გაფრთხილება 2024 წლის აბიტურიენტებს უცხოურ ენაში – ნუ გადააჭარბებთ 170 სიტყვას თხზულებაში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენის ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე ამბობს, რომ გასულ წელს, უცხოური ენის ტესტში შეტანილმა ახალმა დავალებამ აბიტურიენტებში გაამართლა და კომუნიკაციური სახის დავალებამ – დიალოგის აგება, ძალიან კარგად იმუშავა.
მიუხედავად აპიტურიენტების შეფასებისა, რომ უცხო ენის ტესტებში NAEC ენის ცოდნის მაღალ დონეს ითხოვს, რუსუდან ტყემალაძე აცხადებს, რომ “ტესტის სირთულის დონე არის B1 – ისეთი, რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმა ითხოვს”.
გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა, 2024 წლის აბიტურიენტებთან გამართული პირველი შეხვედრისას პირადად განმარტა უცხოური ენის ტესტში ერთ-ერთი დავალების პირობის ცვლილების მიზეზიც და იმ პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც აბიტურიენტების მხრიდან თხზულების წერისას ყოველწლიურად ვლინდება:
„ჩვენი ტესტი 6 დახურული დავალებისგან შედგება. ვამოწმებთ მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარს, ასევე გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნის დონეს. წელსაც, ტრადიციულად, გვაქვს 1 ღია დავალება. ეს გახლავთ თემა. დავალების პირობაში ამ დრომდე იყო მოთხოვნა – დაეთანხმეთ ან არ დაეთანხმოთ გარკვეულ დებულებას. ამ ტიპის დავალება ჩვენს ტესტში 2005 წლიდან იყო. იგი მოძველდა და სხვადასხვა მიზეზის გამო კარგად უკვე ვეღარ ამოწმებს აბიტურიენტის წერის უნარს. მოსწავლეები წერდნენ დაზეპირებული, ერთნაირი შაბლონებით და ტრაფარეტებით. არ ჩანდა პირადი მოსაზრება, ეს კი არასასურველი ფაქტი იყო. წელს დავალების პირობაში აღარ იქნება მსგავსი ფორმულირება. მოცემული იქნება გარკვეული ინფორმაცია და აბიტურიენტმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით მისი პირადი აზრი უნდა გამოხატოს. შეგიძლიათ გამოხატოთ ნებისმიერი აზრი დასმულ საკითხთან დაკავშირებით – დადებითიც და უარყოფითიც. ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს თქვენი პირადი მოსაზრება. მნიშვნელოვანია, რომ ლაღად დაწეროთ თემა, განთავისუფლდეთ შაბლონებისაგან და გაამყაროთ თქვენი მოსაზრება არგუმენტებით”.
გამოცდების ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, უკვე ჩატარებულმა აპრობაციამაც აჩვენა, რომ მოსწავლეები შეცვლილი ფორმატით ძალიან საინტერესოდ გადმოსცემენ აზრს.
“თხზულების დასაწერად შერჩეული საკითხი, ცხადია, ყოველდღიურობასთან დაკავშირებული და თქვენთვის ნაცნობ თემაზე იქნება. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პირადი, ინდივიდუალური მოსაზრება გადმოცემული კარგი ლექსიკისა და გრამატიკული სტრუქტურების საშუალებით ჩვენთვის ყველაზე ღირებულია.
“პრობლემა, რომელსაც წლიდან წლამდე ვაწყდებით, ინსტრუქციის გაგებას უკავშირდება. ინსტრუქციაში ნათლად წერია, რომ დასაშვებია 120-170 სიტყვა. გადაჭარბება ნიშნავს მეტ შეცდომას. ჩემი რჩევაა, თემის წერისას გაითვალისწინოთ ინსტრუქცია – ნუ გადააჭარბებთ მოთხოვნილი სიტყვების რაოდენობას. ივარჯიშეთ, რომ დაიცვათ ეს მოთხოვნები“, – თქვა რუსუდან ტყემალაძემ, უცხოური ენის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
ასევე იხილეთ:
გამოქვეყნდა აბიტურიენტთა 2024 წლის საგამოცდო პროგრამები და ინფორმაცია ტესტური დავალებების შესახებ
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024