GE

სად და როგორ ჩავრიცხოთ თანხა და რა უნდა ვიცოდეთ – 2025 წლის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო (ვიდეოინსტრუქცია)

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციის გავლამდე უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური – ერთი საგნის გამოცდისათვის 10 ლარი. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, აბიტურიენტი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას).

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  • „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით – bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
  • „საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

ძირითად ეტაპზე – 2 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური და შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ მათ საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტები გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.

დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეეძლებათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტს შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.

თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, უნდა მონიშნოს შესაბამისი ველი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 10 აპრილის 18:00 საათამდე.

განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

გაითვალისწინეთ, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან.

გამოცდებთან დაკავშირებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ყურადღებით გაეცანით ელექტრონულ კრებულს „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.

იხილეთ რეგისტრაციის დეტალური ვიდეოინსტრუქცია.

საგამოცდო კრებულები

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური