„მას, ჩვენ გვესმის, ჩვენს მშობლებს აუხსენით ეს“ – ნიშანი მოსწავლისა და მშობლისთვის და ნიშნით მანიპულირება სკოლაში
“თუ არა ოქროს მედალი და კომპიუტერი, სხვა არავითარი ღირებულება სკოლაში ქულებს არ აქვთ, მაგრამ მათი საერთოდ გაქრობაც ვერ მოხერხდება”, – ამბობს EDU.ARIS.GE-ისთან 18-წლიანი მასწავლებლობის გამოცდილების მქონე პედაგოგი თამარ ლომიტაშვილი.
განათლების მეცნიერებების მაგისტრი და ქართული ენისა ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი გვიხსნის, რომ ნიშნით მანიპულირება როგორც სკოლის, ისე მასწავლებლისგან საქართველოს სკოლებისთვის უცხო არ არის და ამას თავისი მიზეზებიც აქვს.
ქართულის მასწავლებელს ვკითხეთ, თავად თუ “დამუქრებია” მოსწავლეს ნიშნით, რა მიდგომებია მისთვის შედეგის მომცემი დაბალი მოსწრების მოსწავლეებთან სამუშაოდ და რა გამოსავალს პოულობს სკოლა ასეთი მოსწავლეების კლასიდან-კლასში გადასაყვანად.
სკოლა
“აგიხსნით, როგორ ხდებოდა ჩემი სკოლის მაგალითზე: თუ მოსწავლეს მთელი წელი თვალით ვერ ვხედავდით სკოლაში, ან მოვიდოდა და ბოლო მერხზე ეძინა, ან საერთოდ მასწავლებელს ვერ ცნობდა, ასეთ შემთხვევაში, ცხადია, საერთოდ შეფასება და ქულის დაწერა ძალიან რთულია და, შესაბამისად, მოსწავლეს გამოჰყვება საშემოდგომო. მაგრამ რა არის ეს საშემოდგომო?! – სკოლას არ აწყობს ე.წ. კლასში ჩარჩენილი ბავშვები, რადგან ძალიან ნერვიულობს მშობელი, იწყება მთელი სანათესაოს ჩართვა ამ პროცესში და საკითხი მარტივი ტესტით წყდება, მოსწავლეს აძლევენ უმარტივეს ტესტს, რომელსაც წინასწარ დააზეპირებინებენ და მაინც გადაიყვანენ კლასიდან-კლასში. ეს მიდგომა ამდენი წლის განმავლობაში უკვე ხილული გახდა მოსწავლეებისათვის და ვისაც სწავლა და სკოლაში სიარული არ უნდა, არად დაგიდევს, მეტიც, სასაცილოდ არ ჰყოფნის ეს ორიანები. ასე რომ, თავად მასწავლებელი სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს, როდესაც ორიანებით ემუქრება, ან წერს ამ ორიანებს და არის ერთ ამბავში, რადგან წლის ბოლოს მაინც ყველა ყველაფერს იღებს”.
ნიშნით მანიპულირება
“ძალიან რთული და ღრმა თემაა და აგიხსნით, თუ რატომ არ შეიძლება ნიშნით მანიპულირება, რაც პედაგოგების ნაწილს ახასიათებს. ზოგჯერ, პედაგოგი ხისტია და წერს ორიანს გაცხარებულ გულზე, ან მოსწავლე მაღალი აკადემიური მოსწრების არის, ათოსანია და მას ცხრიანს უწერს, ამით ნადგურდება ეს ბავშვი, რადგან შეიძლება ოქროს მედალი და კომპიუტერი ვერ მიიღოს, მსგავსი ფაქტებიც მინახავს.
“მაგრამ ხდება პირიქითაც, მაგალითად, ყველაფერი შედარებითია და იმ ბავშვებსაც, სულ რომ ათიანებით გადიან სკოლიდან, სინამდვილეში, სულაც არ ეკუთვნით ეს ათიანი, მაგრამ შემდეგ მშობელსა და დირექციას შორის მიდის ერთგვარი “ვაჭრობა”, რაც შესაძლოა უბრალოდ სიტყვიერი იყოს. იმას არ ვამბობ, რომ აუცილებლად ყველა ქრთამს იღებს, არა, სკოლას ესახელება, რომ 5 მედალოსანი ჰყავს. შემდეგ ხდება შეთანხმება, რომ “დავწეროთ ქულა, რა მოხდა”, ამ დროს კი, ბავშვმა საერთოდ არ იცის ქიმია და შეიძლება მას ათიანი დაუწერონ, რათა სკოლა წარმოჩინდეს.
“მსგავსი ქულით არაადეკვატური მანიპულაციები ჩემთვის ძალიან მიუღებელი, მტკივნეული და ამოუხსნელია, სულ ვიტანჯებოდი ქულის დაწერის დროს. თითოეული შემაჯამებლის, საგაკვეთილო აქტივობისას რატომ ვწერ ერთ ქულას და არა მეორეს. ვფიქრობ, თითოეულ მასწავლებელს მაინც თავისებური შეფასების კრიტერიუმი აქვს. კი, არის განსაზღვრული, მოცემული, თუ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლე, მაგრამ მაინც ინდივიდუალური შეხედულებისამებრ და გემოვნების მიხედვით იწერება ეს ქულები და ამიტომ არის ხშირად მტკივნეული და ძალიან რთული. “ის მასწავლებელი ადვილად წერს ქულას, მოდი, იმის კლასში გადავალ” – ადვილად კი არ წერს, მას თავისებური მიდგომა აქვს, მე ჩემებური და ა.შ.
ნიშნით “მუქარა”
“ნიშნით მუქარა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ნებისმიერი ფორმით თუ შინაარსით. სკოლაში 23 წლის შევედი და მალევე გავაცნობიერე, რომ მოსწავლეების სახით თანასწორუფლებიან პიროვნებებთან მქონდა საქმე. არც ზედმეტად “მასწავლებლური” ტონი მომირგია მათთან ურთიერთობაში, თავიდანვე ვიცოდი, რომ ღირსების მქონე პიროვნებებს ვესაუბრებოდი. ჩვენ ხომ არ ვემუქრებით ადამიანებს, ნიშანიც ერთ-ერთი ფორმაა. შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი საიდუმლო, ასე ვთქვათ, კარგი მასწავლებლობისა, როდესაც მოსწავლეებისა და მშობლების სიყვარული და პატივისცემა მოვიპოვე, მდგომარეობდა იმაში, რომ მე პატივს ვცემდი – პატარასაც და დიდსაც, აბსოლუტურად ყველას. მისწავლებია როგორც დაწყებით საფეხურზე, ასევე მაღალ კლასებში”.
“აქედან გამომდინარე, ნიშნით მოსწავლეს არასოდეს დავმუქრებივარ, ვინაიდან, ერთი მხრივ, უღირს საქციელად მიმაჩნია ნიშნით დამუქრება – ისევე, როგორც ჩემს კოლეგას, თანასწორს და მოქალაქეს არ დავემუქრები ფრაზით – “იცი მე შენ რას გიზამ”. შესაძლოა, შვილს უთხრა, რომ “მე შენ სადღაც არ გაგიშვებ”, მაგრამ ეს დამუქრება კი არ უნდა იყოს, შენ უხსნი, თუ რატომ არ გაუშვებ სადღაც, ან “რაღაცას არ გიყიდი”, იმიტომ, რომ ამას აქვს თავისი მიზეზი. სწორედ მსგავსი ფორმა გამომიყენებია და მოსწავლისთვის მითქვამს, რომ თუ ასე გაგრძელდა, საერთოდ არ გადავშალეთ წიგნი, არ მოისმინე გაკვეთილი, არ გქონდა გაკვეთილზე უკუკავშირი და ეს გაგრძელდა ძალიან დიდხანს, თვეების განმავლობაში, რა ვქნათ? ვუხსნი, რომ მე მაქვს ეს კრიტერიუმები და ასე უნდა შეგაფასო, შენ ვერცერთს აკმაყოფილებ და რა გამოდის? 10 ქულა მაქვს შესაფასებელი, რომელი მოგარგო აქედან – ათიანი, ცხრიანი, რვიანი…? ასე ჩამოვდივართ ერთიანამდე და აქ ის თავად იაზრებს, რომ ქულა უბრალოდ ვერ ექნება, თუკი ის საერთოდ არაფერს გააკეთებს”.
რატომ ვერ გაქრება ქულა – მოსწავლე, მშობელი და პედაგოგი
“ალბათ, ქულა სულ ვერ მოისპობა. ამაზეც ბევრი მიფიქრია. სულ ვერ გაქრება, ვინაიდან ჩვენ ის მოსწავლეებიც უნდა გავითვალისწინოთ, ვისთვისაც ნიშანი ძალიან დიდი სტიმულია. არიან მოსწავლეები, ვისთვისაც უბრალოდ ნიშანი, 10-იანი, არის ძალიან დიდი სტიმული და მიზეზი, რისთვისაც კარგად სწავლობს, მომზადებულია. ამიტომ მას ვერ მოვუშლით ამ წყაროს. რაც არ უნდა შეაქო, ის მაინც გაფაციცებულია, დაიწერა თუ არა ათიანი და ამის გასარკვევად, შესაძლოა, მოგწეროს კიდეც დღის ბოლოს, თუ რა შედეგი აქვს დღევანდელ გაკვეთილზე აქტიურობის შემდეგ. ასეთ მოსწავლეებს რას ვუშვრებით? – ვერ გავუქრობთ ნიშანს, მაგრამ ძალიან დიდი აქცენტიც არ უნდა იყოს ამ ქულებზე.
ვცდილობ, სულ ავუხსნა რას გვაძლევს. ტრაგედია ის არის, რომ თუ არა ოქროს მედალი და კომპიუტერი, სხვა არაფერი ღირებულება ამ ქულებს არ აქვს და როცა ნერვიულობენ, ან კიდევ უფრო ემოციურად გამოხატავენ, რომ მაგალითად ერთი ქულა აკლიათ ვთქვათ შვიდიანზე… რა მნიშვნელობა აქვს 5-იანი იწერება თუ 8-იანი? ამაზე ძალიან ხშირად გვიმსჯელია, ამიხსნია და გაგვიშლია ეს თემა და მათგან მიმიღია ასეთი პასუხიც – “მას, ჩვენ კი გვესმის, მაგრამ ჩვენს მშობლებს აუხსენით ეს”. ბავშვებს იმდენად არ აქვთ ნიშნის მოთხოვნილება, რამდენადაც მათ მშობლები სტრესავენ და ისინი არიან გაფაციცებული ქულებზე. არადა, მათაც რომ ჰკითხოთ, წარმოდგენა არ აქვთ რაში სჭირდებათ, ან რას ნიშნავს საერთოდ ეს ქულები.
ჩვენ ყველას, რაც გვსიამოვნებს და გვიხარია, ჩვენს თავზე უნდა გადმოვიტანოთ და ისე მივუდგეთ მოსწავლესაც. მაგალითად, ხელფასი სამსახურში ძალიან გვიხარია და კარგი იქნება, რაც შეიძლება მეტი და მეტი იყოს, მაგრამ მარტო ხელფასიც ხომ არ არის, არა?! ამის გარდა, ჩვენ ყოველდღიური სტიმულატორები, სიხარულის თუ ბედნიერების წყაროები გვაქვს და ასეა მოსწავლეც. ის კიდევ ჩვენზე მეტად არის ამ ყველაფერზე ჩამოკიდებული და აი, აქ ვცოდავთ სწორედ, რადგან ეს მათ ფაქტობრივად ნული აქვთ, იმიტომ, რომ შეფასების სისტემაზეა ყველაფერი აწყობილი! 9 ან 10 თუ ვერ მიიღო და გაკვეთილი დღეს და ხვალ თუ არ იცის, წყალწაღებულია და ჩაქნეული აქვს ხელი. ჩვენ ვუქმნით ასეთ გარემოს და პირობებს”.
რა არის ნიშნის ალტერნატივა
“რა თქმა უნდა, აუცილებელია განმავითარებელი შეფასება, მაგრამ არა ისე – ყოჩაღ და კარგი გოგო/ბიჭი ხარ – ასე არა. ამ კომუნისტურ გადმონაშთს უნდა გასცდეს მასწავლებელი. განმავითარებელ შეფასებაზე უნდა გადამზადდნენ პედაგოგები, ცოტა ფსიქოლოგიურად, გნებავთ მენტალურადაც. იმისთვის, რომ გამოაწრთო მოსწავლის, ასე ვთქვათ, საუკეთესო ვერსია, დაიჭირო მასში პოზიტიური მხარე და იქ გააძლიერო – ამას სულ სხვა ღირებულებები სჭირდება. ჩვენთან პირიქითაა: “უი, ეს არ იცი? ეს სიტყვა შეგეშალა?! – ჩვენ შეცდომებზე ვართ ორიენტირებული. თუ არ იქნება ქულები, უნდა იყოს განმავითარებელი შეფასება, ოღონდ ის სასწავლი აქვს პედაგოგს, დღეს ეს არ იცის. უნდა დავატრენინგოთ, მოვთხოვოთ და შემდეგ დავნერგოთ ეს განმავითარებელი შეფასება, რომ მოსწავლემ გაიხაროს და ამოისუნთქოს. დაბალი მოსწრების მოსწავლეებში კი უნდა ჩავეჭიდოთ კარგ უნარს, მხარეს, რომ ჩვენი მიდგომით გამოწვეულმა სიხარულმა მომდევნო დღეებში უკეთესი შედეგი მოგვცეს, თუ მათ ეცოდინებათ, რომ გაკვეთილზე მასწავლებელი რაღაცას აღმოაჩენინებს, ისინი ჩვენთან სიხარულით შემოვლენ”.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება