GE

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგები 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა. როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამოცდის შედეგი 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა, სააპელაციო განაცხადების შედეგებს კი აბიტურიენტები მომავალ კვირას გაიგებენ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასული აბიტურიენტებიდან სააპელაციო განაცხადების უმეტესობა კი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებსა და ლიტერატურაში შევიდა, ხოლო აპელაციების რაოდენობა ამ საგნებში გასული აბიტურიენტების 2%-ც არ არის.

ივა მინდაძე: საერთო ჯამში შემოვიდა 2 200-ზე მეტი სააპელაციო განაცხადი.

– რომელ საგანშია ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი შემოსული?

ი.მ.: ყველაზე მეტი გასაჩივრება ქართულ ენასა და ლიტერატურაშია, რაც მოსალოდნელიც იყო. სუბიექტივიზმის მომენტი ყველაზე მეტად თხზულებების გასწორებისას შეიძლება იყოს ხოლმე. ამ წლების განმავლობაშიც ყველაზე ხშირად ამ ტიპის დავალებები საჩივრდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებსა და ლიტერატურაში.

ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ თუ ამას პროცენტულ ჭრილში შევხედავთ, სადღაც 2% -ის ფარგლებშია ეს საჩივრები, არც კი. ბევრ საგანში ნოლი მთელი რაღაც პროცენტია გასაჩივრებული. ხოლო თუ ამას იმ კუთხით შევხედავთ, რომ კონკრეტული დავალებები საჩივრდება და არა მთლიანი ნაშრომი, მაშინ ეს პროცენტი უფრო მცირე ხდება. ამიტომ ვფიქრობ ეს გასაჩივრებაც წინა წლების მსგავსია სადაც 1,5-2%-ში მერყეობს დიდ საგნებში სადაც თხზულებაა დასაწერი.

წელს საკმაოდ დიდი პროტესტი ჰქონდათ აბიტურიენტებს, რომლებმაც გეოგრაფიის საგანში ჩააბარეს გამოცდა. მათმა ნაწილმა პეტიციაც კი გააკეთა, რომ გამოცდაზე მოსული კონკრეტული დავალება, რომელიც 2016 წელს მომხდარ მოვლენებს უკავშირდებოდა გაუქმებულიყო. რამდენად დიდია სააპელაციო განაცხადები გეოგრაფიის საგანში?

ი.მ.: გეოგრაფიის საგანში აპელაცია 1%-ია, ანუ 100-ზე ოდნავ მეტი განაცხადია შემოსული.

– რომელ საგანშია შემოსული ყველაზე ნაკლები საჩივარი?

ი.მ.: რაოდენობრივად ყველაზე ნაკლები განაცხადი ხელოვნებასა და ფრანგულშია. ფრანგულში 3-მა აბიტურიენტმა შემოიტანა განაცხადი, რაც ძალიან ცოტაა, თუმცა პროცენტულად ძალიან მაღალი გამოდის.

– რამდენ დღეში დასრულდება სააპელაციო განაცხადების განხილვა და როდის ნახავენ აბიტურიენტები საბოლოო შედეგებს?

ი.მ.: ვფიქრობ, მომავალ კვირაში დასრულდება სააპელაციო განაცხადების განხილვა, ასე რომ უკვე ძალიან მალე იქნება საბოლოო შედეგები.

– წინა წლების გათვალისწინებით რომ გვითხრათ, აპელაციების დაახლოებით რამდენი პროცენტი კმაყოფილდება ხოლმე?

ი.მ.: ცვლილებების რაოდენობა ბევრი არ არის, დაახლოებით 15-20%-ის ფარგლებში თუ იცვლება ხოლმე ქულა. თუმცა ქულის ცვლილება არ ნიშნავს რომ აუცილებლად კმაყოფილდება. ქულა შეიძლება ორივე მხარეს შეიცვალოს, შეიძლება მოემატოს აბიტურიენტს ან დააკლდეს და ასეთი შემთხვევებიც არის, თუმცა დაკლების შემთხვევები ძალიან მცირეა.

გამოცდები 2018

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური