განათლების სამინისტროში პრემიერ-მინისტრს სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება – რა ცვლილება მიიღო პარლამენტმა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 78 ხმით 5-ის წინააღმდეგ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში 2 ცვლილება მიიღო, რომელთაგან ერთის თანახმად, მათ შორის განათლების სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილეს ამ მოადგილეს შესაძლებელია დაეკისროს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია.
გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს უფლება ექნება, შეთავსებით შეასრულოს შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ან მისი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, აგრეთვე, შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება. რაც ნიშნავს, რომ მაგალითად განათლების მინისტრის რომელიმე მოადგილე შესაძლებელია იყოს პარალელურად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელი, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და ა.შ.
როგორ ხსნის მთავრობა ცვლილების საჭიროებას
საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი განმარტებითი ბარათი ასეთი ცვლილების საჭიროებას შემდეგნაირად ხსნის: „აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს შესაბამისი მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინირებულ განხორციელებასა და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, კონკრეტულ სფეროებში პასუხისმგებლობის კონცენტრირებასა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას, რიგი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას, არსებული ადამიანური რესურსის გონივრულად გამოყენებას“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
რაც შეეხება ანაზღაურების ნაწილს, როგორც მთავრობა განმარტავს, გამოირიცხება ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელების ანაზღაურებითი ხასიათი.
“იქმნება შესაძლებლობა ერთმა ადამიანმა შეთავსებით განახორციელოს როგორც მინისტრის მოადგილის, ისე, შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი/მისი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება. ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება მან შესაბამისი ანაზღაურების გარეშე უნდა განახორციელოს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციის შესრულებას, აღნიშნული შესაძლებელია დაეკისროს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ანაზღაურების გარეშე შეასრულებს დაკისრებულ ფუნქციას”.
უნდა ველოდოთ თუ არა ამ ცვლილების შემდეგ სხვადასხვა სამინისტროებში კადრების შემცირებას, ჯერ უცნობია, თუმცა კანონში არსებული ჩანაწერი აღნიშნულ მოცემულობას არ გამორიცხავს: “სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა დამოკიდებული იქნება იმ გარემოებაზე, აღნიშნული ფუნქციის განხორციელება რამდენი მინისტრის რამდენ მოადგილეს დაეკისრება, რამდენი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილებას განახორციელებენ მინისტრების მოადგილეები შეთავსებით და შესაბამისად, რამდენი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გაცემა აღარ განხორციელდება, რაც უარყოფითად აისახება საშემოსავლო ნაწილზე იმ თვალსაზრისით, რომ საშემოსავლო გადასახადი (20%-ის ოდენობით) აღარ გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში”.
კანონში დამატებული ახალი პუნქტები, რომელიც 28 ოქტომბრიდან უკვე ამოქმედდა, ასე ჟღერს: “პუნქტი 31: მინისტრის პირველმა მოადგილემ/მოადგილემ შეიძლება იმავდროულად/შეთავსებით შეასრულოს შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი/მისი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის უფლებამოსილება, შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება. პუნქტი 32: საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა შეიძლება შეთავსებით ეკავოს მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს.
ასევე იხილეთ:
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება