GE

GRUNI-ში პროექტი „ბავშვები ბავშვებისათვის“ გაიხსნა

2024 წლის 21 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მესამედ გაიხსნა პროექტი „ბავშვები ბავშვებისათვის“.

მოსწავლეებისთვის განკუთვნილ პროექტს ხელმძღვანელობს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე – პრეზიდენტი, გრუნის პროფესორი სოფო კილაძე.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვების დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ფორმირებას; სამშობლოს, მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული კულტურული ღირებულებების პატივისცემას; სხვაზე ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებას.

წინა წლებთან შედარებით პროექტი რამდენადმე განსხვავებულია, წელს მას დაემატა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გაიმართება 2025 წლის 10-12 მარტს და რომელიც მიეძღვნება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 35-ე წლისთავს. პროექტის საუკეთესო მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ კონფერენციის მუშაობაში და მსოფლიოს ბავშვებს გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, თანატოლებს გააცნონ თავიანთი ქვეყანა.

კონფერენციის მთავარი თემაა: ბავშვის უფლებები და თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტი.

შეხვედრა გახსნა გრუნის სტრატეგიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა – მერი ლომიამ, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო ის შესაძლებლობები, რასაც უნივერსიტეტი ამ პროექტით სთავაზობს, ისაუბრა პროექტის ეტაპებისა და შემდგომი შეხვედრების შესახებ.

სოფიო კილაძემ დეტალურად განიხილა პროექტის შინაარსობრივი მხარე და შეფასების კრიტერიუმები, შემდეგ კი უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

შეხვედრას თბილისის 100-მდე და რეგიონის 200-მდე მოსწავლე ესწრებოდა.

შემდეგი შეხვედრა 2025 წლის 1 თებერვალს გაიმართება.

პროექტი 2022 წლიდან ხორციელდება და პროექტის მთავარი პრიზი – ტური ბრიუსელში, უნივერსიტეტის მხარდაჭრით, უკვე 14 მოსწავლემ მიიღო.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური