GE

გაკვეთილების ხანგრძლივობის შემცირების აკადემიური შედეგები მძიმეა – რაზე საუბრობს განათლების მკვლევარი გადატვირთული სკოლების კონტექსტში

2026-2027 სასწავლო წლის დასაწყისში, საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს სკოლებში ხელი მოაწერინეს იმის შესახებ თანხმობაზე, რომ გაკვეთილები 45 წუთის ნაცვლად, 30 წუთიანი იქნებოდა. მიზეზი გადატვირთული სკოლებია, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციისა თუ გაჭიანურებული მშენებლობების გამო, სხვა სკოლის მოსწავლეებიც დადიან. როგორც წლის დასაწყისში EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, თავად მშობლებისგან ამ კუთხით წინააღმდეგობა არ ყოფილა, როგორც ჩანს, მათთვის შემცირებული გაკვეთილების შედეგები ნაკლებად თვალსაჩინოა.

სწორედ დროის შემცირებით დამდგარ აკადემიურ შედეგებზე საუბრობს განათლების მკვლევარი, პროფესორი შალვა ტაბატაძე და აცხადებს, რომ რეალურად, ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია სკოლების გადატვირთულობასთან თუ სკოლების გაჭიანურებულ მშენებლობა-რეაბილიტაციასთან არის უმძიმესი და ეს არ უკავშირდება მხოლოდ მოსწავლის ერთი სკოლიდან მეორეში გადაყვანას.

განათლების სპეციალისტის თქმით, ეს ყოველივე ბევრ სხვა პრობლემას იწვევს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ არსებული გადატვირთულობის გამო, მცირდება ის მონაკვეთი, რომელსაც მოსწავლე სკოლაში ატარებს. სკოლა იღებს გადაწყვეტილებას, გაკვეთილი 45 წუთის ნაცვლად, იყოს 30 წუთი. ასეთ პირობებში, კი მოსწავლეს, რომელიც სკოლაშია და რომელიც შედის სულ მცირე 30%-ით ნაკლებ განათლებას ვაძლევთ.

„მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცოდეთ, რა ტიპის დანაკარგებს გვაძლევს ეს ყველაფერი და რამდენად დიდია ეს დანაკარგები. განსაკუთრებით, მაგალითად სწავლის ხანგრძლივობის შემცირება. როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს სკოლის შენობის რეაბილიტაციის თუ დემონტაჟის შესახებ, ჩვენი ამოსავალი უნდა იყოს მოსწავლე. რა ტიპის დანაკარგს მიიღებს ის რეაბილიტაციის პირობებში და რა ტიპის დანაკარგს მიიღებს სხვა სკოლაში გადასვლის პირობებში. დანაკარგს კი იღებს არამარტო ის, ვინც სხვა სკოლაში გადადის, არამედ მასპინძელი სკოლაც, ვინაიდან მათაც უმცირდებათ იქ საგანმანათლებლო პროცესი.

„დაახლოებით, სულ მცირე 30%-ით ნაკლებ განათლებას იღებს მოსწავლე ამ პირობებში. ასეთი დანაკარგები უდიდეს გავლენას ახდენს არამხოლოდ მყისიერად კონკრეტულ მოსწავლეებზე და ძალიან დაბალ შედეგებს იღებს აკადემიური თვალსაზრისით, არამედ გრძელვადიან პერიოდში. ჩვენს მოსწავლეებს ჩვენ ვაძლევთ უდიდეს დანაკარგს. ჩვენ გვყავს VI-VII კლასის მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ სხვა სკოლაში, ოღონდ თავიანთ სკოლაში არ ყოფილან, კოვიდის პერიოდში სწავლობდნენ ონლაინ და შემდეგ დაიწყო რეაბილიტაცია, თავისი სკოლა არ უნახავთ, რაც არის უმნიშვნელოვანესი ფსიქო-ემოციური პრობლემა ბავშვებისთვის“, – განაცხადა შალვა ტაბატაძემ 28 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხზე” საუბრისას.

განათლების მკვლევარი აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა აკადემიური დანაკარგები მხოლოდ გაკვეთილის დროის შემცირებასთან არ არის დაკავშირებული და სვამს კითხვას: ერთის მხრივ, ჩვენ ვუმცირებთ [ხანგრძლივობას] და უკვე აკადემიური დანაკარგები დიდია, მაგრამ მეორეს მხრივ, რა ტიპის და ხარისხის განათლებას ვაძლევთ მოსწავლეებს ამ პერიოდში?

სკოლისა და მოსწავლის დონეზე პრობლემების ჩამონათვალში სპეციალისტმა ახსენა ისეთი საკითთხები, რომლებიც კარგად ნაცნობია მოსწავლეთა მშობლებისთვის: სხვადასხვა ცვლების გამო მოსწავლეს არეული აქვს დღის რეჟიმი, მოსწავლეს აღარ აქვს სკოლის გარე აქტივობების – წრეებით დაკავების შესაძლებლობა, მშობელს აღარ აქვს შვილის რომელიმე ნიჭის განვითარებაზე ზრუნვის დაგეგმვის შესაძლებლობა და ვინაიდან ეს არც თავად სკოლაშია უზრუნველყოფილი ზარალდება სოციალურად დაუცველი დენა, რომელთა შორის ბალანსს, არსებული პრობლემების გამო, ვერც მშობელი და ვერც სკოლა ახერხებს.

განათლების მკვლევარი მიუთითებს, რომ მსოფლიოში ტარდება კვლევები, რომლებიც სწავლობს, რა გავლენას აქვს სწავლის ხანგრძლივობას მოსწავლეებზე დ მაგალითად მოიყვანა 2024 წელს ატარებული კვლევა, რომელშიც ამ საკითხზე არსებული კვლევების მეტაანალიზი განხორციელდა.

“ამ კვლევის შედეგებმა სწავლის ხანგრძლივობასა და მოსწავლეთა მიღწევებს შორის უდიდესი კორელაცია დაადგინა, (ანუ რა დროს გამოყოფს მოსწავლე, რა დროით არის სკოლაში და შედეგებს შორის). შედეგად, აშშ-ში შეშფოთებას იწვევდა ის ფაქტი, რომ მოსწავლეები სკოლაში საშუალოდ 6-7 საათს ატარებდნენ, წელიწადში კი, 180 დღის განმავლობაში, დაახლოებით 1 200 საათს. ეს შეშფოთებას იწვევდა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში, სასწავლო დრო 200 საათით მეტი იყო, ზოგან – ნაკლები. ჩვენს დღევანდელ სასწავლო გეგმას თუ ავიღებთ, სასწავლო წლის განმავლობაში 180 დღე გვაქვს, თუმცა დასვენების დღეების გათვალისწინებით, ეს რაოდენობა 170 დღემდე მცირდება. მოსწავლის მაქსიმალური დატვირთვა კი დღეში ხუთი საათია, ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც სკოლა ცვლებში მუშაობს და იმ შემთხვევაში, როდესაც იქ სხვა [მოსწავლე] შედის, სხვა სკოლიდან გადადის, მათ აქვთ უფლება 30-წუთიანი შეცვლების“, – განაცხადა შალვა ტაბატაძემ 28 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხზე” საუბრისას.

ასევე იხილეთ:

სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური