„ეთნიკური უმცირესობების სკოლის დირექტორების დიდი ნაწილი, წინა, ორი პერიოდის სერტიფიცირების პერიოდშიც არ არის სერტიფიცირებული“
როგორც ცნობილია, განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორების მსურველთა სერტიფიცირების პროცესის დაწყება გამოაცხადა და ამ კუთხით საინტერესოა საქართველოს პარლამენტის სპეციალური თემატური ჯგუფის ანგარიშში მოცემული დასკვნები.
„სკოლის დირექტორების დიდი ნაწილი არ არის საკმარისად მომზადებულები სკოლისა და სასწავლო ლიდერის როლის შესასრულებლად. არ გააჩნიათ საკმარისი პროფესიული და ენობრივი კომპეტენციები, არ არიან ორიენტირებულები სკოლებისათვის ახალი შესაძლებლობების გაჩენით და ვერ ქმნიან მოტივაციას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის განათლების პროცესში აქტიური ჩართულობისათვის“, – ასეთ დასკვნას აკეთებენ ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის შემდეგ, პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები სქელტანიან ანგარიშში, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ მომზადებული თემატური მოკვლევის პროცესში გამოკითხული რესპონდენტები მოკვლევის ჯგუფის წევრებმა საინტერესო ინფორმაციები მიიღეს, რაც დირექტორების პროფესიული განვითარების შესახებ მომზადებულ ქვეთავში მოხვდა.
„სკოლებში განათლების ხარისხზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, სკოლის დირექტორების, როგორც სასწავლო და სასკოლო ლიდერის როლსა და მნიშვნელობაზე აქცენტის გაკეთება. კვლევები ცხადყოფს, რომ სკოლები, რომელთაც ჰყავთ ეფექტური დირექტორი, გამოირჩევიან ეფექტური მოსწრებით (პერფორმანსით) მოსწავლეების მიღწევების, სასკოლო კულტურისა და გარემოს შესაბამისობის და მასწავლებლების მზარდი პროფესიული განვითარების მაჩვენებლებით (Tomlins 2004). ეთნიკური უმცირესობების სკოლის დირექტორების დიდი ნაწილი, წინა, ორი პერიოდის სერტიფიცირების პერიოდშიც არ არის სერტიფიცირებული“, – წერია თემატური მოკვლევის ანგარიშში.
„დირექტორები წლებია არ შეურჩევიათ და ბოლოს შერჩეულები ყოველგვარი გამოცდის გარეშე დაინიშნენ“… „მნივშენლოვანია სასწავლო გარემოს გადახალისება – რადგან ეთნიკური უმცირესობების სკოლების ადმინისტრაცია ისევ ძველი სტილით მართავს, (არ ზრუნავენ სწავლების ხარისხზე)“ – ასეთია მიღებული ინფორმაციების ნაწილი და დოკუმენტის თანახმად, მოკვლევის ფარგლებში ვლინდება რადიკალური შეფასებებიც:
ძირითადი ასპექტებზე მსჯელობისას, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების განათლების ერთიანი სისტემის გარეთ დამატებით ან განსხვავებულ ძალისხმევას მოითხოვს, შემოთავაზებებს შორის ასევე გაჟღერდ – „მნიშვნელოვანია სკოლების დირექტორებად ახალგაზრდა, ეთნიკურად არაქართველი და გადამზადებული კადრების შერჩევა“. „დირექტორები არიან ასაკოვანი კაცები, რომლებიც ძველი ტრადიციების მომხრეა“.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დღის წესრიგში დგას დირექტორების პროფესიული გადამზადების აუცილებლობის საკითხიც.
45 რეკომენდაციიდან, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის შესახებ მოკვლევის ანგარიშში მოხვდა, დირექტორი მხოლოდ ერთ რეკომენდაციაშია ნახსენები, ის ენის დეპარტამენტის მისამართითაა გაკეთებული და ასე ჟღერს: მასწავლებლებისათვის და დირექტორებისათვის სახელმწიფო ენის ფლობის სავალდებულო დონის განსაზღვრა.
ასევე იხილეთ:
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება