GE

„ეს ძალიან დიდი ყურადღებით გააკეთეთ!“ – მნიშვნელოვანი გაფრთხილება და თხოვნა 2024 წლის აბიტურიენტებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის აბიტურიენტებს მნიშვნელოვან გაფრთხილებას აძლევს, რომელიც აპლიკანტის მიერ პროგრამების შერჩევას უკავშირდება და აბიტურიენტის უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე დიდი გავლენა აქვს.

ცნობილია რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ, სამაგისტრო და საგრანტო კონკურსის გამოცდებზე – სტატისტიკა 2024

“ის, რომ თქვენ მიერ ჩაბარებულ ყველა საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეთ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ჩაირიცხებით”, – ასე უპასუხა NAEC-ის წარმომადგენელმა აბიტურიენტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, რამდენი ქულა უნდა დააგროვოს იმისთვის, რომ ჩარიცხულად ჩაითვალოს.

როგორც მაია გაბუნია, საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი აპრილში ჩატარებულ ონლაინ ღია კარის დღეზე განმარტავს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის ის მინიმალური ქულა, რომელიც აბიტურიენტმა უნდა მიიღოს რათა შემდგომ, ჩარიცხვებში შეძლოს მონაწილეობა: “ყველა საგანში, გარდა უცხო ენისა და მათემატიკისა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გახლავთ 25%-ზე მეტი – ქართული ენა და ლიტერატურა და სხვა საგნები. მათემატიკასა და უცხო ენაში კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გახლავთ 20%-ზე მეტი, მაქსიმალური ქულების”, – ამბობს ის.

რა უნდა გადავამოწმოთ და გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ მიუხედავად ზღვარის გადალახვისა, ჩარიცხვებს არ გამოვეთიშოთ:

მაია გაბუნიას თქმით:

1. ჩარიცხვებში მონაწილეობისთვის თქვენ უნდა გადალახოთ დადგენილი ზღვარი – ქართულში 25%-ზე მეტი, უცხო ენაში 20%-ზე მეტი, ისტორიაში 25%-ზე მეტი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ გადალახეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, აუცილებლად ჩაირიცხებით.

2. ჩამონათვალში ისეთი პროგრამები უნდა გქონდეთ მითითებული, სადაც შედარებით დაბალი კონკურსია. კონკურსს თავადაც ხედავთ, შეგიძლიათ ეს ნახოთ თქვენივე სარეგისტრაციო ველიდან, თუ როგორი კონკურსია კონკრეტულ პროგრამაზე.

რას ნიშნავს ეს? – ვთქვათ, უმაღლესში მისაღები ვაკანსია ამ პროგრამაზე არის 50 და ჩამონათვალში, კონკურსში ვხედავთ, რომ პირველ ნომრად ის არჩეული აქვს 500 აბიტურიენტს, მეორე ნომრად ათასს და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ პროგრამაზე არის კონკურსი.

3. თუმცა, როდესაც თქვენ უკვე გეცოდინებათ თქვენი შედეგები ყველა საგანში, კიდევ შეგიძლიათ ცვალოთ [არჩევანი] და მე გთხოვთ, ეს ძალიან დიდი ყურადღებით გააკეთოთ.

4. განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება, თუ გაქვთ ისეთი პროგრამები არჩეული, სადაც გაზრდილია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დადგენილ ზღვართან შედარებით.

რას ნიშნავს ეს? – შესაძლებელია, რომელიმე უმაღლეს სასწავლებელს, რომელიმე პროგრამაზე, რომელიმე საგანში, მითითებული ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 70% და მეტი.

“ძალიან გთხოვთ, ამას მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საბოლოო, ჩარიცხულთა სიას განვათავსებთ ხოლმე, აღმოჩნდება, რომ აბიტურიენტი არ არის ჩარიცხული არსად იმიტომ, რომ მან ისეთი პროგრამები მიუთითა, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, ან გაზრდილი იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და სამწუხაროდ, ეს არ გაითვალისწინა”, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური