„Erasmus პროგრამის ამოქმედება უკვე პროფესიული განათლების საფეხურზეც იგეგმება“
განათლების და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის თქმით, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით, უცხოურ სასწავლებლებთან ერთად, გაცვლითი და ერთობლივი პროგრამები განხორციელდება. ამის შესახებ მან, 30 ივლისს, განათლებისა და მეცნიერების 10 წლიან სტრატეგიის წარდგენისას ისაუბრა.
„იგეგმება Erasmus პროგრამის ამოქმედება უკვე პროფესიული განათლების საფეხურზე. განვითარდება ექსელენს-ცენტრები (CoE) და საერთაშორისო სასწავლებლები, რომლებიც შეძლებენ უცხოელი სტუდენტების მოზიდვას. სასწავლებლებში ამოქმედდება უცხოური ენის ცენტრები. გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სასწავლო პროცესში უცხოელი მასწავლებლები ჩაერთვებიან. დაინერგება პროფესიული მასწავლებლის განვითარების ახალი მოდელი. მისივე თქმით, მასწავლებლის საათობრივი ანაზღაურება, რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა, კვლავ გაიზრდება.
პროფესიულ კოლეჯებში სწავლების საშუალებებსა და მეთოდებთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ დაინერგება ციფრული და შერეული სწავლების მიდგომები, ასევე გაგრძელდება სახელოსნოებისა და პრაქტიკული სასწავლო სივრცეების მოდერნიზაცია. გაგრძელდება კერძო-საჯარო პარტნიორობით, რეალურ სამუშაო გარემოში სწავლების მასშტაბის ზრდა, დუალური სწავლების მოდელის დანერგვაზე განსაკუთრებული აქცენტით. პრიორიტეტულია კოლეჯების ბაზაზე სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება, რაც, თავის მხრივ, მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი გეგმის თანახმად, ქვეყანაში პროფესიული განათლების ბიუჯეტმა, 2030 წლისთვის, 730 მლნ ლარს უნდა მიაღწიოს.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები