„ეს სასწავლო წელი ასე ჩარახრახდება“- რა მიაჩნიათ სპეციალისტებს უმთავრეს გადასადგმელ ნაბიჯად სექტემბრში
მთავარია რა იქნება სექტემბერში – ასეთია განათლების სფეროს სპეციალისტების ერთ წინადადებაში გამოხატული შეფასება მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ კორონავირუსის გამო, არც სასწავლო წელი და არც სემესტრი აკადემიურად არ ცხადდება. თუმცა არც სკოლებში ახლდება სწავლა. ანუ, 2020 სასწავლო წელი ასე – ონლაინ და ტელე გაკვეთილების იმედად ჩამთავრებულად ჩაითვლება.
ჯერჯერობით სულ ესაა, რაც განათლების სფეროსთან დაკავშირებით ითქვა. მეტი დეტალი არც საზოგადოებამ იცის და, სავარაუდოდ, არც მთავრობამ. ველით, რომ უახლოეს თუ არა, შედარებით ახლო მომავალში მაინც ცოტა უფრო მეტ დეტალს მოვისმენთ იმასთან დაკავშირებით თუ რა ბედი ეწევა კორონავირუსის გამო ზოგისთვის გაცდენილ, ზოგისთვის მიფუჩეჩებულ, ზოგისთვის კი შეძლებისდაგვარი მონდომებით გავლილ პროგრამას. თვალს დახუჭავს სახელმწიფო ხარვეზებსა და ჩავარდნებზე და წელს ისე გამოაცხადებს დახურულად, თუ სამომავლოდ განვლილ მასალასთან მიბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებს? არც ის ვიცით, როგორ დახურავენ წელს უმაღლესი სასწავლებლები, ან როგორ ჩატარდება ზაფხულში გამოცდები – მასწავლებლების იქნება ეს, აბიტურიენტების, მაგისტრობის მსურველებისა თუ სტუდენტების.
ვიცით მხოლოდ ორი რამ – წელი აკადემიურად არ ცხადდება და საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ ვბრუნდებით. ამ გადაწყვეტილებას განათლების სფეროს ექსპერტები იძულებითს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევანიც კი არაა. რეალური გადაწყვეტილებები კი, სექტემბრიდან გამოჩნდება, ანუ მას შემდეგ, რაც მოსწავლეები სკოლებში დაბრუნდებიან.
„ეს გამოსავალი არ არის, უბრალოდ, მეტი გზა არ არსებობს. გამოსავალი ნიშნავს, რომ რაღაც გაკეთდა, ამით კი არაფერი კეთდება. მე ვერ ვხედავ გადაწყვეტილებას, ან არჩევანს. ცოტა გაუგებარია რას ნიშნავს ეს. დაარქმევენ ამ სემესტრს აკადემიურს თუ არა, ეგ კი არაა მთავარი, მთავარია მერე რა მოხდება – თუკი სექტემბერში სწავლა აღდგება და ბავშვები სკოლაში დაიწყებენ სიარულს, მერე რა იზამენ? ესაა გადამწყვეტი და პრინციპული. ყველა შემთხვევაში, პროგრამაში მნიშვნელოვანი – 3,5-თვიანი ჩამორჩენა იქნება და თუკი ამ ჩამორჩენაზე თვალს დახუჭავენ, ჩაფარცხავენ და მომდევნო კლასის პროგრამას ისე გააგრძელებენ, ვითომ ეს პროგრამა გავლილია, არსებით შეცდომას დაუშვებენ“, – ეს განათლების სფეროს სპეციალისტის, ზურაბ ვახანიას მოსაზრებაა, რომელიც მიიჩნევს, რომ მიუხედავად ონლაინ და ტელე სწავლებისა, სკოლებში თავიდან უნდა გაკეთდეს ის, რაც ამ თვეებში დისტანციურად გაკეთდა.
ფიქრობს, რომ სკოლებმა ცოტა დაჩქარებულად, მაგრამ ყველაფერი თავიდან უნდა გაიარონ და სექტემბერ-ოქტომბერი ამას უნდა დაეთმოს.
„მეთორმეტე კლასში მაინც ტყუილად არიან ბავშვები და არაფერია. სამთვიანი კი არა 10-წლიანი ჩამორჩენა აქვთ“, – დასძენს იგი.
მისთვის ის, რომ სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ და სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა, არგუმენტი არაა, რადგან ფიქრობს, რომ მოსწავლეების უმრავლესობა ამ პროცესში, სხვადასხვა მიზეზით, ვერ ჩაერთო. ხოლო ვინც ჩაერთო, მათაც განახევრებული საათები უტარდებოდათ და თანაც, „ონლაინ გაკვეთილი ნამდვილ გაკვეთილს სანახევროდაც ვერ ცვლის“.
„ანუ, ჩათვალეთ, რომ გაკვეთილების ¼ ჩატარდა და ბავშვების უმრავლესბა ამასაც არ დასწრებია. ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, თუ რა მითითებას მისცემენ სკოლებს სექტემბერში. მოსწავლეებს სერიოზული ჩამორჩენა ექნებათ და თავს იტყუებს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მათ ის მიიღეს, რაც უნდა მიეღოთ. ხოლო, თუკი სექტემბრიდან განვლილ პროგრამას პედაგოგები ჯეროვან ყურადღებას დაუთმობენ, ეს 3,5-თვიანი ჩამორჩენა მნიშვნელოვან ზიანს ვერც მოსწავლეებს მოუტანს და ვერც სისტემას. ერთადერთი მისაღები და მასწავლებელთა გამოცდების საკითხია გაურკვეველი, თორემ სხვა რა? ასე ჩარახრახდება ეს სასწავლო წელი. არც რაიმე გეგმის წარმოდგენას მოველი. ახლა, მით უმეტეს, ამისთვის ვის სცხელა. გამოცდების საკითხი კი ნამდვილად გაუკრვეველია – მოესწრება თუ არა“, – აღნიშნავს ვახანია.
გადაწყვეტილება, სკოლების შემთხვევაში, მეტ-ნაკლებად მისაღებად მიაჩნია პროფესიული განათლების პროფკავშირის ხელმძღვანელ დენის დავითაშვილს, რადგან მისი აზრით, შედეგი აქ ნაწილობრივ მიღწეულია – რეალური გაკვეთილები ონლაინ და სატელევიზიო გაკვეთილებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც მართალია არ არის სრულფასოვანი, მაგრამ გარკვეული შედეგი მაინც მოაქვს.
მიაჩნია, რომ სამინისტრომ სასწავლო გეგმასა და პროგრამებში ცვლილებები უნდა შეიტანოს და პედაგოგები ონლაინ სწავლების დროს გავლილი პროგრამას ხელახლა მიუბრუნდნენ. ფიქრობს, რომ ამგვარად ნაწილობრივ მაინც აღდგება ის დანაკლისი, რაც ბავშვებმა კორონავირუსის გამო განიცადეს. მისი თქმით, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ინტერნეტის, ან კომპიუტერის უქონლობის გამო ონლაინ გაკვეთილები არ უტარდებოდათ და მხოლოდ ტელეგაკვეთილების ამარა იყვნენ დარჩენილები.
„სკოლებში მასალის გამეორება აუცილებელია, რათა მასწავლებელმა, რომელთაც ბავშვებთან პირადი კონტაქტი არ ჰქონია, გადაამოწმონ, რამდენად აითვისეს მოსწავლეებმა ონლაინ რეჟიმში ახსნილი მასალა. კიდევ ერთხელ უნდა გამოკითხონ ამ სამი თვის ნასწავლი და ბავშვებს მის განმტკიცებაში ხელი შეუწყონ. ალბათ განათლების სფეროს სპეციალისტები ისმჯელებენ და გამონახავენ გზებს, რათა ბავშვებს რაც შეიძლება ნაკლები დანაკლისი ჰქონდეთ“ ,- დასძენს იგი.
დისტანციურმა სწავლებამ, განათლების ექსპერტის, თამარ მოსიაშვილის აზრით, ცხადი გახადა ერთი რამ – სკოლებმა საკუთარი ძალების გამოყენება და ონლაინ სწავლებაზე გადასვლა შეძლეს. ეს, მისი აზრით, დადებითი მოვლენაა, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებები ყველანაირ ინსტრუქციას, ძირითადად, განათლების სამინისტროსგან ელიან. ამჯერად კი მათ საკუთარი შესაძლებლობების გააქტიურება შეძლეს. იმედოვნებს, რომ სკოლები, ამ მაგალითზე, საკუთარი ავტონომიურობის მნიშვნელობას გაიაზრებენ.
მეორე კი, რაც ამ რეალობამ აჩვენა, მოსიაშვილის თქმით, არის ის, რომ საქართველოში ხარისხიანი განათლება ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი არ არის – არ აქვთ ინტერნეტი, კომპიუტერები, ან მათი პედაგოგები შესაბამის უნარებს არ ფლობენ. ასეთი მოსწავლეები სასწავლო პროცესის მიღმა დარჩნენ. ამის პარალელურად კი, არსებობენ საჯარო სკოლები, რომელთაც საკმაოდ წარმატებით გაართვეს თავი. შესაბამისად, სპეციალისტი დასძენს, რომ კორონავირუსმა სკოლებიცა და მოსწავლეებიც არათანაბარ პირობებში ჩააყენა.
„ამ ყველაფრის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ აკადემიური წლის გამოცხადება არ ღირდა. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ვიფიქროთ თუ რა უნდა დაიგეგმოს, როცა ნორმალურ პირობებში ცხოვრებას შევძლებთ, რათა იმ მოსწავლეებს დავეხმაროთ, რომლებიც სასწავლო პროცესის მიღმა დარჩნენ. ჩვენ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ტელესკოლა ის პროექტია, რომელმაც ყველა მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვა უზრუნველყო. მასწავლებელთან პირდაპირი კომუნიკაცია და უკუკავშირი გადამწყვეტია.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გაიაზრებს თუ არა ჩვენი ქვეყანა, სკოლები და საზოგადოება სკოლებს ავტონომიურობის ზრდას და იმას, თუ როგორ შეუძლიათ სკოლებს, თავისუფლების პირობებში, საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ. ჩვენ შემსწრენი ვიყავით იმ ფაქტებისაც, რომ თავად სკოლები და მასწავლებლები ერთმანეთს რესურსებს უზიარებდნენ. გამოდის, რომ ამ ვითარებაში გვაქვს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური მაგალითები“, – აცხადებს მოსიაშვილი.
საგანმანათლებლო პროცესში გაჩენილი ორმოს ამოსავსებად კი, მისი აზრით, არაერთი რამის ინიცირებაა შესაძლებელი – საზაფხულო და ზამთრის სკოლები, დაჩქარებული კურიკულუმები, როდესაც მოსწავლეებს, შედარებით მოკლე დროში, საკვანძო საკითხებს შეასწავლიან და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დისტანციური სწავლების რეჟიმში დახურვასთან დაკავშირებით ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა. საგანგებო ბრიფინგზე ისიც გაირკვა, რომ ზაფხულში დაგეგმილი მისაღები გამოცდები ჩატარდება. თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რა ფორმით მოუწევთ გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტებს, პრემიერი პრეზენტაციის გამართვას დაგვპირდა. ითქვა ისიც, რომ აპლიკანტთათვის ყველაზე უსაფრთხო მოდელის შესამუშავებლად განათლების სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ერთობლივად მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია ისიც, თუ როდის გახდება ცნობილი მათი მუშაობის შედეგი და გამოცდებისათვის შემუშავებული რეკომენდაციები.
მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება