„მთავარია, მოსწავლე შეფასდეს მრავალმხრივად, შეიტანეთ ცვლილება მიდგომებში და სსგ-ში“ – განათლების სამინისტროს რჩევა სკოლებს
განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა სკოლებს მოსწავლეთა შეფასების მიმართულებით რჩევებს აძლევს და განმარტავს, რომ გასულ წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, მათ სრული შესაძლებლობა აქვთ ცვლილებები შეიტანონ შეფასების უკვე დანერგილ მიდგომებში და ასევე სასკოლო სასწავლო გეგმაში.
ამის შესახებ განათლების სამინისტროს წარმომაგენელი სკოლებს დღეს, 4 ნოემბერს მიმართავს და ვრცელ განმარტებას აძლევს:
როგორც იცით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შარშან განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სკოლას/მასწავლებელს დიდი თავისუფლება აქვს; ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსწავლეების შეფასებას ვგულისხმობ. რაც სავალდებულოა – ეს არის სემესტრული და წლიური ქულების გამოყვანა.
დანარჩენი – რა სიხშირით შეფასდება მოსწავლე, რომელ კომპონენტებში შეფასდება, სრულად სკოლა/მასწავლებელი იღებს გადაწყვეტილებას;
რა შეიცვალა ეროვნულ სასწავლო გეგმაში – ჩამონათვალს განათლების სამინისტრო აქვეყნებს
კომპონენტები – ეს შეიძლება იყოს მიმდინარე ქულები და/ან საშინაო დავალების ქულები და/ან პროექტში, კომპლექსურ დავალებაში, შემაჯამებელში დაწერილი ქულები….
ისიც შეიძლება, რომ მაგ. პროექტში დაწერილი ქულა შედგებოდეს რამდენიმე კომპონენტისგან: მაგ. საკლასო, საშინაო დავალებაში, ან სხვა ტიპის აქტივობებში მიღებული ქულებისგან და საბოლოოდ გამოდიოდეს 1 ქულა;
სიხშირეს რაც შეეხება, გააჩნია, რაში იწერება ქულა. თუკი ისეთ პროექტშია ქულა დაწერილი, რომელიც მრავალკომპონენტია, შეიძლება სემესტრში 2 ქულაც საკმარისი იყოს; მაგრამ თუ მხოლოდ მიმდინარე ქულებს ვწერთ, მაშინ, სასურველია, 1 და 2 ქულა არ ჰქონდეს მოსწავლეს;
მოკლედ, მთავარია, მოსწავლე შეფასდეს მრავალმხრივად და თავად მოსწავლე/მშობელი იყოს კარგად ინფორმირებული – რას ნიშნავს ამა თუ იმ კომპონენტში/კომპონენტებში დაწერილი ქულა/ქულები.
ისიც შესაძლებელია, რომ სხვადასხვა კლასსა და სხვადასხვა საგანში სკოლას სხვადასხვა კომპონენტში ჰქონდეს შეფასება სხვადასხვა სიხშირით.
ყველაფერი ზემოაღნიშნული სასკოლო სასწავლო გეგმით უნდა იყოს განსაზღვრული და გადაწყვეტილების მიღმა ლოგიკა, დასაბუთება ჩანდეს.
თუ ნახავთ, რომ პირველ სემესტრში განსაზღვრულმა მიდგომამ მაინცდამაინც კარგად ვერ იმუშავა, შეცვალეთ – შეიტანეთ ცვლილება სასკოლო სასწავლო გეგმაში.
თუ შეკითხვები იქნება, მიმსახურეთ. დღის ბოლოს მაინც ვნახავ ყველა კომენტარს.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება