ახლაც. მშობლები ისევ ითხოვენ, რომ მათი შვილები მიიღონ სკოლაში და არ მინდა დავიჯერო, რომ სამინისტრო მხოლოდ ამიტომ იღებს ამ გადაწყვეტილებას. ალბათ არსებობს მყარი არგუმენტები, უბრალოდ მე ჯერ ეს არგუმენტები არ მომისმენია.
– რამდენი წელია, რაც დაწყებითი კლასების მასწავლებელი ხართ? არის თუ არა პრობლემა არასრული სასკოლო ასაკის პირველკლასელებში სასკოლო მზაობა და რაში გამოიხატება აღნიშნული, თქვენი დაკვირვებითა და მაგალითებით რომ აგვიხსნათ… განათლების მინისტრს ასეთი სიტყვებიც უთხარით, „ბავშვების უმეტესობას შუბლზე აწერია, რომ არ არის სკოლისთვის მზად“…
– 24-ე წელია, რაც დაწყებით კლასებს ვასწავლი. მე როცა დავიწყე სკოლაში მუშაობა, მაშინ 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვების სკოლაში შესვლა დაშვებული იყო. თავიდანვე მიჭირდა 5-წლიანებთან საერთო ენის გამონახვა და გაცილებით უფრო ადვილად ვამყარებდი კომუნიკაციას 6-წლიან ბავშვებთან. მე ამას საკუთარ გამოუცდელობას ვაბრალებდი, თუმცა კოლეგებთან კონსულტაციის, ფსიქოლოგებთან გასაუბრებისა და სხვადასხვა ლიტერატურის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მაღალია ალბათობა, 5-წლიან ბავშვებს სხვადასხვა ტიპის პრობლემები ჰქონდეთ. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად აკადემიური კუთხით იქნება პრობლემები, არა. აქ სხვა მზაობაზეა საუბარი, ბავშვებს, რომლებიც ჯერ კიდევ პატარები არიან, უჭირთ დიდხანს ერთ ადგილზე გაჩერება, ხშირად ყურადღება ეფანტებათ, ძნელად აკონტროლებენ თავიანთ ემოციებს და ა.შ.
ეს პრობლემები არ არის მხოლოდ პირველ კლასში. სასწავლო წლის დასაწყისში მე შევსულვარ ახალ კლასშიც, მაგალითად მეოთხე ან მეხუთე კლასში ბავშვებთან, რომელებსაც იქამდე არ ვიცნობდი და იქაც კი, ერთ კვირაში შემეძლო მეთქვა, გამომეცნო, რომელი ბავშვი იყო სკოლაში მისული 5 წლის, რადგან მათ მართლა შუბლზე აწერიათ, რომ ისინი პატარები არიან და თამაში უნდათ. მათი ქცევა პირდაპირ გვეუბნება ამას. ასე რომ, მე, როგორც პედაგოგს, მქონდა შეხება ასეთ მოსწავლეებთან და თვითონ შემიძლია ვთქვა, ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ ბავშვს სხვადასხვა ტიპის პრობლემა ჰქონდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, შეიძლება, ეს არ იყოს აკადემიური კუთხით, მაგრამ სხვა ბევრი პრობლემა არსებობს, რის გამოც მშობლებს ვურჩევ, რომ 5 წლის ასაკში ბავშვები სკოლაში არ მიიყვანონ.
– განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამბობს, რომ არასრული ექვსი წლის ბავშვის სკოლაში შესვლა არ იქნება სავალდებულო და მშობელს/მეურვეს არჩევანის უფლება ექნება. როგორ ფიქრობთ, გაუძლებენ მშობლები ცდუნებას, მათი შვილი დროზე ადრე გახდეს პირველკლასელი?
– ის ფაქტი, რომ ხუთწლიანი ბავშვების სკოლაში მისვლა სავალდებულო არ არის, ეს ძალიან კარგია, თუმცა მშობლების ინფორმირება უნდა მოხდეს იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც არსებობს ხუთწლიანი ბავშვების სკოლაში შესვლასთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ჩვენგან, პედაგოგებისგან, ფსიქოლოგებისაგან იგებდნენ ამას, არამედ სამინისტრომაც უთხრას ამ საფრთხეების შესახებ. როგორც მე ვიცი, სამინისტროში შეიკრიბა ჯგუფი ფსიქოლოგების, მეთოდისტების, რომლებმაც ისაუბრეს ამ საკითხთან დაკავშირებით და მიიღეს გადაწყვეტილება. იქ აუცილებლად იქნებოდა საუბარი იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც თან ახლავს ხუთწლიანი ბავშვების სკოლაში მისვლას, უბრალოდ, როგორც ჩანს, საპირწონედ უფრო მყარი არგუმენტები იყო. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იმ საფრთხეების შესახებ უნდა ისაუბროს სამინისტრომ, რომლებიც არსებობს და უთხრას მშობელს, რომ მათ არ ეგონოთ, რადგან სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, საფრთხეები არ არსებობს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების ინფორმირება როგორც პედაგოგების, სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების მხრიდან, ასევე სამინისტროსგანაც.
– რა შეუძლია მშობელს გააკეთოს იმის დასადგენად არის თუ არა პატარა მზად სკოლაში შესვლისთვის, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საამისოდ შესაძლებელი და თქვენ თავად რას ურჩევდით?
– რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ მზაობის ტესტი გაიაროს ბავშვმა და ამის საშუალება სკოლაშიც არსებობს, თუმცა ვფიქრობ, ასე ერთჯერადად არასრული სურათი მიიღება და საფრთხეები მაინც არსებობს იმის, რომ გარკვეული პრობლემები ბავშვს ჰქონდეს. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, რომ უბრალოდ არ მიიყვანონ 5 წლის ასაკში ბავშვები სკოლაში. ალბათობა არის ძალიან მაღალი, რომ ბავშვს ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის პრობლემები.
– ხომ არ იყავით ჩართული სასკოლო ასაკის ცვლილების გადაწყვეტის პროცესში, როგორც მასწავლებელი? ან იქნებ იმ ფსიქოლოგებსა და ჯგუფის წევრებს იცნობთ/ინფორმაცია გაქვთ, ვისთანაც განათლების მინისტრის თქმით, აქტიური კონსულტაციები გაიარეს…
– არა, მე არ ვყოფილვარ ამ პროცესებში ჩართული და არ ვიცნობ არავის, ვინც ამაში იღებდა მონაწილეობას. მეტიც, მე არ ვიცნობ ისეთ დაწყებითი კლასების პედაგოგს და არც ფსიქოლოგს, ვინც იტყვის, რომ ცალსახად, ხუთწლიანი ბავშვის სკოლაში მისვლა არ არის პრობლემური. პირიქით, მე ყოველთვის ვიგებ ერთსა და იმავეს, რომ ძირითადი ქცევითი პრობლემები არის ზუსტად ამ ხუთწლიანი ბავშვების შემთხვევაში და ზოგადად, იმ ბავშვებისგან მოდის პრობლემები ვისი მზაობას არ არის სკოლისთვის სათანადო.
– და ბოლოს, თქვენ როგორ გადაწყვეტდით აღნიშნულ პრობლემას თუ საკითხს, რა იქნებოდა თქვენი მიდგომა ან ხომ არ გეგულებათ საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითი, რომელსაც გამოიყენებდით?
– დიახ, მიფიქრია ამ პრობლემის მოგვარებაზე და ერთ-ერთი გამოსავალი მგონია ის, რომ ხუთწლიან ბავშვებზე სწავლის დაწყების შემდეგ დაკვირვება მოხდეს. ვთქვათ სამი კვირის, ან ერთი თვის განმავლობაში დაკვირვება და ის ბავშვები დარჩნენ სკოლაში, რომლებიც მზად ჩაითვლებიან სკოლისთვის. ასეთი კი ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა იქნებიან. ხოლო ის დიდი ნაწილი, ვისთვისაც ჯერ ადრეა სკოლაში მისვლა, დაბრუნდნენ ბაღში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბავშვების თავიდანვე შემზადება იმისათვის, რომ ისინი შეიძლება ბაღში დაბრუნდნენ. აქ ფსიქოლოგის ჩართულობა იქნება საჭირო, სწორად მიწოდება ბავშვებისთვის იმ ინფორმაციის, თუ სად მიდიან, რისთვის მიდიან და ეს უნდა მოხდეს ისე, რომ ბავშვებისთვის არ იყოს ტრავმული, აქაც მშობლებს აუცილებლად დასჭირდებათ დახმარება.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება