„მიეცით მასწავლებლებს დრო, იფიქრონ ბავშვებზე“ – ეკონომისტის ნოველა
ავტორი: თამილა ლაშხია; ეკონომისტი, 63 წლის
ეს ნოველა წლების წინ დავწერე. მე მასწავლებელი არ ვარ, ეს იყო ჩემი თვალით დანახული რეალობა…სულ მიკვირდა, რატომ არ ენდობოდა განათლების სამინისტრო ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი უმაღლესი სასწავლებლების დიპლომს, რატომ არის მასწავლებელი სულ სტრესში (ნებისმიერი გამოცდა სტრესია)…. მიეცით მასწავლებლებს დრო, იფიქრონ ბავშვებზე….!
მასწავლებელი
მთელი ღამე იფიქრა, ძილიც არ მიეკარა, ათასჯერ აწონ-დაწონა ყველაფერი. დილას ადრე ადგა, აიღო სუფთა ფურცელი და მაგიდას მიუჯდა.
რამდენი წელი იმუშავა სკოლაში – მისთვის სკოლა და მოსწავლეები იყო ყველაფერი. საკუთარი ოჯახისთვის ვერ მოიცალა, ის წლებიც ახსოვს, უხელფასოდ რომ დადიოდა სკოლაში. სახლში მოსული ისევ ბავშვებზე ფიქრობდა, ყველა მოსწავლის საქციელს აანალიზებდა, ხვდებოდა ვის რა უნდოდა, ვის რა სტკიოდა! ყველა უყვარდა: ჭკვიანი, ბეჯითი, ცელქი, ზარმაცი, ყველაში რაღაც ხელჩასაჭიდს ეძებდა… რამდენი კარგი ადამიანი გამოზარდა, რამდენ სითბოს და სიყვარულს ღებულობდა მათგან… მოსწავლეების წერილებს ახლაც ინახავს:
– მიყვარხარ მასწ, თქვენ ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინეთ!
– თქვენ რომ არ შემხვედროდით, არ ვიცი, დღეს ვინ ვიქნებოდი!
– უკვდავების წყარო რომ არსებობდეს და ერთი პეშვის წამოღების უფლება მქონდეს, თქვენ მოგიტანდით მასწ!
…მერე?!
…მერე საკუთარი თავის გადარჩენისთვის, საკუთარი ხელფასისთვის მოუწია ზრუნვამ. წერდა, აგზავნიდა, ტრენინგებს უსმენდა, აკონსპექტებდა, საჩვენებელ გაკვეთილებს დგამდა… ორ ცეცხლს შუა იყო, რცხვენოდა ბავშვების, რადგან ის დრო მაგათთვის უნდა დაეთმო – ახლა კი თავის თავს უთმობდა.
მოვრჩები ამ გამოცდებს და მერე მივხედავ ბავშვებსო – ფიქრობდა… ეს გამოცდები, ტრენინგები და მეცადინეობა არ მთავრდებოდა, ბრაზდებოდა ყველაფერზე, განათლების სისტემის ეს სქემა ბავშვების და მოსწავლეების დაცილებას უფრო უწყობდა ხელს, ვიდრე მათ ცოდნაზე ზრუნვას!
ვერ იცლიდა ბავშვებისთვის, რათა მათი შინაგანი სამყარო ამოეცნო, გული ტკიოდა, როცა პატარები გულუბრყვილოდ იტყოდნენ ეს დავალება მასწავლებელმა დამაწერინაო, ხვდებოდა, რომ ბავშვების უმეტესობა გაკვეთილების მერე სხვა მასწავლებელთან ემზადებოდა, ესეც ჩემი ბრალიაო, იდანაშაულებდა თავს. მოვრჩები ამ ყველაფერს და მერე მივხედავ ბავშვებსო – ფიქრობდა.
არადა არ მთავრდებოდა ეს ყველაფერი!
ორად გაიყო, ამ ტრენინგებზე რასაც ისმენდა საერთოდ არ იყო საჭირო საგნისთვის, დაზეპირებული ფრაზებით, კანონებით ბავშვებთან მუშაობა როგორ შეიძლებაო – ბრაზობდა.
ნეტავ ამ გამოცდას ვერ ჩავაბარებდე წამოვალ იმ სკოლიდან და დავისვენებო, თუმცა ესეც არ უნდოდა, არ უნდოდა „სკოლიდან გამოუშვესო“ ეთქვა ვინმეს, თან ბავშვების გარეშე სიცოცხლეც ვერ წარმოედგინა.
დირექტორის კაბინეტი მორიდებით შეაღო.
– მობრძანდით ქალბატონო! გილოცავთ! მჯეროდა, რომ გამოცდას ჩააბარებდით! მჯერა, რომ დანარჩენ ეტაპებს თავს მშვენივრად გაართმევთ – უთხრა დირექტორმა და ხელი ჩამოართვა.
– გმადლობთ. მე, მე განცხადება მოგართვით – ჩაილაპარაკა და დირექტორს განცხადება წინ დაუდო.
დირექტორმა სათვალე გაიკეთა და განცხადება თავისკენ მისწია.
– რას ამბობთ! გამოცდა ჩააბარეთ, მთავარი სიძნელე გადალახეთ და წასვლაზე მიწერთ განცხადებას?
– დიახ! და ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა. მე ჩავაბარე ეს გამოცდა, მაგრამ დამიჯერეთ არცერთი საკითხი მე არაფერში მჭირდება. ბავშვებთან მუშაობა გაწერილი თეზისებით არ შეიძლება, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია… არცერთი არ ჰგავს ერთმანეთს, შესაბამისად, ყველას მიდგომაც ინდივიდუალური სჭირდება… ამას ვერ ამოწურავ. ბავშვი უნდა გიყვარდეს და საგანი უნდა იცოდე. მე ბევრი დრო მოვპარე ბავშვებს, მეტს ვერ ვიქურდებ… ვერ გავაგრძელებ ამ ყველაფერს, არ მიყვარს წარმოდგენები, დადგმული გაკვეთილები, მე ბავშვები მიყვარს, ამ ბოლო დროს საკუთარ თავს მეტ დროს ვანდომებდი, ვიდრე ბავშვებს…
დირექტორი თავჩაღუნული უსმენდა!
– და იქნებ დაფიქრდეთ კიდევ?
– არა, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, ოღონდ ერთი თხოვნა მექნება. სწავლის დაწყების დღეს შევალ ჩემს ბავშვებთან და დავემშიდობები.
სამარისებური სიჩუმე იყო კლასში. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.
მე თქვენ არ გტოვებთ ბავშვებო! გაკვეთილების მერე ხომ დადიოდით მასწავლებელთან, ჰოდა თუ რამეს ვერ გაიგებთ, ჩემთანაც შეგიძლიათ მოხვიდეთ…
ფული რამდენი დაგვჭირდება მასწ – იკითხა ერთმა.
ყელში რაღაც გაეჩხირა, ცრემლი ვერ შეიკავა… ფული არ იქნება საჭირო… მარტო სიყვარული – თქვა და გაიღიმა.
მოუთმენლად ელოდა გაკვეთილების დამთავრებას. მაგიდა და ოთხი სკამი გაამზადა, იქნებ ოთხიც არ მოვიდეს, ფიქრობდა. ვაითუ არცერთი არ მოვიდეს, როგორ გაძლოს ბავშვების გარეშე?!
მასწავლებელო! მოელანდა თუ მართლა ეძახიან. გაიხედა, თვალებს არ დაუჯერა… ეზოში გავიდა და ჭიშკრისაკენ გაემართა, სათითაოდ იხუტებდა ყველას და ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა თვალებიდან.
p.s. ამ გაუთავებელი გამოცდების დასასრული მინდა. ჩემთვის მასწავლებელი არის სხვა ვინმე… ჩემი ნოველის გმირი იმიტომ კი არ წამოვიდა სკოლიდან, გამოცდა რომ ვერ ჩააბარა, არამედ პროტესტის გამო. ჩემი დიდი პატივისცემა ყველა მასწავლებელს…ჩემი პირველი მასწავლებლიდან დაწყებული, ჩემი შვილიშვილის მასწავლებლით დამთავრებული.
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი
-
თსუ-ის პროფესორი: „ან მაშინ ვიტყუებოდით, როცა 240 კრედიტიანმა პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა, ან ახლა, სხვა დასკვნა შეუძლებელია“
by განათლებული ბლოგი
-
„რა ხდება, თუ ჩაბარებული გაქვს ქართული ენა ან მათემატიკა (VII-XII), რატომ არ არის საკმარისი ეს კომპეტენცია დაწყებით საფეხურზე?“
by განათლებული ბლოგი