თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ ხელმოწერილი და 25 დეკემბერს გამოცემული ორი ბრძანების თანახმად ცვლილებები განხორციელდა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ და „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებებში.
კერძოდ, საუბარია თავდაცვის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ საჭირო ცვლილებაზე, რომელიც იმ პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას ეხება, რომელიც ერთიან ეროვნულ ან საერთო სამაგისტრო გამოცდაზეა რეგისტრირებული, ან ჩააბარა მათგან რომელიმე.
ცვლილება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“: “წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მიზნით, ცენტრი [შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი] უფლებამოსილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს, მომართვის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ მოწოდებულ სიაში არსებულ პირთა მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ან/და მათ მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიმოცვლა უნდა განხორციელდეს დაცული ფორმით, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშულებით”.
ცვლილება „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“: “წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს, მომართვის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ მოწოდებულ სიაში არსებულ პირთა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ან/და საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების თაობაზე. ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიმოცვლა უნდა განხორციელდეს დაცული ფორმით, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშულებით“.
ასევე იხილეთ:
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება