დამტკიცდა გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესი და პირობები

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის (მინისტრის ქვეყანაში არყოფნის გამო ავტ.) ხელმოწერითა და 27 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დამტკიცდა გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესი და პირობები.
ბრძანების თანახმად, გაცვლითი პროგრამა არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული სტუდენტის მიერ გარკვეული სწავლის შედეგების მიღწევას უცხო ქვეყნის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამ გაცვლითი პროგრამის განხორციელება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებას.
“გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტების შერჩევის წესი და კრიტერიუმები უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული, გამჭვირვალე, ობიექტური და ხელმისაწვდომი პროფესიული სტუდენტისთვის. დაუშვებელია დისკრიმინაცია გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტების შერჩევისას. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პროფესიული სტუდენტების განსხვავება იმ ნიშნით, რაც აუცილებელია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლის შედეგების მისაღწევად. გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიულ სტუდენტებს უნდა მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის შესახებ”, – ვკითხულობთ ნოდარ პაპუკაშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.
ბრძანებაში არ არის ახსნილი, როგორ შეძლებს სტუდენტი გაცვლითი პროგრამით სარგებლობას, თუმცა განმარტებულია საორგანიზაციო საკითხები: გაცვლითი პროგრამის შემუშავების პროცედურა, პროფესიულ სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული მოთხოვნები, გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტების შერჩევის მეთოდი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი, გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტის სტატუსი და საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვა საორგანიზაციო ვალდებულებების ჩამონათვალი.
გამოქვეყნებული ბრძანება გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესისა და პირობების შესახებ, უკვე ძალაშია.
ასევე იხილეთ:
-
„2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 13 000-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა“ by პროფესიული განათლების ამბები
-
რეგისტრაციისთვის 3 დღე გაქვთ – ვის შეუძლია დარჩენილ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია by პროფესიული განათლების ამბები
-
შრომის გაკვეთილები დაწყებითი კლასებიდანვე და სწორი პროფორიენტაცია – რა კითხვებითა და იდეებით მიმართა განათლების მინისტრს საჯარო სკოლის დირექტორმა by ARIS.GE-განათლება