GE

„ელექტრონული ვერსია მაინც მოგვაწოდონ“ – პედაგოგებს გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე აზრის გამოთქმა 3-ივლისამდე შეუძლიათ

„პედაგოგებო, აბა თქვენ იცით! სია მოცემულია, იყავით ინფორმირებულნი და ისე გააკეთეთ არჩევანი! თუ სადმე არ წავა პროცესი შესაბამისად, შეგიძლიათ ოფიციალურად მოგვწეროთ, პერსონალურადაც მომმართოთ კონსულტაციისთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელში 22 ივნისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ ახლად გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების შესახებ, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლებმა უნდა აირჩიონ.

რომელ საგნებში ვერ შეირჩა გრიფირებული სახელმძღვანელოები და როდის გამოცხადდება კონკურსი

საქმე ეხება X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებს და IX კლასის იმ სახელმძღვანელოებს, რომლებმაც წინა წლებში გრიფი ვერ მოიპოვეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წიგნების ჩამონათვალი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე 21 ივნისს გამოაქვეყნა და განმარტა, რომ სკოლებს სახელმძღვანელოების არჩევის შესაძლებლობა 20 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აქვთ. მოგვიანებით კი, განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ჯგუფმა განმარტა, რომ გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანი და მთავარია საგნის/კლასის მასწავლებელთა უშუალო მონაწილეობა, რათა მასწავლებლებმა დამოუკიდებლად გააკეთონ არჩევანი და სასწავლო პროცესში გამოიყენონ ის სახელმძღვანელოები, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევენ. მასწავლებელთა არჩევანის მონიშვნა კი უნდა განხორციელდეს სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool).

EDU.ARIS.GE ესაუბრა მასწავლებლებს და გაარკვია, რომ 24 ივნისის მონაცემებით, სკოლების ნაწილისთვის ახალი წიგნები და არც მათი ელექტრონული ვერსიები, რომ გაცნობის შესაძლებლობა ჰქონოდათ, არავის მიუწოდებია. პედაგოგები უკეთესი წიგნების იმედად არიან და თავიანთი ჩამოყალიბებული აზრიც აქვთ, როგორ წიგნს მიანიჭებენ უპირატესობას შერჩევისას.

ორ პედაგოგს EDU.ARIS.GE-მ ერთი და იგივე კითხვები დაუსვა. გორის მე-2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა, დიანა ტატუნაშვილმა ბევრი ეცადა, X კლასის ქიმიის ახალგრიფირებულ სახელმძღვანელოებს გაცნობოდა, თუმცა ვერც ელექტროვერსიას მიაგნო. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგმა ეკა ცხადაიამ კი ის იცის, რომ მისმა კოლეგებმა შემქნეს მოსწავლეების საჭიროებებზე აგებული წიგნები, რომელიც ახლა გადის გრიფირების პროცესს.

– უკვე გადმოგეცათ ახალი გირიფირებული სახელმძღვანელოები?

დიანა ტატუნაშვილი: სახელმძღვანელოები ჯერ არ გადაუციათ. სკოლებში ეტაპობრივად უნდა ჩატარდეს ავტორებთან შეხვედრები და პრეზენტაციები, თუმცა რეგიონებში ჯერ არ დაწყებულა და ეს საკითხი დროში იწელება. სასურველია, თითო ნიმუში წიგნის სახით სკოლას ეგზავნებოდეს განსახილველად ან ელექტრონული სახით მაინც. ინტერნეტსივრცეში ვეძებე, რომ მენახა და წარმოდგენა მქონოდა, მაგრამ მხოლოდ ყდები ჩანს, რაც გავხსენი და მასალა ატვირთული არ არის.

ეკა ცხადაია: საშუალო საფეხურის სახელმძღვანელო ჯერ არ მინახავს, რამდენადაც ვიცი, ჯერ მზად არ არის. ბევრი ნაცნობი მყავს ჩემს კოლეგებს შორის და მათი დახმარებით, ელექტრო ვერსიები ნანახი მაქვს.

– სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სახელმძღვანელოების შერჩევის შესაძლებლობა მიმდინარე წლის 20 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გაქვთ. რამდენად მოასწრებთ ამ დროში სრულად გადახედოთ არსებულ წიგნებს და შეაფასოთ, რომელი გჭირდებათ?

დიანა ტატუნაშვილი: სახელმძღვანელოების გადახედვას დიდი დრო არ სჭირდება. მთავარია, დროულად გავეცნოთ. შარშანდელთან შედარებით წელს უკეთესი მდგომარეობაა, რადგან რამდენიმე ავტორი დაგვემატა.

ეკა ცხადაია: არ არის ცოტა დრო. საკუთარი სკოლის საჭიროებები ვიცით. ძველი სახელმძღვანელო რომ არ მოგწონს, ის კრიტერიუმიც გაქვს, რა გჭირდება, როგორი გინდა, რომ იყოს ახალი სახელმძღვანელო და ადვილად ერკვევი.

– რა პრინციპით აირჩევთ სახელმძღვანელოს, რას აქცევთ ყურადღებას? წელს გრიფირება განახორციელეს შემდეგი კრიტერიუმებით: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა; შინაარსობრივი, სტრუქტურული და ენობრივი გამართულობა; სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა და მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა. რომელია ამ ჩამონათვალში განმსაზღვრელი და თქვენ თქვენი საკუთარი პრინციპი ხომ არ გაქვთ, რაც უნდა ჰქონდეს კარგ სახელმძღვანელოს?

დიანა ტატუნაშვილი: არჩევანს გავაკეთებ იმ სახელმძღვანელოზე, რომლის თემატიკაც შესაბამისობაში იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებთან და თითოეულ მოსწავლეს გაიყვანს იმ შედეგებზე, რაც ესგ-ს მიზნებშია ასახული. სასურველია, თემის ირგვლივ მრავალფეროვანი რესურსები და დავალებები იყოს მოცემული, რომელიც მოსწავლეს აზროვნების უნარს განუვითარებს ამ საგანში. ჩემთვის საყურადღებოა საგნის სპეციფიკა, რომელიც პრაქტიკის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, X კლასში მრავალფეროვანი პრაქტიკული სამუშაოებით უნდა იყოს თეორიული მასალა გამდიდრებული.

ეკა ცხადაია: ჯერ არ ვიცი, რამდენ სახელმძღვანელოს უნდა გავეცნო. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა სწორედ გულისხმობს შინაარსობრივ, სამართლებრივ, ეთიკურ ნორმებს და მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობას. ეროვნული სასწავლო გეგმა არ არის ამ კრიტერიუმებისგან გამოთავისუფლებული, მაგრამ მე არაქართულენოვან მოსწავლეებთან ვმუშაობ და ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, წიგნი პასუხობდეს იმ ნიუანსებს, რომლებსაც ვაწყდებით. ეს ნიუანსი იცის იმან, ვინც უშუალოს ასწავლის ასეთ გარემოში.

ამ მიმართულებით საინტერესო სახელმძღვანელოები გამოვიდა შარშან და ძალიან საინტერესო და კომფორტული სახელმძღვანელოები შემქნეს. ავტორები ჩვენი პროექტის მასწავლებლები არიან – გიორგი ჭაუჭიძე, ნინო ჭანკვეტაძე, ზეინაბ ბერაძე, ნონა არევაძე-კოტორაშვილი, ნონა მიქელაძე, ია რობაქიძე. ზუსტად იციან, რა გვჭირდება, რადგან წლების განმავლობაში თვითონ იყვნენ ამ პრობლემის წინაშე, ამ პროცესში ჩართულნი. სხვას რომ პრეტენზია წაუყენო, რატომ არ მომეცი სახელმძღვანელო ისეთი, როგორიც მინდა და თავად შეგიძლია მარტივად ააწყო… ისეთი სახელმძღვანელოები დაიდო ამ მიმართულებით, რომ ჩვენს სფეროში მომუშავე მასწავლებლებისთვის დიდი შვებაა.

რომელი სახელმძღვანელოთიც მანამდე ვასწავლიდით, მე არ ამირჩევია, რადგან არჩევანიც არ იყო. ზედა საფეხურზე გაჩნდა არჩევანის საშუალება და როგორც გითხარით, ჩემი კოლეგების მიერ დაწერილი სახელმძღვანელოები აბსოლუტურად პასუხობენ იმ სპეციფიკას და პრობლემებს, რომელსაც ვაწყდებით.

– რამდენად არის სახელმძღვანელოზე დამოკიდებული სწავლების პროცესი, თუ გადამწყვეტი როლი მაინც მასწავლებელს ეკუთვნის?

დიანა ტატუნაშვილი: წიგნი მოსწავლის ხელშემწყობი და არაერთადერთი რესურსია იმისათვის, რომ საგანი კარგად შეისწავლოს. მასწავლებელი კი ამ პროცესის გზამკვლევია. სწავლა-სწავლების პროცესში მასწავლებლის როლი ისაა, რომ მოსწავლეს დაანახოს საგნის კავშირი ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასთან. მიზანი მიღწეული იქნება თუ მოსწავლე თეორიული ცოდნის ტრანსფერს შეძლებს. ჩვენი სკოლის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. მოლოდინი მაქვს, რომ ახალი, პრაქტიკული სამუშაოების ნიმუშებით გამდიდრებული იქნება სახელმძღვანელო და სწორედ ამის მიხედვით ავირჩევ. ასეთი სახელმძრვანელოები იწვევენ მოსწავლეების ინტერესსაც და ამიტომაც, ჩემი მიზანია მოსწავლის პიროვნული განვითარების უზრუნველყოფა, რაშიც დამხმარე რესურსი სახელმძღვანელო უნდა იყოს. წინა წელს, როცა VIII და IX კლასების სახელმძღვანელოების გრიფირება განხორციელდა, მხოლოდ 1 წიგნი იყო გრიფირებული და ალტერნატივა არ გვქონდა, მაგრამ გაცილებით ვრცელი მასალა და დავალებებიც გაცილებით მრავალფეროვანი იყო ახალ ვერსიაში. ახლა, X კლასის სამ სახელმძღვანელოს უნდა გავეცნოთ და ისე ავირჩიოთ.

ეკა ცხადაია: სახელმძღვანელო ძირითადი რესურსია სწავლა-სწავლებისა, თუმცა არა ერთადერთი. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი მასწავლებლის კომპეტენცია, თუ რამდენად იცნობს მოსწავლეების საჭიროებებს, როგორ შეიძლება სწავლების შინაარსი და საშუალება ერთმანეთს მოარგოს. პრინციპში, მასწავლებელი ქმნის გაკვეთილს, მან უკეთ იცის კონკრეტული დავალებისთვის რა სჭირდება – საკმარისია სახელმძღვანელო თუ დამატებითი რესურსია საჭირო. მასწავლებელზეა დამოკიდებული ცოდნის კონსტრუირება, კარგი სახელმძღვანელო კი რესურსია, რომელიც შრომას უმსუბუქებს მასწავლებელსაც და მოსწავლესაც.

სია მიცემულია და “პროცესის შეუსაბამობაც” საჯაროდ დაფიქსირებულია – 20 ივნისს მასწავლებლებს გრიფირებული წიგნები არ მიუღიათ. ახლა ჯერი მარიამ ჩიქობავას სამსახურზეა, რომელმაც მასწავლებლებს პირადად მოუწოდა, უშუალო კონტაქტისკენ.

ასევე იხილეთ:

IX და X კლასის ზოგიერთ სახელმძღვანელოს გრიფი მიენიჭა, ნაწილს კი უარი ეთქვა – სიები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური