დასაქმების 100 %-იანი შანსი ბათუმის საზღვაო აკადემიის პროფესიული ცენტრის სტუდენტებისათვის
საერთაშორისო დიპლომი, სწავლების მაღალი ხარისხი და მაღალანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების 100 %-იანი გარანტია – ამ სარგებელს მიიღებს თითოეული ის ადამიანი, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრში სწავლას გადაწყვეტს.
ცენტრი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს აკადემიური პერსონალის, მოწვეული მასწავლებლების, მექანიკოს-ინსტრუქტორების, ოსტატების, ადმინისტრაციული პერსონალისა და ეფექტური მექანიზმების გამოყენებით უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ანხორციელებს. იგი მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
პროფესიული მომზადების ცენტრში ამჟამად სამი პროგრამაა – ორი საგნობრივი – გემბანის რიგითი მეზღვაური და სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური და ერთიც მოდულური -კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი. 2019 წლისათვის კი სწავლება მთლიანად მოდულურ პროგრამებზე წარიმართება. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ თუკი საგნობრივი პროგრამები ერთწლიანია, მოდულური ორ წლამდე სწავლებას გულისხმობს.
მომავალი წლიდან ცენტრს ამბიციური გემები აქვს – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს საგრანტო პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში ოთხი ახალი პროგრამა ემატება – მეთევზე-მეზღვაური, ამწეს ოპერატორი, ლითონის და ალუმინის შემდუღებელი, ლოჯისტიკისა და პორტის მენეჯმენტის სპეციალისტი. განახლდება მატერიალურ ტექნიკური ბაზა და სასწავლო ინვენტარი, გადამზადდება პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი.
ბათუმის საზღვაო აკადემიაში განმარტავენ, რომ პროფესიული სასწავლების ტრადიცია საკმაოდ ძველია – ისტორია გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მოდის. ცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა გოგიტიძის თქმით, თავად აკადემია პროფესიული სასწავლების ბაზაზეა დაფუძნებული. ამბობს, რომ მაშინ სწავლება სხვანაირი სტილის იყო, კურსანტები კი მთელი საბჭოთა კავშირიდან მოდიოდნენ. მაშინდელი კურსდამთავრებულები, გოგიტიძის თქმით, კაპიტნებიც გამხდარან, უფროსი მექანიკოსებიც და ა.შ.
„იმ დროინდელმა პროფესულმა სასწავლებელმა მუშაობა დაახლოებით 1995 წელს შეწყვიტა. მას შემდეგ მხოლოდ უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებდა. 2007 წელს კი აკადემიაში გადაწყვიტეს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები განეახლებინათ. პროგრამები ახალი წესებით, ახალი მოთხოვნების მიხედვით შემუშავდა. პირველი მიღება 2009 წელს გვქონდა. თავიდან სტუდენტების რაოდენობა ცოტა იყო, დროთა განმავლობაში მათი რიცხვი იზრდებოდა. დღეს კი სასწავლებელი წელიწადში 200 სტუდენტს იღებს“, -ამბობს გოგიტიძე.
მისივე თქმით, მოთხოვნა საკმაოდ დიდია- ერთ ადგილზე დაახლოებით სამი ადამიანი მოდის. პროფესორ-მასწავებლები კი ძირითადად დარგის სპეციალისტები არიან -საზღვაო გამოცდილების მქონე. სწავლება მოიცავს როგორც თეორიას, ისე პრაქტიკას. თუმცა, პრაქტიკას უფრო მეტი ყურადღება ეთმობა.
„სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს. მოგეხსენებათ, მილენიუმის პროექტის დახმარებითა და საქართველოს განათლების სამინისტროს ჩართულობით ცენტრი ოთხი პროგრამის დამატებას აპირებს. სამუშაოები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაქმნელად უკვე დაწყებულია. თუკი ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით განხორციელდა, მიღება წელსვე გვექნება“, – აცხადებს იგი.
აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე კი დასძენს, რომ 2017-2018 სასწავლო წლისათვის პროფესიულ განათლებაზე დამატებით 500 სტუდენტის მიღებას გეგმავენ. გრანტის ფარგლებში ცენტრი ყიდულობს ყველანაირ აღჭურვილობას, რათა სტუდენტებმა ყველაფერი პრაქტიკულად შეისწავლონ.
ამბობს, რომ პროფესიული პროგრამები ცენტრს დამსაქმებლებთან კონსულტაციების შემდეგ ემატება. ესაა პროფესიები, რომელთაც საქართველოში დღესდღეობით ვერ ეუფლებიან. მოთხოვნა ამ საქმის მცოდნე ადამიანებზე, განსაკუთრებით უცხოური კომპანიების მხრიდან, მაღალია. კადრები კი ძალიან ცოტაა. ამიტომ ელის, რომ მათ დასაქმება ნამდვილად არ გაუჭირდებათ.
„მოკლედ, პერსპექტივა საკმაოდ დიდია – დასაქმების შანსი თითქმის 100 პროცენტიანია. ანაზღაურება კი- საკმაოდ მაღალი. წინა წლების კურსდამთავრებული მეზღვაურებიდან 75-80 % უკვე დასაქმებულია. მათ დასაქმება ნამდვილად არ უჭირთ.
„ზემოთნახსენებ პროფესიებს რაც შეეხება, მათზე მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ ველით, რომ დასაქმების სტატისტიკა 90 %-ს გადააჭარბებს. ამისათვის წინასწარ მოვემზადეთ, დასმაქმებლებს ვესაუბრეთ და ა.შ.“, – აცხადებს რექტორი.
პროფესიული სასწავლებლის ახალი პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო დიპლომსა და ლიცენზიას. რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ დასაქმება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც თავისუფლად შეეძლებათ. პროგრამებზე ჩარიცხვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გზითაა შესაძლებელი.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
(R)