GE

„აშშ პოზიციებს კარგავს“ – ნახეთ ყველაზე პოპულარული ქვეყნები საერთაშორისო სტუდენტებისთვის სწავლის გასაგრძელებლად

Keystone Education Group-ის (წამყვანი საერთაშორისო კომპანია განათლების ტექნოლოგიებისა (EdTech) და სტუდენტების მოზიდვის სფეროში.) ახალი ანგარიშის თანახმად, ზედიზედ მეორე წელია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს, სწავლის გაგრძელების მიზნით, უფრო და უფრო ნაკლები სტუდენტი ირჩევს.

უახლესი კვლევის შედეგებზე წერს დამოუკიდებელი მედია (საერთაშორისო განათლების სფეროში) – The PIE News და მიუთითებს, რომ Keystone-ის ანგარიშის მონაცემები 150 ქვეყნის 67 000-ზე მეტ პოტენციურ სტუდენტზეა დაფუძნებული.

„მიუხედავად იმისა, რომ აშშ კვლავ რჩება Keystone-ის პლატფორმებზე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოძიებული ადგილი სწავლისთვის, ის ჩვენს კვლევაში პოზიციებს კარგავს“, – აცხადებს Keystone-ის კვლევისა და ანალიზის ვიცე-პრეზიდენტი მარკ ბენეტი.

აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მკვეთრად უსწრებს დიდი ბრიტანეთით დაინტერესებული საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა.

ქვეყნების რეიტინგი Keystone-ის მონაცემებით ასე გამოიყურება:

პირველ ადგილზეა დიდი ბრიტანეთი – 21%-ით,
ამერიკის შეერთებული შტატები 11%,
კანადა – 9%,
გერმანია -8%,
იტალია -8%,
ავსტრალია – 5%,
ნიდერლანდები -3%,
ირლანდია – 3%,
ინდოეთი – 2%,
საფრანგეთი – 2%.

Keystone-ის ანგარიშის თანახმად, კანადამ და ავსტრალიამ 2025 წლის ეკონომიკური ვარდნის შედეგად გამოწვეული პოლიტიკური არასტაბილურობის შემდეგ, ზომიერი აღდგენა აჩვენეს და შესაბამისად, ახლა მესამე და მეექვსე ადგილებს იკავებენ.

როგორც Keystone-ის კვლევისა და ანალიზის ვიცე-პრეზიდენტი, მარკ ბენეტი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ კვლავ არის სტუდენტთა ძიების მაღალ რეიტინგში, აშშ-ში სწავლის პრაქტიკული მონაცემები ცხადყოფს, რომ მას ნაკლები სტუდენტი ირჩევს სწავლის ადგილად.

რა იწვევს აღნიშნულს?

„სწავლების ინგლისურენოვანი მიმართულების მქონე ქვეყნები, დამკვიდრებული რეპუტაციის შესაბამისად, ისევ მიმზიდველია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, თუმცა, ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ახალგაზრრდებს ამ მიმზიდველობის გამოყენებაში, ხშირად კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკაზეა დამოკიდებული – იქნება ეს სტუდენტის უსაფრთხოება თუ თავად სწავლის ხელმისაწვდომობა“, – აცხადებს მარკ ბენეტი.

გამოცემა The PIE News გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ Keystone-ის მონაცემების თანახმად, აშშ „დიდ ოთხეულს“ შორის თითქმის ყველა კატეგორიაში ბოლო ადგილზე იყო. „დიდი ოთხეული“ (The Big Four): აღნიშნავს საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყველაზე პოპულარულ ოთხ ტრადიციულ ინგლისურენოვან ქვეყანას: აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, კანადასა და ავსტრალიას.

კვლევის მიხედვით, აშშ-მა ამ ოთხეულს შორის ბოლო ადგილი დაიკავა ფინანსური ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და ვიზების გაცემის სიმარტივის კრიტერიუმებში. აკადემიური რეპუტაციის მხრივ კი, აშშ დიდი ბრიტანეთისა და კანადის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

Keystone Education Group არის წამყვანი საერთაშორისო კომპანია განათლების ტექნოლოგიებისა (EdTech) და სტუდენტების მოზიდვის სფეროში. მისი მთავარი მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, იპოვონ მათთვის იდეალური საგანმანათლებლო პროგრამა.

ასევე იხილეთ:

რას შეცვლის მთავრობა ქვეყანაში მიგრაციის მოსაწესრიგებლად უცხოელი სტუდენტების ნაწილში – გეგმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური