GE

ერთი კლასის საათის გეგმა

ავტორი: ნინო კაპანაძე

ეროვნული სასწავლო გეგმის ახალ რედაქციაში კლასის დამრიგებლის საქმიანობის ერთ ასპექტს ასეთი ფორმულირება აქვს: “ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე…” ჩამონათვალში, რომელიც ამ ფორმულირებას მოსდევს, გარემოსდაცვითი კულტურის განვითარებაც შედის.

მაგალითად გთავაზობთ კლასის საათზე ჩასატარებელი აქტივობის მასალასა და გეგმას მეოთხე კლასისთვის.

კლასის საათის თემა: გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება (დრო – 60 წთ)

ჩატარების თარიღი:

კლასი: მე-4

მოსწავლეთა რაოდენობა:

მიზანი: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

შედეგი: გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება
საჭირო რესურსები: რამდენიმე ცალად ამობეჭდილი დანართი 1 და დანართი 2 ყველა მოსწავლისთვის, დიდი და პატარა ფორმატის ფურცლები ნახატისთვის, ფერადი ფურცლები, წებო, ფლომასტერები, ფანქრები, კალმები, მაკრატელი, წებოვანა.

კლასის გარემოს ორგანიზება: მოსწავლეები სხედან წრიულად, ბარიერების გარეშე. თავიდანვე თვალსაჩინო ადგილას არის გაკრული კლასის საათში მოსწავლის ჩართულობის თვითშეფასების რუბრიკა (დანართი 3), რომელსაც კლასი კარგად იცნობს.

დეტალური აღწერა:

1. მისალმების შემდეგ ვაცხადებთ ჩვენი შეკრების მიზანს და ვსვამთ კითხვას: თქვენი აზრით, როგორ ადამიანს შეიძლება ვუწოდოთ “ბუნების ქომაგი”? მოსწავლეთა პასუხების მოსმენის შემდეგ ვთავაზობთ მათ, ხმამაღლა წავიკითხოთ პატარა მოთხრობა “ხერხი სჯობია ღონესა…” (დანართი 1) (5 წთ).

კითხვაში მონაწილეობს 2-3 მოტივირებული მოსწავლე. მოთხრობის წაკითხვას სჭირდება 8 წუთი. დანარჩენ მოსწავლეებს ვთხოვთ ყურადღებას და ტექსტთან დაკავშირებული კითხვების ჩანიშვნას.

2. მოთხრობის დასრულებისთანავე მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, დასვან კითხვები (უცხო სიტყვებზე, ფრაზებზე, მათთვის გაუგებარ საკითხებზე), გამოთქვან მოსაზრებები. ყურადღებას ვამახვილებთ სათაურისა და შინაარსის კავშირზე, თადარიგიანობის თვისებაზე. ხდება უცხო სიტყვების ახსნა. შეიძლება, იქვე შევადგენინოთ სიტყვების სვეტიც, ანუ დიდ ფურცელზე ჩამოწერონ უცხო სიტყვები გასაგები შესიტყვებებით (7 წთ).

3. ამის შემდეგ მოსწავლეები ინდივიდუალურად სცემენ პასუხს წინასწარ მომზადებულ მარტივ ტესტს (დანართი 2) (5 წთ).

4. მომდევნო აქტივობისთვის ჯგუფური მუშაობის მეთოდს მივმართავთ. წინასწარ მომზადებულ ტრაფარეტებზე გვაქვს სამი წარწერა: “მხატვრები”, “მწერლები”, “მსახიობები”. ამ წარწერებს ვანაწილებთ ჯგუფების სამუშაოდ მოწყობილ მაგიდებთან, სადაც დავალებათა შესაბამისი რესურსებიც არის განაწილებული. ბავშვებს ვთავაზობთ, თავად აირჩიონ, რომელ ჯგუფში სურთ მუშაობა. ჯგუფების ორგანიზების შემდეგ (თუმცა შესაძლოა, პედაგოგმა დავალებების შინაარსიც წინასწარვე გააცნოს კლასს) სამივე ჯგუფს ვაძლევთ დავალებას:

მხატვრებმა წაკითხულის გათვალისწინებით ან საკითხთან ასოცირებით უნდა შექმნან ნახატი ან პლაკატი.

მწერლებს ეძლევათ 10 სიტყვა: ტყე, ფერდობი, ნერგები, ბავშვები, ნაძვის ხე, კაცი, ცული, ტომარა, გადაარჩინეს, დარცხვენილი. მათ ამ სიტყვების გამოყენებით უნდა შექმნან პატარა მოთხრობა, ზღაპარი ან სიუჟეტი.

მსახიობებმა უნდა შექმნან და გაითამაშონ სცენარი შეშისთვის ხის მოჭრის კანონიერ პროცესზე ტექსტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.

დრო: 20 წუთი სამუშაოდ და 2-2 წუთი პრეზენტაციისთვის, სულ – 26 წთ.

5. 3 წუთს ვუთმობთ უკუკავშირსა და შეჯამებას, რაშიც ბავშვებიც მონაწილეობენ.

6. ბოლოს დაფაზე ან დიდ ფურცელზე ვხატავთ კაცუნას წარწერით “ბუნების ქომაგი” და ვთხოვთ მოსწავლეებს, გვიკარნახონ მისი მახასიათებლები, რომლებსაც მოვნიშნავთ ნახატის გარშემო (3 წთ).

7. მოსწავლეები პატარა ფურცლებზე წერენ გვარ-სახელსა და კრიტერიუმების ნომერაციის შესაბამის თვითშეფასებებს, რისთვისაც ეძლევათ 2 წუთი. ეს ფურცლები იკრიბება დამრიგებელთან.

კლასის საათი მთავრდება შეკითხვით, რა შეიძლება გააკეთოს ჩვენმა კლასმა, რომ “ბუნების ქომაგის” წოდება დაიმსახუროს. ამ კითხვაზე პასუხის მოფიქრებას ვავალებთ მომდევნო კლასის საათისთვის, რომელიც სასურველია მცირე სასწავლო პროექტის იდეის გენერირების წინაპირობად ვაქციოთ.

ცხადია, შემოთავაზებული სქემა პირობითია. მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს თითოეული კომპონენტი და აქტივობა უფრო უკეთესი, საინტერესო და თქვენი კლასის საჭიროებებს მორგებული გახადოს.

დანართი 1

ხერხი სჯობია ღონესა

ვაკო და ბაკო, ანუ ვახტანგი და ბაკური ცხრა წლისანი არიან, ბიძაშვილები, ერთმანეთი ძალიან უყვართ, მაგრამ მხოლოდ არდადეგებზე ხვდებიან, რადგან ერთი სოფელში ცხოვრობს, მეორე – ქალაქში.

არდადეგებზე ბიჭები ერთად დგებიან, ერთად ატარებენ დღეს და ერთად იძინებენ. სალაპარაკო და მოსაყოლი ბევრი აქვთ. ხშირად ვახო პაპას დასდევენ ვენახში და ბაღში, მდინარეზეც პაპა წაიყვანს ხოლმე, მაგრამ ახლომახლო მარტოებსაც ენდობა. დამოუკიდებლობასაც უნდა მიეჩვიონო, ეტყვის ხოლმე ბებიას. ასე რომ, პაპა მოკავშირედ ეგულებათ. მერე რა საინტერესო ამბების მოყოლა იცის – ვერც ერთ წიგნში ვერ წაიკითხავთ. უამბობს რამეს და ზედაც ანდაზას დააყოლებს. ბავშვები ხან ხვდებიან ამ ანდაზის აზრს, ხან – ვერა, მაგრამ დამახსოვრებით კი იმახსოვრებენ.

აგვისტოს ცხელი დღეა, თუთის ჩრდილშიც კი ცხელა. ბიჭები მაგიდასთან სხედან და ცივ საზამთროს მიირთმევენ. ეზოში პაპა შემოდის და ეუბნება:

– წამოხვალთ ხვალ ტყეში, შეშის მოტანაში დამეხმარებით?

– წამოვალთ, პაპა, მაგრამ ამ სიცხე-პაპანაქებაში შეშა რამ გაგახსენა? – ეკითხება ბაკო.

– ბიჭო, დაიმახსოვრე, თადარიგიანი კაცი ასე იქცევა. ზაფხულში ზამთარზე უნდა იფიქრო და ზამთარში – ზაფხულზე. ბუნების კანონს ვერაფერი შეცვლის, ერთიც მოვა და მეორეც.

– ჯერ მთელი შემოდგომა წინ არ არის?

– შემოდგომაზე, შვილო, წვიმები იცის. ნაწვიმარზე ტყეში მანქანით შესვლა სახიფათოა, შეიძლება მანქანა მოსრიალდეს. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ახლა, აქ რომ ცხელა, ტყეში გრილა, საქმეს სიგრილეში გავაკეთებთ. თანაც შემოდგომაზე თქვენ ჩემთვის აღარ გეცლებათ და ვინ მომეხმარება? ასე არ სჯობია? – გაიღიმა პაპამ.

ბიჭები ადრიანად დაწვნენ, მაღვიძარაც მომართეს, რადგან ითქვა, მძინარებს არ დაველოდებითო.

მაღვიძარას ხმაზე რომ წამოხტნენ, პაპა და გელა, ანუ ბაკოს მამა და ვაკოს ბიძა, ფეხზე დახვდნენ, ბებია საგზალს ალაგებდა. მეზობლის ხმაურიან “კოლხოზნიკში” ჩაბარგდნენ, გელას ორი ამხანაგიც ჩაისვეს და გზას გაუდგნენ. მჭიდროდ ისხდნენ, მაგრამ ტყე შორს არ იყო, გზა შიგნითაც შედიოდა.

– აბა, აქ გაგვიჩერე, აქედან ფეხით მივალთ, – თქვა პაპამ.

ბიჭებს გაუკვირდათ, რომ გუშინდელი სიცხის შემდეგ აქ კი არ გრილოდა, ციოდა და ბებიას გამოტანებული ქურთუკები ბოლომდე შეიკრეს.

ტყეში ჩიტები მხიარულად ჭიკჭიკებდნენ. წინ პაპა მიდიოდა, თან ხეებს აკვირდებოდა. ვაკო შეფიქრიანებული ჩანდა.

– რა იყო, ქალაქელო, ხომ არ გეძინებაო? – ჩაეკითხა პაპა.

– პაპა, შეშისთვის ხეები უნდა მოვჭრათ?

– აბა, გამზადებულ შეშას ვინ დაგვახვედრებს?

– პაპა, მასწავლებელმა გვითხრა, ვინც ხეს მოჭრის, ბუნების მტერია და ჩვენი ბუნების მტერი ჩვენი სამშობლოს მტერიც არისო…

– მართალი უთქვამს შენს მასწავლებელს, მაგრამ, ეტყობა, იმის თქმა დაავიწყდა, რომ ტყესაც სჭირდება გამოხშირვა და ხალხსაც სჭირდება შეშა. ჯანსაღი და სახვალიო ხე არ უნდა მოჭრა, თორემ ავადმყოფი ხე დროზე უნდა მოაშორო ტყეს, რომ სხვა ხეებიც არ დააავადოს. ამისთვის არიან ტყის მცველები. მათ კარგად იციან თავიანთი ტყის ასავალ-დასავალი, იციან, სად რა სტკივა ტყეს და რა სჭირდება. ათვალიერებენ, ნიშნავენ ტყეკაფებს, ნომრავენ ავადმყოფ ხეებს. როცა ხალხს შეშა დასჭირდება, ამ მონიშნულ ადგილებზე გაუშვებენ.

– მაშ, ტყის მცველმა იცის, რომ ხეები უნდა მოვჭრათ? – მოხალისდა ვაკო.

– იცის, იცის, ოღონდაც მას ახლა ტყის მცველი კი არა, რეინჯერი ჰქვია. – გაეპასუხა ბიძა. – ჩვენ სპეციალური ბილეთი ავიღეთ, სადაც მინიშნებულია, სად და რამდენი ხე შეგვიძლია მოვჭრათ. ასეც მოვიქცევით, ამიტომ ჩვენ არც ბუნების მტრები ვართ და არც ჩვენი სამშობლოსი.

ვაკო გამხიარულდა და ბაკოს გადაულაპარაკა, ამდენი ნამდვილად არ ვიცოდი, როცა სკოლაში ბუნების დაცვაზე გვექნება გაკვეთილი, ყველაფერს მოვუყვებიო.

ამ ლაპარაკ-ლაპარაკში პაპა გაჩერდა, მოვედითო. დაალაგეს ბარგი, დაათვალიერეს ხეები, მოსაჭრელები შეარჩიეს და საქმეს შეუდგნენ.

ბაკო ერთ ვეებერთელა ხეს უტრიალებდა. ხეს დიდი ფუღურო გასჩენოდა და ნახევარი მხარეც გახმობოდა. ეს მალე თავისით მოტყდებოდაო, დაასკვნა ბიჭმა.

ჭრაც ამ ხიდან დაიწყეს. პაპამ ბავშვები გააფრთხილა, ზემოთ და მოშორებით დადექით, წაქცეული ხის ტოტები არ მოგხვდეთო, მერე სათქვენო საქმეც გამოჩნდებაო.

გელას მეგობარმა ხერხი აამუშავა და რამდენიმე ნახევრად გამხმარი ხე წამოაქცია. შემდეგ ხეებს წვრილი ტოტებისაგან გასხეპა დაუწყეს. ბიჭები წვრილ ტოტებს ფეხებიდან აცლიდნენ უფროსებს, ისინი კი დიდ ტოტებსა და ზროს მოკლე-მოკლედ ხერხავდნენ. ერთ ტოტზე ბიჭებმა ჩიტის ბუდე დაინახეს. ბუდე ცარიელი იყო, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს, რომელიმე ხეზე შემოედოთ – იქნებ პატრონს მიეგნო.

პაპამ ბიჭებს დაუძახა და გადაჭრილ მორზე გამოსახული წრეები აჩვენა. აბა, გადათვალეთ, რამდენიაო. ითვალეს და ორმოცდაშვიდამდე ავიდნენ.

– ეგ ხეც მაგდენი წლის ყოფილა. მაგ წრეებით ხის წლოვანება ითვლება. – თქვა პაპამ.

მოშუადღევდა, ხეების კენწეროებიდან მოჩანდა მზე, რომელიც გუშინდელივით კაშკაშებდა, მაგრამ სანამ ტოტებსა და ფოთლებში გამოაღწევდა, ძალას კარგავდა და ტყეში კარგად გრილოდა.

– შევისვენოთ, ბიჭებო, აბა, სუფრა გაშალეთო, -დაიძახეს უფროსებმა.

ბავშვებმა ბებიას გამოტანებული საგზლით პატარა სუფრა გააწყვეს.

ყველამ გემრიელად მიირთვა, ცოტა ხანს შეისვენეს. პაპა ქვევით წავიდა და თვალს მიეფარა. უფროსებმა მალე საქმე გააგრძელეს.

უკვე ბლომად მორი იყო მოჭრილი, მთის ფერდობზე იყვნენ, გზიდან კარგა ზემოთ. ვაკო და ბაკო დარდობდნენ, აქ მანქანა ვერ ამოვა და ამდენი შეშა გზამდე როგორ უნდა ჩავიტანოთო. ამ დროს პაპაც გამოჩნდა, მოდიოდა და თან რაღაცას ათვალიერებდა. ზემოთ რამდენიმე ადგილი მოინაცვლა და ისევ იქაურობის ზვერვა განაგრძო. ბოლოს გვერდით მიყრილ ტოტებს ჩაავლო ხელი, შვილიშვილებსაც დაავალა, რასაც შეძლებთ, წამოიღეთო და დაბლა დაეშვა. ბიჭები კვალში ჩაუდგნენ. გზასთან რომ მივიდნენ, პაპამ რამდენიმე ტოტი გასხიპა და სარებად აქცია. მერე ორ ხეს შორის ჩაარჭო და მოტანილი ტოტები მათ შორის გახლართა. ბიჭებს კიდევ ჩამოატანინა ტოტები და ისიც დაუმატა. გამოვიდა ოთხი-ხუთი მეტრი სიგრძის ღობე. ღობის იქით მიწა დახრამული თუ გამოთხრილი იყო და გზა ერთი-ორი მეტრით დაბლა გადიოდა. ბიჭები ვერ მიხვდნენ, რას აპირებდა პაპა.

– წამოდით, მორები დავაგოროთ და ვნახოთ, დაიჭერს თუ არა ჩვენი ღობე.

მართლაც, მორები დგანდგარით მიგორავდნენ და ღობესთან ჩერდებოდნენ. მხოლოდ რამდენიმეს “აერია” გზა. მალე დაბლა გორა დადგა. გელა და მისი მეგობრებიც ჭრას მორჩნენ და აქეთ გადმოვიდნენ.

გელამ მეზობელს დაურეკა, სატვირთოს გამოუარე და სადაც დაგვტოვე, იქ მოდითო. ერთ საათში მანქანების ხმაც გაისმა. “კოლხოზნიკს” უკან დიდი სატვირთო მოსდევდა. პაპამ – აქეთ მოაყენე ძარაო, უთხრა მძღოლს და ღობეზე მიუთითა. მანაც დიდი თუხთუხისა და ბრძოლის შემდეგ შემოაბრუნა მანქანა და ღობესთან მოაყენა. უფროსებმა ძარასთან ღობე აშალეს და მორების მანქანაზე გადაგორება დაიწყეს. მალე მთელი დღის ნამუშევარი ძარაზე მოექცა. კმაყოფილმა პაპამ ხელები მოიფშვნიტა და ბიჭებს უთხრა: “ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსაო”.

შინ რომ მივიდნენ, მძღოლმა მანქანის ძარა ააყირავა და შეშა ეზოს წინ ჩამოიცალა.

კაცები თუთის ძირში ბებიას გაშლილ სუფრას მიუსხდნენ. ვაკო და ბაკოც სუფრის სრულუფლებიანი წევრები იყვნენ. დაღლილებმა ვახშამი მალე დაამთავრეს.

დანართი 2

ტესტი
შემოხაზეთ სწორი პასუხი

1. შეიძლება თუ არა ტყეში ხის მოჭრა?

ა) დიახ
ბ) დიახ, მაგრამ წესების დაცვით
გ) არა

2. რა ეწოდება ადამიანს, რომელიც ტყეს იცავს?

ა) პოლიციელი
ბ) ტყის მცველი
გ) რეინჯერი

3. რით ისაზღვრება ხის ასაკი?

ა) სიმაღლით
ბ) ვარჯის გადანაჭერზე არსებული წრეებით
გ) ტოტების რაოდენობით

4. ვინ ითვლება ბუნების ქომაგად?

ა) ვისაც ტყეში სეირნობა უყვარს
ბ) ვინც ხეებს ჭრის
გ) ვინც ბუნებას იცავს

მოსწავლის სახელი და გვარი — – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

დანართი 3

მოსწავლის აქტივობაში ჩართულობის თვითშეფასების რუბრიკა

ერთი კლასის საათის გეგმა

წყარო: mastsavlebeli.ge

იხილეთ ორიგინალი

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი