„ეს ორი საკითხი არათანაბარ პირობებში აყენებს კერძო და სახელმწიფო უმაღლესებს“ – კსუ-ის რექტორი 2019 წელს აჯამებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის 2019 წელი მნიშვნელოვანი გამოდგა, ამ წელს უსდ-მ (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება შეძლო, რაც მის განვითარებაზე დადებითად აისახა. წლის შეჯამებისა და სამომავლო გეგმებზე საუბრის მიზნით EDU.ARIS.GE-ს სტუმარია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია.
უნივერსიტეტის კონკრეტული მიღწევები 2019 წელს:
დიდი ბრიტანეთის, გლოშესტერის (University of Gloucestershire) უნივერსიტეტის მიერ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) ოფიციალურ პარტნიორად აღიარება კავკასიის რეგიონში, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის განხორცილების უფლების მინიჭებით ბრიტანული დიპლომის მოპოვების მიზნით;
2019 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გაიარა სამი ახალი პროგრამის აკრედიტაცია:
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა, მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა და დერმატო-ვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამა;
2019 წელს საქართველოს ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ნაციონალური ბიზნესრეიტინგების ლიდერთა დაჯილდოების 48-ე ცერემონიაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს გადაეცა ჯილდო ნომინაციაში – „წლის ლიდერი“ დ ა საქართველოში მოქმედ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროს რეიტინგში წამყვანი პოზიცია დაიკავა და წლის ლიდერის ჯილდო მოიპოვა.
საკანონმდებლო ან სხვა ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა ამ წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების განვითარებისთვის (სახელმწიფოსგან) ან არ გადაიდგა და იყო მოლოდინი:
-საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრის სტატუსის მინიჭება 5 წლის ვადით;
„უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების გადმოყვანის წესით ჩარიცხვა საქართველოს ავტორიზებულ უსდ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე“ -წესში შეტანილი ცვლილება – ასეთი სტუდენტების ჩარიცხვამდე სავალდებულო გახდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება;
2019 წლის 10 აპრილის #69/ნ ბრძანებით დამტკიცდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორები, თუმცა ისევ რჩება კითხვის ნიშნები ზოგიერთი დარგისა და სპეციალობის ირგვლივ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ინსტიტუციის რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდა;
უახლოეს პერიოდში ვაპირებთ განვიხილოთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც არათანაბარ პირობებში აყენებს კერძო უმაღლეს სასწავლებლებს სახელმწიფო სასწავლებლებთან მიმართებით.
პირველია – ე.წ. დაფინანსებული პროგრამების საკითხი. განათლების სამინისტრო 100%-ით აფინანსებს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში გარკვეულ პროგრამებს (ინჟინერია, აგრარული და ა.შ.). მაგალითად, მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამაზე რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტი ფინანსდება სრულად (რაც არ არის სასწავლო გრანტი). ეროვნული გამოცდებზე ნაჩვენები დაბალი შედეგების მიუხედავად, სტუდენტები ფინანსდებიან, კერძო უმაღლეს სასწავლებლებში კი ანალოგიურ პროგრამაზე ამ დაფინანსებას ვერ იღებენ. შესაბამისად, კერძო უსდ ზარალდება, რადგან აბიტურიენტი გარანტირებული დაფინანსების გამო სახელმწიფო დაწესებულებას ამჯობინებს.
მეორე საკითხია საგადასახადო კანონმდებლობის დისკრიმინაციული მიდგომა კერძო უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემულ სტიპენდიებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსით 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ პუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია. ასევე 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ვ ქვეპუნქტით, გადასახადის გადამხდელმა უნდა დაბეგროს პირი, რომელიც პირს უხდის სტიპენდიას, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა;.
ამ რეგულაციის შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტზე გაცემული ნებისმიერი სტიპენდია თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო კერძო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს უნდა ჩამოეჭრას 20%. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი თუ დააწესებს სტიპენდიას, სემესტრულად 600 ლარს, სტუდენტი მიიღებს 600 ლარს ხელზე, კერძოს შემთხვევაში 600 ლარის სტიპენდიის დაწესებისას, სტუდენტი მიიღებს 480 ლარს.
თუ კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები ერთნაირად გადიან ავტორიზაციას, აკრედიტაციასა და კანონით დადგენილ სხვა პროცედურებს, სამართლიანი იქნება, რომ პრივილეგიებიც თანაბრად გავრცელდეს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადგილი და როლი ქართული უმაღლესი განათლების ჭრილში 2019 წელს და მოლოდინები 2020 წლისგან:
-ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველო გამოჩნდეს მსოფლიო განათლების რუკაზე. ვამართლებთ სახელს, რომ ვართ საერთაშორისო უნივერსიტეტი, გვყავს ათასამდე უცხოელი სტუდენტი და შეგვაქვს წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
2020 წლის გეგმები და პროგრამა მაქსიმუმი, რომელიც უნივერსიტეტმა უნდა შეასრულოს მომავალ წელს და სურვილები ქართული უმაღლესი განათლების გაჯანსაღებისთვის. რაში ვხედავთ სახელმწიფოს ჩართულობას და საით უნდა მიემართოს მათი ყურადღება:
-რამდენიმე პროგრამის განმეორებითი აკრედიტაცია. ახალი პროგრამების დამატება და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის გამრავალფეროვნება (საუნივერსიტეტო კლუბის აშენება).
სახელმწიფოს ყურადღება უნდა იყოს მიმართული უცხოელი სტუდენტებისათვის სასწავლო ვიზების გაცემის პროცესის გამარტივებისა და ქართული დიპლომების საზღვარგარეთ აღიარების არეალის გაფართოებისაკენ.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი