GE

სიმართლე სკოლის ბანკეტზე – „ეს აღარ არის მთელი კლასის ზეიმი“

ავტორი: ნინო კუხალეიშვილი, მათემატიკოსი

მშობლის ტკივილი მძაფრად შევიგრძენი, ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ, დავწერო.

ბინაში რემონტი გვაქვს და ძალიან კარგ ადამიანს – ხელოსანს გზადაგზა ხშირად ვეკითხებით, ხომ არ სჭირდება თანხის გარკვეული ნაწილი წინასწარ. ერთ-ერთი ასეთი კითხვის დასმისას, ეს ტანად დიდი ადამიანი უცებ მოიხარა, თითქოს დაპატარავდა. ძალიან გაუჭირდა სათქმელის თქმა – შვილს ბანკეტი აქვს და… არ ვიცი, რამდენი გთხოვოთო…

მივხვდი, რომ ძალიან კარგად იცოდა, რა თანხა სჭირდებოდა, უბრალოდ უჭირდა მისი დასახელება. ვუთხარი: კარგი, მე წავალ, კარგად ჩამოყალიბდი, დაითვალე და მერე დამირეკე-მეთქი. თანხა არცთუ მცირე აღმოჩნდა. მისი არანაკლებ სამთვიანი შრომის ანაზღაურების დიდ ნაწილს შეადგენდა. მიჭირს წარმოდგენა, ჩვენთან ეს სამუშაო რომ არ ჰქონოდა, როგორ მოაგვარებდა ეს კარგი ადამიანი ამ პრობლემას.

სწორედ ამ შემთხვევამ დამაფიქრა იმაზე, რასაც დღეს გამოსაშვები საღამოები ჰქვია.
ეს თემა პირდაპირ უკავშირდება ჩვენი საზოგადოების თანაცხოვრების კულტურას.
დავიწყებ გუნდურობით – იმ თვისებით, რომელიც თითქმის ყველა კითხვარში გვხვდება, როდესაც ადამიანი რომელიმე კოლექტივში შედის. ყველგან ცდილობენ გაარკვიონ, რამდენად შეუძლია ადამიანს გუნდურობა.

მაგრამ რამდენად სწორად გვესმის ეს სიტყვა?

გუნდურობა მხოლოდ ერთად ყოფნა არ არის. გუნდურობა ნიშნავს ისეთ გარემოს, სადაც თითოეული წევრი თავს მნიშვნელოვანად, მიღებულად და თანასწორად გრძნობს.
სკოლა, თავისი არსით, საბავშვო ბაღის შემდეგ მეორე სივრცეა, სადაც ბავშვი სწავლობს საზოგადოებაში ცხოვრებას. აქ ის სწავლობს არა მხოლოდ მათემატიკას, ლიტერატურას ან ისტორიას, არამედ იმასაც, რას ნიშნავს ერთმანეთის პატივისცემა, თანაგრძნობა, პასუხისმგებლობა და სოლიდარობა.

სწორედ ამიტომ ჩნდება სერიოზული კითხვა, როდესაც გამოსაშვები ღონისძიება ისეთ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელსაც ყველა ოჯახი ვერ წვდება.

ვისთვის იმართება ეს ღონისძიება?

თუ კლასში ოცდაათი მოსწავლეა და მათგან რამდენიმე ვერ ახერხებს მონაწილეობას ფინანსური მიზეზების გამო, მაშინ ეს აღარ არის მთელი კლასის ზეიმი. ეს მხოლოდ იმ ნაწილის ზეიმია, ვისაც ამის საშუალება აქვს.

გარედან შეიძლება ყველაფერი ლამაზი ჩანდეს – ფოტოები, მუსიკა, საზეიმო კაბები, მხიარული ვიდეოები, მაგრამ იმ ბავშვების გულში, რომლებიც ამ პროცესის მიღმა დარჩნენ, შესაძლოა სრულიად სხვა მოგონება დარჩეს. და ეს ნამდვილად არ იქნება კარგი მოგონება.

გუნდურობა სწორედ ასეთ დროს მოწმდება.

მარტივია ერთად აღნიშვნა, როცა ყველას ერთნაირი შესაძლებლობები აქვს. ბევრად რთულია საკუთარი სურვილების შეზღუდვა იმისთვის, რომ გვერდით მდგომი არ დარჩეს საერთო სიხარულის მიღმა.

სწორედ ეს არის კოლექტიური პასუხისმგებლობისა და ადამიანურობის გამოცდა. გუნდურობა იწყება არა ერთნაირი შესაძლებლობებიდან, არამედ ერთმანეთის გათვალისწინებიდან.

და ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც სკოლამ შეიძლება ასწავლოს როგორც ბავშვებს, ისე მშობლებს.

თუ გუნდურობა საერთო პასუხისმგებლობაა, მაშინ სკოლა ის ინსტიტუტია, რომელსაც შეუძლია ამ პასუხისმგებლობის ორგანიზება.

დღევანდელი ცხოვრება ბევრ ადამიანს მუდმივი ბრძოლის რეჟიმში ამყოფებს. ყოველდღიური საზრუნავი, ფინანსური სირთულეები, მომავლის შიში და შვილებისთვის უკეთესი პირობების შექმნის სურვილი ხშირად გვაიძულებს ყურადღება მხოლოდ ჩვენს წრესა და ჩვენს პრობლემებზე გავამახვილოთ.

ასეთ დროს შეიძლება საერთოდ არ გაგვიჩნდეს კითხვა – შეძლებს თუ არა ყველა ოჯახი იმავე ტემპით აჰყვეს დაგეგმილ ღონისძიებებს.

საინტერესოა, რომ ბავშვები ხშირად უფრო ბუნებრივად გრძნობენ ასეთ უსამართლობას, ვიდრე უფროსები. ზოგჯერ სწორედ უფროსები ვქმნით ისეთ სტანდარტებს, რომლებიც უნებურად გამორიცხავს სხვებს. შეიძლება არავის ჰქონდეს ცუდი განზრახვა. ხშირად ეს გულგრილობის კი არა, უბრალოდ არდაფიქრების შედეგია. მაგრამ შედეგი მაინც მტკივნეულია.

გამოსაშვები საღამო ერთი დღის მოვლენაა, მაგრამ განცდა ადამიანს შეიძლება წლების განმავლობაში გაჰყვეს. რა ასაკშიც არ უნდა ვიყოთ, სულ გვახსოვს ეს განცდები. ამიტომ, როდესაც კლასი ან მშობლები გეგმავენ საერთო ღონისძიებას, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არ უნდა იყოს – რამდენად შთამბეჭდავი იქნება ეს დღე.

მთავარი კითხვა უნდა იყოს:

შეძლებს თუ არა ყველა ბავშვი მონაწილეობას?

თუ პასუხი უარყოფითია, მაშინ გუნდის იდეა უკვე დაზიანებულია.

ნამდვილი გამარჯვება ის არ არის, რომ რამდენიმე ადამიანმა საუკეთესო მოგონებები შექმნას.
ნამდვილი გამარჯვებაა, როდესაც საერთო მოგონება იქმნება.

მშობლის სურვილი, შვილს საუკეთესო დღე აჩუქოს, სრულიად ბუნებრივია. ყველა მშობელს უნდა, რომ მის შვილს ლამაზი მოგონებები დარჩეს, თავი განსაკუთრებულად იგრძნოს და ბედნიერი იყოს. ამ სურვილში ცუდი არაფერია. პრობლემა მაშინ იწყება, როცა საკუთარი შვილის სიხარულის დაგეგმვისას ვეღარ ვხედავთ საერთო სურათს.

სანამ რაიმე საერთო გადაწყვეტილებას მივიღებთ, საკუთარ თავს ერთი მარტივი კითხვა უნდა დავუსვათ: ჩემი სიხარული ხომ არ იქცევა სხვის ტკივილად?

წარმოვიდგინოთ ბავშვი, რომელსაც ძალიან უნდა თანაკლასელებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ოჯახი ხარჯს ვერ წვდება. წარმოვიდგინოთ მშობელი, რომელიც უხერხულობის, სირცხვილის ან ტკივილის გამო ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობს. საზოგადოების სიძლიერე იმით არ იზომება, რამდენად მდიდრული ღონისძიებების მოწყობა შეუძლია, არამედ იმით, რამდენად ახერხებს თავისი ყველაზე სუსტი წევრების გათვალისწინებას. ზოგჯერ ნაკლებად ძვირადღირებული, მაგრამ ყველასთვის ხელმისაწვდომი ღონისძიება ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე შთამბეჭდავი ზეიმი, რომელშიც ვიღაც ვერ მონაწილეობს.

ბავშვები ჩვენგან მხოლოდ სიტყვებს არ სწავლობენ. ისინი აკვირდებიან, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს.

თუ დაინახავენ, რომ უფროსებმა საკუთარი სურვილების ნაწილი დათმეს იმისთვის, რომ კლასში არც ერთი ბავშვი არ დარჩენილიყო გარეთ, ეს მათთვის თანაგრძნობისა და გუნდურობის გაცილებით ძლიერი გაკვეთილი იქნება, ვიდრე ნებისმიერი საზეიმო სიტყვა.

გამოსაშვები საღამო მხოლოდ ზეიმი არ არის.

ეს არის საზოგადოების პატარა მოდელი, სადაც ბავშვები სწავლობენ, რას ნიშნავს თანასწორობა, სოლიდარობა და ერთმანეთის გათვალისწინება.

თუ ამ დღეს ვიღაც გარეთ რჩება მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გადაიხადა, მაშინ ჩვენ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ვერ ვასწავლეთ.

ამიტომ ეს მხოლოდ მშობლების არჩევანი არ უნდა იყოს.

სკოლას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა და შესაბამისი წესებიც, რომ მისი კედლებიდან არც ერთი ბავშვი არ გავიდეს განცდით, რომ საერთო სიხარულში მისთვის ადგილი არ აღმოჩნდა.
საბოლოოდ, სწორედ ეს არის გუნდურობა და სწორედ აქ იწყება ნამდვილი განათლება.

ამავე თემაზე:

ვის უნდა სინამდვილეში ბანკეტი? – მშობელს თუ მოსწავლეს – სკოლის დასრულების აღნიშვნა ახალი ტრადიციით და 3000-ლარიანი ხარჯები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური