GE

ეროვნული გამოცდების ჩაბარება აპლიკანტებს ჰაერის მკვეთრად მაღალი ტემპერატურის ფონზე უწევთ – როგორია კვირის პროგნოზი

ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისა და ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდებით გრძელდება. აბიტურიენტებს კიდევ რამდენიმე გამოცდის ჩაბარება დარჩათ, წინ კი მასწავლებლის საგნის გამოცდები და მაგისტრანტობის მსურველთა გამოცდებია.

აპლიკანტებს გამოცდის ჩაბარება პირბადის თანხლებით ჰაერის ტემპერატურის მატების ფონზე უწევთ. სინოპტიკოსების პროგნოზით კი დღეიდან 21 ივლისის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.

ეპიდემიოლოგების მიერ სპეციალურად გამოცდებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად კი, კონდიციონერის ჩართვა საგამოცდო სივრცეში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს, ამასთან, ამ დროს საგამოცდო სივრცის ფანჯრებიც ღია უნდა იყოს.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე ჩართულია თუ არა დღეს საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერი, გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვიპასუხეს, რომ ცენტრებში რეკომენდაციების შესაბამისად იქცევიან.

meteo.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 19-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს. მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი დედაქალაქშიც. დღეს ტემპერატურა 39 გრადუსს მიაღწევს ხვალ კი 40 გრადუსი იქნება.

EDU.ARIS.GE-ს მაღალი ტემპერატურის კუთხით საგამოცდო ცენტრებში არსებულ სიტუაციაზე რამდენიმე აბიტურიენტმა უამბო.

ცნობისთვის, დღეს 08:00 საათიდან საგამოცდო ცენტრები იმ აბიტურიენტებს იღებენ, რომლებმაც დამატებით საგნად ზოგადი უნარები აირჩიეს. მათ გამოცდაზე შესვლის წინ გვითხრეს, რომ მაღალი ტემპერატურა და გამოცდაზე პირბადით ჯდომა ხელს შეუშლიდათ მუშაობის პროცესში. გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ კი, მათი კომენტარები ასეთია:

აბიტურიენტი 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: ,,ეს ჩემთვის მესამე გამოცდაა, ასეთი მაღალი ტემპერატურა წელს მგონი არ ყოფილა. ცხრაზე დავიწყეთ გამოცდა და თავიდან არ იგრძნობოდა ასეთი სიცხე. დამკვირვებელმა გვითხრა, რომ დილით სანამ მოხვალთ ვრთავთ რომ არ იგრძნოთ სიცხეო, წერა რომ დავიწყეთ გაგრილება გამორთული იყო და არც მერე ჩაურთავთ, პირბადეში სუნთქვა ისედაც გვიჭირს და წარმოიდგინეთ იქ როგორ ვიქნებოდით – სახიდან ოფლი ჩამომდიოდა და რომ გამოვედი სველი ვიყავი სულ. ბევრჯერ გამოვხატეთ პროტესტი იქვე, თუმცა გვითხრეს რომ რეგულაციაა ასეთი”.

აბიტურიენტი 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: ,,იგივე პირობებში ვწერეთ ჩვენც და წარმომიდგენია შუადღის სესიის ბავშვები როგორ იქნებიან. ინფექცია გავრცელდება თუ ჩავრთავთო – ასე გვითხრეს და თავი გაიმართლეს. უბრალოდ, ასეთ პირობებში მართლა გაქცევაზე ვართ მერე გამოცდიდან, ვჩქარობთ, რომ დროულად ვწეროთ და გამოვიდეთ”.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს რომ მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

მოამზადეს ანუკი წიწილაშვილმა და მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური