GE

„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში 17 წლის პირებისთვისაც იქნება დასაშვები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომავალი კვირიდან გამოქვეყნდება მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინაცია 16 წლის ზემოთ პირებისთვისაც იქნება დასაშვები. ამის შესახებ მან 14 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ამ ეტაპზე შემოსულია 28 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც გაიყოფა 2 ნაწილად, მოგეხსენებათ მეორე დოზა კეთდება 3 კვირის შემდეგ, ამიტომ გარანტირებულად რომ შეხვდეს პირველად აცრილებს. რაც შეეხება ასაკს, ჯავშნები იქნება ამ ეტაპზე 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ ასაკი დაიწევა „ფაიზერზე“, როგორც არის ინსტრუქცია 16 წლის ზემოთ. ეს გაფორმდება მომავალ კვირაში მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და უკვე „ფაიზერის“ მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაა, რომ ვაქცინაცია პედაგოგებისთვის სავალდებულო გახდეს, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება უცხოეთის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური