ბოლო ადგილი რეგიონში – Erasmus+-ში პროფესიული განათლების ჩართვის პირველი წლის შედეგები საქართველოსთვის
სამი განაცხადი საქართველოდან და ბოლო ადგილი მიღებული დაფინანსების ოდენობით, რეგიონში – ასეთია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო პროგრამაში Erasmus+ პროფესიული განათლების კომპონენტის ამოქმედების პირველი წლის შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის. წარდგენილი განაცხადების მონაწილეები არიან ორი პროფესიული სასწავლებელი და სამი ორგანიზაციაა. რაც შეეხება რეზულტატს, ერთ განაცხადზე პასუხი უარყოფითია, ორზე კი – დადებითი.
აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ გასაჯაროებულა, EDU.ARIS.GE-მ ექსკლუზიურად მოიპოვა. გაარკვია ისიც, თუ რომელმა ორმა სასწავლებელმა შეძლო პირველივე წელს მონაწილეობის მიღება და შეეცადა გაეგო ისიც, ზოგადად, რამდენად მომზადებულები შეხვდნენ კოლეჯები იმ უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას, რასაც Erasmus+ – ში ჩართვა ჰქვია, როგორ იმოქმედა მათზე Erasmus+ – ის ეროვნული ოფისის დროებითმა გაუქმებამ, რამდენად სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდათ იმ ფონზე, როცა არ ჰყავდათ ინფორმაციის ყველაზე მთავარი მიმწოდებელი, რა ტიპის სამუშაო გასწიეს მათთვის საკმაოდ სასარგებლო და საჭირო შეთავაზებით ჯეროვნად სარგებლობისთვის და სხვა. სტატიაზე მუშაობის პროცესმა არც თუ ისე სახარბიელო რეალობა გამოავლინა – Erasmus+ – ის ეროვნული ოფისის არარსებობით გამოწვეული ინფორმაციული ვაკუუმი, კოლეჯებისთვის, ძალიან ცხადად და მტკივნეულად იგრძნობოდა. შედეგად, სფეროში მომუშავე ადამიანები და სტუდენტები, ამ წელს, საჭირო და სასარგებლო პროექტების, ქვეყანა და პროფესიული სასწავლებლები კი სოლიდური გრანტებისა და განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტის გარეშე დარჩნენ. პროექტების, რომლებიც სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლით პროგრამებსა და ინსტიტუციური განვითარების შესაძლებლობას გულისხმობს.
Erasmus+ საქართველოში 1995 წლიდან ხორციელდება, უმაღლესი სასწავლებლების დონეზე და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებულადაც. არაერთი უმაღლესი სასწავლებელი მისით წლებია სარგებლობს. პროფესიული განათლების კუთხით კი საქართველო პროგრამას წელს პირველად შეუერთდა. ახლა უკვე პროფესიულ სასწავლებლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეუძლიათ Erasmus+ -ის ორ ძირითად პროგრამაში ჩართვა. პირველი ინსტიტუციური თანამშრომლობაა პროფესიულ განათლებაში, რაშიც იგულისხმება ევროპელ პარტნიორებთან ერთად განხორციელებული ჯგუფური პროექტები, რომელთა მიზანია პროფესიული განათლების მნიშვნელობის, ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება. უფრო კონკრეტულად, ეს შეიძლება გულისხმობდეს ახალი პედაგოგიური მიდგომების შემუშავებას, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებას, დამსაქმებლებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას, სტუდენტებისა და პერსონალის დროებით გაცვლით პროგრამებს გამოცდილების გაზიარების მიზნით და ა.შ.
რაც შეეხება მეორე პროგრამას, ესაა მოკლევადიანი, 6-დან 18 თვემდე მობილობა პროფესიული სტუდენტებისა და პერსონალისთვის. ამ ეტაპზე საქართველოს სასწავლებლებს შეუძლიათ მხოლოდ უმასპინძლონ ჩამომსვლელ პროფესიულ სტუდენტებსა და მასწავლებლებს. ასევე, მათ შეუძლიათ პროექტებში მონაწილეობა მიიღონ როგორც პარტნიორ ორგანიზაციებს და არა აპლიკანტებს. ანუ, ქართულ მხარეს სჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან, ან ქვეყნებიდან ორგანიზაციები, რომელთან ერთადაც მოამზადებენ საგრანტო განაცხადს, ვინაიდან კონკურსში განაცხადის შეტანის ინიციატორად ყოფნის უფლება საქართველოს არ გააჩნია. მას მხოლოდ პარტნიორი ორგანიზაციის სტატუსი ენიჭება. კონკურსი 2022 წლის დასაწყისში გამოცხადდა და მსურველებს განაცხადების წარსადგენად დაახლოებით 2 თვე ჰქონდათ.
პროფესიულ განათლებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო პროგრამის შესვლა რთულ პერიოდს დაემთხვა. ამაში ის იგულისხმება, რომ 2022 წლის იანვრიდან ქვეყანაში Erasmus+ -ის ეროვნული ოფისი (NEO) აღარ ფუნქციონირებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Erasmus+ -ის ეროვნული ოფისის ძველ ხელმძღვანელთან საქართველოს განათლების სამინისტრომ თანამშრომლობა აღარ გააგრძელა და პროცედურების შესაბამისად, ოფისმა არსებობა მთლიანად შეწყვიტა. ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად, რომელიც უკვე თავად ჩამოაყალიბებდა ახალ ოფისს, 2021 წელის ბოლოს კონკურსი გამოცხადდა, თუმცა ამაოდ – პირველი კონკურსის გამარჯვებულმა, EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოულოდნელად სამუშაოზე და, შესაბამისად 2000 ევროზე მეტ ხელფასზე უარი განაცხადა. 2022 წლის ივნისში კი კონკურსი მეორედ გამოცხადდა და ის ჯერ ისევ არ დასრულებულა.
Erasmus+-ის პროგრამის ოფისი საქართველოში უკვე მერვე თვეა არ ფუნქციონირებს – მიზეზები და შედეგები
ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ გასულ თვეებში გამოქვეყნებულ სტატიებში გიყვებოდით. ვწერდით იმასაც, თუ რა ზიანი შეიძლებოდა მისდგომოდა ოფისის არარსებობით უმაღლეს სასწავლებლებს და მათზე კიდევ უფრო მეტად პროფესიულ განათლებას, ვინაიდან, უნივერსიტეტებს, პროფესიული სასწავლებლებისაგან განსხვავებით, მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს და შესაბამისად, შუამავალი რგოლის, ანუ ოფისის დახმარებას ნაკლებად საჭიროებენ. რასაც ვერ ვიტყვით კოლეჯებზე, რომლებსაც სწორედ წელს სჭირდებოდათ კვალიფიციური კონსულტაცია და გამოცდილი დამხმარე პროგრამაში ჩასართავად, უცხოელი პარტნიორების მოსაძიებლად, ან ბიუროკრატიულ პროცედურებში გასარკვევად.
რა გავიგეთ პროფესიული სასწავლებლებიდან
სტატიაზე მუშაობისას რამდენიმე პროფესიულ სასწავლებელს დავუკავშირდით – სახელმწიფოებსაც და კერძოებსაც, დედაქალაქშიც და რეგიონებშიც. მათთან გასაუბრების შედეგად, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ იმ შესაძლებლობის შესახებ, რომელიც წელს პროფესიულ განათლებაში გაჩნდა Erasmus+ -ის პროგრამის სახით, ზოგიერთ კოლეჯში არაფერი იცოდნენ, ზოგიერთში ბუნდოვანი წარმოდგენა და მწირი ინფორმაცია ჰქონდათ, ზოგიერთშიც – შედარებით მეტი, თუმცა მაინც არასაკმარისი. სასწავლებლების ნაწილში გვიმტკიცებდნენ, რომ მათ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მაშინ, როცა რეალურად არ მიუღიათ და ნებისმიერ უცხოურ პროგრამაში ჩართულობას Erasmus+ -ში ჩართვასთან აიგივებდნენ. იქ კი, სადაც ისარგებლეს, ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ.
ყველა სასწავლებელში დაბეჯითებით გვეუბნებოდნენ, რომ Erasmus+ მათთვის სასურველი პროგრამაა და თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემათ, სიამოვნებითაც ჩაერთვებიან, ამ დროს, არ ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ პირველი კონკურსი 2022 წლის დასაწყისში უკვე ჩატარდა. შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს შედეგი – რომ წლევანდელი საგრანტო კონკურსით მხოლოდ ორმა სასწავლებელმა ისარგებლა. ისიც, წარუმატებლად. ზოგიერთ კოლეჯში გვითხრეს, რომ ბოლო პერიოდში მიიღეს გარკვეული ინფორმაცია პროგრამის შესახებ, თუმცა, ვერ დაგვისახელეს საიდან. ფაქტია, რომ ეს ვერ იქნებოდა Erasmus+ -ის ნაციონალური ოფისი. EDU.ARIS.GE ჩაწერილებიდან მხოლოდ ზოგიერთი კოლეჯის ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარს გთავაზობთ:
წლევანდელი საგრანტო კონკურსით თელავში მდებარე კოლეჯს „პრესტიჟი“ არ უსარგებლია. დირექტორის მოადგილის, ია ნადირაძის თქმით, რამდენიმე თვის წინ, ამ თემაზე, კოლეჯებთან შეხვედრა ჩატარდა, რომელიც მათი გამოცდილების გარკვევას ეძღვნებოდა, ამიტომ, გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა აქვე დასძენს, რომ „ ერთია თეორიულად ინფორმაცია და მეორეა დეტალებში გარკვევა, როცა უშუალოდ საქმეს შეუდგები.“
„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“: „საგრანტო კონკურსში განაცხადი არ წარგვიდგენია და ამის შესახებ ინფორმაცია არც გვქონია. ჩვენი კოლეჯი მსგავს კონკურსში ჩართული არ ყოფილა. მომავალში თუ იქნება, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით, მაგრამ არ ყოფილა. ინფორმაციაც არ გვქონია, შემოთავაზება არ ყოფილა“, – აცხადებენ სახელმწიფო კოლეჯში.
სახელმწიფო კოლეჯის „ოპიზარი“ დირექტორი ბელა ავალიშვილი, ახალციხე: „მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებაში ეს საკითხი არ იყო აქტუალური და ახლახანს გააქტიურდა. მე ვერც მოვახერხე პარტნიორი მომეძებნა. ამ დროს პროფესიული უნარების სააგენტოსა და Erasmus+ -ის ეროვნული ოფისის როლი მნიშვნელოვანია, როგორც შუამავლისა და დამხმარე რგოლის. კარგი იქნება, თუ ამ პროცესში ვინმე დახმარებას გაგვიწევს. თუნდაც ჩვენი პროფილის კოლეჯების მოძიებაში“.
ნინო გულუა, საზოგადოებრივი კოლეჯის „პანაცეა“ პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი: „ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ეროვნული ოფისის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ასეც უნდა ხდებოდეს. სწორედ ასე შევუწყობთ ხელს პროფესიული განათლების წინ წამოწევასა და პოპულარიზაციას. Erasmus+-ის ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. სწორედ ამ ოფისმა უნდა მოგვცეს იმის შესაძლებლობა და კომფორტი, რომ შევძლოთ მარტივად დარეგისტრირება და იმ პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირება, რომლებიც Erasmus+-ის პროგრამებს ახორციელებენ. იგი უნდა იყოს ერთგვარი ხიდი ჩვენსა და სხვა პროფესიულ სასწავლებლებს შორის.“
განაცხადები საქართველოდან და შედეგები
ვინაიდან Erasmus+-ის ნაციონალური ოფისი ქვეყანაში, ჯერ-ჯერობით, არ ფუნქციონირებს, სტატიაზე მუშაობისას EDU.ARIS.GE პროფესიული უნარების სააგენტოს დაუკავშირდა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ერთობლივად დაფუძნებული შედარებით ახალი ორგანიზაციაა. სააგენტოში გვეუბნებიან, რომ ოფისის არარსებობის პირობებში, ისინი ზრუნავდნენ პროფესიული სასწავლებლების ინფორმირებულობასა და საერთაშორისო პროგრამაში საქართველოს ჯეროვან პოზიციონირებაზე. მათივე მტკიცებით, ინფორმაცია Erasmus + -ისა და მასში ჩართვის გზების თაობაზე ყველა სასწავლებლისთვის ცნობილი იყო და წასახალისებლადაც გარკვეული ღონისძიებებიც გატარდა საინფორმაციო ვებინარისა და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ ცნობების გამოთხოვის სახით.
ჩვენს კითხვაზე, მაშ რატომ არ ჰქონდა სასწავლებლების დიდ ნაწილს ინფორმაცია კონკურსის შესახებ, რა როლი უნდა ჰქონოდა ამ პროცესში ეროვნულ ოფისს და შეუწყობდა თუ არა მისი არსებობა კოლეჯების უკეთ ინფორმირებულობას ხელს, პროფესიული უნარების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი სოფო ბუჯიაშვილი შემდეგნაირად გვპასუხობს:
„იმ ცალკე ერთეულს რომ ეარსება, რომელიც უშუალოდ ამაზეა პასუხისმგებელი, შეიძლება უფრო შეეწყო ხელი…ზოგადად, რაც მეტი მხარდამჭერი ეყოლება პროექტს, რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგები შეიძლება იყოს“.
სოფო ბუჯიაშვილმა გვითხრა, რომ წელს საქართველოდან ორი განაცხადი გაკეთდა და ამ ორივე განაცხადში, საკუთარი ძალებით, სააგენტო იყო ჩართული, ვინაიდან საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება არა მხოლოდ უშუალოდ კოლეჯებს, არამედ ორგანიზაციებსაც გააჩნიათ, რომლებიც პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით მუშაობენ. ერთ-ერთ განაცხადში საქართველოდან მონაწილეობდა სააგენტო, „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ (EDEC) და ორი კოლეჯი – სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული „კონსტრუქტ2“ (ზესტაფონი) და სახელწიფო სასწავლებელი „ფაზისი“ (ფოთი). მეორე განაცხადში კი მხოლოდ სააგენტო. პარტნიორები აგრეთვე იყვნენ ევროკავშირის რამდენიმე წევრი და რამდენიმე არაწევრი ქვეყანა. ორივე განაცხადი კონკურსის “ინსტიტუციური თანამშრომლობა პროფესიულ განათლებაში” ფარგლებში გაკეთდა. რაც შეეხება შედეგებს, სასწავლებლების ჩართულობით წარდგენილ განაცხადზე უარყოფითი პასუხია, სააგენტოს ჩართულობით წარგდენილზე კი – დადებითი. დაფინანსებული პროექტის სახელწოდება კი ასეთია „Beyond Europe with Micro-credentials“.
მოგვიანებით, ექსკლუზიურად მიღებული დოკუმენტაციიდან გავარკვიეთ ის, რაც პროფესიული განვითარების ცენტრში არ იცოდნენ, ან არ გვითხრეს – რეალურად, საქართველო, წელს, საგრანტო კონკურსზე სამი განაცხადით იყო წარმოდგენილი და არა ორით. მესამე ბენეფიციარი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იყო ჩართული და შესაბამისად, Erasmus+-ს საგრანტო კონკურსის კიდევ ერთი მონაწილეა, ენერგოეფექტურობის ცენტრია პროექტით „პროფესიული განათლება შენობებში მწვანე და ჭკვიანი ელექტროენერგიისთვის“.
EDU.ARIS.GE ცენტრის ექსპერტს, ლიანა ღარიბაშვილს ესაუბრა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ კონკურსში მონაწილეობა, პარტნიორებთან ერთად, მიიღეს და განაცხადმა გრანტი მოიპოვა, თუმცა ვერანაირი სხვა ინფორმაცია პროექტის შინაარსის, ან გრანტის ოდენობის შესახებ, ვერ მოგვაწოდა. მან მხოლოდ ის გვითხრა, რომ იგი „ელექტრო სისტემების შესახებ ტრენინგებს, გამოყენებას და შედუღებას“ ეხება.
„მონაწილეობა მივიღეთ პარტნიორებთან ერთად ბულგარეთიდან, თურქეთიდან. პროექტი იანვრიდან დაიწყება. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის. გრანტის მოცულობასთან დაკავშირებით ფინანსური ინფორმაცია აქვს სათაო ორგანიზაციას (ბულგარეთი), რომელიც პროექტის ლიდერია. გრანტს ის იღებს. შესრულებული სამუშაოს მიხედვით კი, როგორც ექსპერტები, ანაზღაურებას ჩვენც მივიღებთ“, – განგვიცხადა ქალბატონმა ლიანამ.
გაურკვევლობა კონკურსის მონაწილე კოლეჯებში
დაფინანსების გარეშე დარჩენილი საკონკურსო განაცხადის მონაწილე კოლეჯებს „ფაზისი“-სა და „კონსტრუქტ2“-ს კიდევ უფრო ნაკლები ინფორმაცია აღმოაჩნდათ. პირველი დაკავშირებისას სასწავლებლებში საერთოდაც განგვიცხადეს, რომ Erasmus +-ის კონკურსში მონაწილეობა წელს საერთოდ არ მიუღიათ და ამ კონკურსის შესახებ არც არაფერი იცოდნენ. მოგვიანებით, მათი მხრიდან ინფორმაციის მრავალგზის მოძიების შემდეგ, კონკურსში მონაწილეობა დაგვიდასტურეს.
„ჩვენ „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ (EDEC) დაგვიკავშირდა და მონაწილეობა შემოგვთავაზა. გიდასტურებთ, რომ Erasmus+-ის ერთ-ერთ პროექტში, როგორც EDEC-ის ბენეფიციარებმა, მონაწილეობა მივიღეთ და გრანტი ვერ მოვიგეთ. არ გვაქვს ინფორმაცია ვინ იყვნენ სხვა ბენეფიციარები, არ ვიცით „ფაზისიც“ იყო თუ არა ერთ-ერთი ბენეფიციარი“, – განგვიცხადეს „კონსტრუქტ2“ – ში.
იმ გზის შესახებ, რომელიც კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაიარეს, EDU.ARIS.GE კოლეჯის „ფაზისი“ დირექტორს, ნინო ბაკურაძესაც ესაუბრა: „კონსულტირებას, ძირითადად, პროფესიული უნარების სააგენტო გვიწევდა. მათგან გვქონდა ინფორმაცია. ასევე, იყვნენ კონკრეტული პირები, რომლებიც ამ ყველაფერში გარკვევაში გვეხმარებოდნენ. ახლა ზუსტად არ მახსოვს ვინ. თავადაც ვიძიებდით ინფორმაციას. მართალია უარყოფითი პასუხი მოვიდა, მაგრამ გამოცდილება მაინც შევიძინეთ. ვაპირებთ, სამომავლოდ მონაწილეობა უფრო მომზადებულებმა მივიღოთ“, – ამბობს ჩვენთან ინტერვიუში „ფაზისის“ დირექტორი.
ამავე განაცხადის ერთ-ერთი მონაწილე განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრიც (EDEC) გახლდათ. გამგეობის თავმჯდომარისგან, ლიკა კილაძისგან მეტი შევიტყვეთ პროექტის შესახებ, რომელზეც კოლეჯებისგან ბევრი ვერაფერი გავიგეთ. იგი გვიყვება, რომ ინიციატორები გერმანელი პარტნიორები იყვნენ. რაც შეეხება პროექტის შინაარსს, ის ახალი პროფესიული პროგრამების შექმნასა და დანერგვას შეეხებოდა, ელექტროობის მიმართულებით.
„ეს პროგრამები დუალური განათლების მიდგომით უნდა განხორციელებულიყო. გერმანელი პარტნიორების მონაწილეობით უნდა შემუშავებულიყო და ამ კოლეჯებში დანერგილიყო. პროგრამები ითვალისწინებდნენ გაცვლით კომპონენტსაც გერმანული დუალური განათლების სისტემის გაცნობის მიზნით. ამ პროცესში ბევრი ექსპერტის ჩართვა მოიაზრებოდა. ისინი არა მხოლოდ პროგრამების შემუშავებაში ჩაერთვებოდნენ, არამედ მათი განმახორციელებლებიც იქნებოდნენ. მთელი კომპლექტი იყო აქტივობებისა, რომლებიც ამ პრაქტიკის დანერგვას უკავშირდებოდა“, – განგვიცხადა ლიკა კილაძემ.
საქართველო და რეგიონი – სტატისტიკა
მიუხედავად რესპონდენტთა სიმრავლისა და მრავალმხრივი მცდელობისა, მიუხედავად იმისა, რომ სტატიაზე მუშაობისას დავუკავშირდით ყველა მხარეს, პროცესში უშუალოდ ჩართულ ორგანიზაციებთან და სასწავლებლებთან ჩაწერილი ინტერვიუებიდანაც კი ვერ მივიღეთ სრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც, წესით, მათ უნდა ჰქონოდათ და Erasmus+-ის ეროვნული ოფისის არსებობის შემთხვევაში, ალბათ, ექნებოდათ კიდეც. ის, რაც ვერ გავიგეთ რესპონდენტებისგან, გავიგეთ ოფიციალური სტატისტიკის შემცველი დოკუმენტაციიდან, რომელთაც Erasmus+-ის სათაო ოფისი, თითოეული ქვეყნის წარმომადგენლობას, კონკურსის დასრულების შემდეგ, შედეგების შესატყობინებლად უგზავნის და რომელიც, როგორც ვახსენეთ, EDU.ARIS.GE – მ ექსკლუზიურად მოიპოვა.
დოკუმენტები ჯერ არ გამოქვეყნებულა. შესაბამისად, არ გასაჯაროებულა ის ინფორმაციაც, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ. სწორედ აღნიშნული დოკუმენტიდან გავიგეთ ის, რომ საქართველო სამ განაცხადში მონაწილეობდა და არა ორში, როგორც ამას პროფესიული უნარების სააგენტო გვეუბნებოდა. აქედან, როგორც უკვე ვთქვით, ორი დაფინანსდა. ნიშანდობლივია, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ბენეფიციართა შორის არც ერთი პროფესიული სასწავლებელი არ არის და მიღებული თანხაც ყველაზე ცოტაა.
თუკი უმაღლესი განათლების კუთხით, საქართველოს რეგიონში ყოველთვის მოწინავე პოზიციები ეკავა და წელსაც, წარდგენილი და დაფინანსებული პროექტებით, უკრაინის შემდგომ, პირველ ადგილზეა, პროფესიული განათლების მიმართულებით, ბოლოზე აღმოვჩნდით. დამტკიცებული პროექტების მიხედვით მოთხოვნილი დაფინანსება კი ასე გამოიყურება:
(ევრო)
საქართველო – 61 149;
მოლდოვა – 127 378;
სომხეთი – 126 768;
უკრაინა – 89 782;
აზერბაიჯანი – 174 305.
სომხეთმა, ჯამში, 7 განაცხადი წარადგინა და აქედან სამი დაფინანსდა. აზერბაიჯანმა ორი წარადგინა, თუმცა ორივე დაფინანსდა, მიღებული თანხაც ჩვენზე მეტია და პროექტებს ბევრად უფრო მეტი მონაწილეც ჰყავს, ვიდრე საქართველოს, მათ შორის, პროფესიული კოლეჯებიც. წარდგენილი ოთხიდან ორი პროექტი დაფინანსდა მოლდოვას, გრანტი, მის შემთხვევაშიც, გაცილებით დიდია.
„ფაქტია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ოფისები არსებობს, უკეთესი შედეგები დაიდო“
პროფესიული განათლების მიმართულებით Erasmus+-ის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირველი წლისა და მიღებული შედეგების შეფასება Erasmus+-ის სხვადასხვა პროექტის მონაწილე პირს ვთხოვეთ, რომელიც ვინაობის სტატიაში გამოქვეყნებისაგან თავს იკავებს. იგი ამბობს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, Erasmus+-ის ეროვნული ოფისის დროებითმა არარსებობამ, უმაღლესი განათლების მიმართულებისაგან განსხვავებით, პროფესულ განათლებაზე აშკარა ნეგატიური გავლენა იქონია და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. რომ არა ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი, წლევანდელ ბენეფიციართა სიაში არა მხოლოდ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ კოლეჯებიც იქნებოდნენ.
„რეგიონის ქვეყნებიდან ზოგმა ჩვენი ოდენობის პროექტი წარადგინა, ზოგმაც ცოტა მეტი, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენს მიერ მიღებული დაფინანსება, რეგიონში, ყველაზე მცირეა. ანუ, ამ შესაძლებლობით რეგიონში ყველაზე უფრო ნაკლებად ვისარგებლებთ. შედეგად, გვაქვს ნაკლები დაფინანსება, ნაკლები აქტივობა და ნაკლები განვითარება. ნაკლები ინსტიტუცია და ადამიანი ისარგებლებს იმ თანხითა და ცოდნით, რაც, ჩვეულებრივ, ამ პროექტებს მოაქვს“, – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.
კითხვაზე, გვექნებოდა თუ არა უკეთესი შედეგები Erasmus+-ის ოფისს რომ ეარსება, იგი გვპასუხობს, რომ „ფაქტია, იმ ქვეყნებში, სადაც ოფისები არსებობს, უკეთესი შედეგები დაიდო“.
მისივე თქმით, ის გარემოება, რომ რეალური მხარდაჭერის გარეშე ქვეყანამ მაინც შეძლო ორ წარმატებულ პროექტში ჩართულიყო, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. შესაბამისად, იმ ფინანსური და ინტელექტუალური რესურსის პირობებში, რაც პროფესიულ განათლებას საქართველოში გააჩნია, დარწმუნებულია, რომ უკეთესი შედეგების დადება შეგვიძლია და სწორედ ამას ელის მომდევნო წლებში.
„პროფესიულ განათლებას სერიოზული მხარდაჭერა აქვს სხვადასხვა სტრუქტურიდან, განსაკუთრებით, ევროკავშირიდან. შესაბამისად, იმის წინაპირობა არსებობს, რომ ოფისის ამოქმედების შემდეგ, სწორი კომუნიკაციისა და ინფორმაციის დროულად და კვალიფიციურად მიწოდების პირობებში, დაფინანსებული პროექტებითაც და მოზიდული თანხებითაც, საქართველო, რეგიონის სხვა ქვეყნებს დაეწევა“, – დასძენს ჩვენი რესპონდენტი.
Erasmus+-ის ახალი ეროვნული ოფისის შესახებ სიახლეებს, არჩევისა და დაკომპლექტების შემთხვევაში, EDU.ARIS.GE აუცილებლად შემოგთავაზებთ
ასევე იხილეთ:
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები