„როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი
საქართველოს სკოლების დღეს მოქმედი დაფინანსების მოდელის პირველადმა ანალიზმა აჩვენა, რომ მოდელი შეიცავს რისკებსა და პრობლემებს, რომლებიც დაფინანსების მოდელის ადეკვატურობასთან ასოცირდება.
როგორც EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის უკვე ცნობილია, საქართველოს განათლების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი სკოლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობს და ასეთი ჩანაწერი სწორედ ახალი მოდელის შემუშავებისთვის განხოციელებული კვლევის პირველი ეტაპის შემაჯამებელ დოკუმენტში აქვს წარმოდგენილი.
მოდელის პირველადი შეფასებისას გამოყენებულია ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: “მოდელის არასაჭირო სირთულე”, “ბუნდოვანება”, “სამართლიანობასთან დაკავშირებული შეკითხვები” და სხვა.
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, რომ წინამდებარე კვლევა დაფინანსების არსებული მოდელის კომპლექსური შეფასების ნაწილია, რომელმაც ამ ეტაპზეც ზოგიერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის იდენტიფიცირებისა და გარკვეული ჰიპოთეზების ჩამოყალიბება შესაძლებლობა მისცათ და მომდევნო ეტაპებზე ამ მიგნებების დამატებით დაზუსტებას უნდა ველოდოთ.
აი, რა სახის პრობლემატიკაზე კეთდება აქცენტები სკოლების დაფინანსების დღეს არსებულ მოდელზე კვლევაში:
გამჭვირვალობა: ერთი შეხედვით, არსებული მოდელი საკმაოდ გამჭირვალეა, შესაბამის საკანონმდებლო დოკუმენტებში გაწერილია როგორ ფორმირდება სკოლის ბიუჯეტი, მათ შორის, რაკოეფიციენტები გამოიყენება სხვადასხვა მახასიათებლის სკოლების ბიუჯეტის დასადგენად; ეს ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისთვის; მათ საშუალება ეძლევათ შეაფასონ, შეესაბამება თუ არა დაფინანსების ასიგნებები საგანმანათლებლო პრიორიტეტებს, მოსწავლეთა საჭიროებებს და თანასწორობის მიზნებს. თუმცა, მოდელის გამჭვირვალობას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტი, რომ დაფინანსების მოდელის ლოგიკის გასაგებად მეტად ღირებული და მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ არსებობს/ხელმიუწვდომელია. მაგალითად, ჩვენ ვერ მოვიძიეთ დასაბუთებული მტკიცება, თუ რატომ იქნა შერჩეული 170 მოსწავლის რაოდენობა, როგორც ცვლილების ნიშნული დაფინანსების მოდელში, რის მიხედვით არის ესა თუ ის კოეფიციენტი შერჩეული (მაგ. ფორმულა 3.2-ში); არ არის ცხადი რა საჭიროებების საფუძველზე შეირჩა 3% სოფლის სკოლების კომუნალურებისთვის და 5% მოვლა-შენახვისთვის. ასევე ბუნდოვანია შერწყმული საფეხურების კოეფიციენტების (0, 14, 0, 3 და 0, 38) არჩევანი და სხვა.
თანასწორობა: საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებები კონსისტენტურად მიუთითებენ, რომ სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი გამოწვევა უთანასწორობაა, რაც სოფლისა და ქალაქის, კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიღწევებში არსებული სხვაობებით დასტურდება; ეს სხვაობები, თავის მხრივ, საგანმანათლებლო რესურსებსა და შესაძლებლობებზე არათანაბარი წვდომით აიხსნება. საზოგადოდ, თანასწორობა, განათლების ფუნდამენტური პრინციპია. შესაბამისად, დაფინანსების მოდელის შეფასების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი არის ის, თუ რამდენად უზრუნველყოფს არსებული დაფინანსების მოდელი ყველა მოსწავლისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას.
თანასწორობისა და რესურსების ხელმისაწვდომობის კონტექსტში შეფასებისთვის დაგეგმილია
დაფინანსების არსებული მოდელის ანალიზი ინსტიტუცურ/სკოლის დონეზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავერკვეთ, თუ რამდენად უზრუნველყოფს არსებული დაფინანსების მოდელი სკოლის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელ რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას. ამ ეტაპზე ჩატარებული ანალიზის საფუძველზე შეიძლება ვივრაუდოთ, რომ დაფინანსების მოდელში გარკვეული ინტერვენციები სწორედ თანასწორობის უზრუნველსაყოფადაა განხორციელებული და დამატებით დაფინანსებას სკოლები იღებენ მათი უნიკალური საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით; კერძოდ, მთის სკოლის მასწავლებლის ხელფასი მეტია სოფლისა და ქალაქის მასწავლებელთა ხელფასზე; მთის სკოლებისთვის კომუნალურების თანხაც მეტი გამოდის (როგორც მასწავლებლების სახელფასო ფონდის პროცენტი); პატარა (< 170) სოფლის სკოლებს ეძლევა 3% დანამატი კომუნალურებისთვის. ასევე ეძლევა დანამატი არაქართულენოვან სკოლებს. ამ ინტერვენციებით ყველა სკოლა იღებს თუ არა ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსებს, ეს კვლევის შემდეგი ეტაპის ამოცანაა.
ადეკვატურობა: დაფინანსების ადეკვატურობა გადამწყვეტია საგანმანათლებლო თანასწორობის ხელშეწყობისთვის. ადეკვატური დაფინანსების მოდელი უზრუნველყოფს, რომ სკოლებს ჰქონდეთ საჭირო ფინანსური რესურსები ისეთი ძირითადი საგანმანათლებლო კომპონენტების მხარდასაჭერად, როგორიცაა კვალიფიციური მასწავლებლები, სასწავლო რესურსები, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ექსტრაკურიკულარული აქტივობები, სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა მომსახურება და სხვა. არასაკმარისმა დაფინანსებამ შეიძლება წარმოქმნას მნიშვნელოვანი ბარიერები მოსწავლის სწავლის პროცესში; ანალიზის ამ ეტაპზე ჩანს პოტენციური რისკები და/ან პრობლემები, რომლებიც არსებული დაფინანსების მოდელის ადეკვატურობასთან ასოცირდება.
კერძოდ:
– 2022 წელს საჯარო სკოლების დაახლოებით 11% დეფიციტური იყო. ვფიქრობთ, რომ ეს
შეფასება პირობითია, რადგან არადეფიციტური სკოლების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ შედეგს (არადეფიციტურობა) ეკონომიის ხარჯზე აღწევს; როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სკოლისთვის, სწავლა-სწავლების პროცესისთვის დამატებითი, შესაძლოა ძალიან საჭირო, ხარჯები. ეს შეფასება ეფუძნება სკოლების დირექტორებთან ჩატარებულ მხოლოდ ერთ ფოკუს-ჯგუფის შედეგს, ამდენად მისი ვალიდაცია, გადამოწმება კვლევის შემდეგ ეტაპზეა დაგეგმილი.
– ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის სახელფასო ფონდი გომოთვლილია მასწავლებლის სახელფასო ფონდიდან, როგორც მისი ≈ 0, 3 ნაწილი. კონკრეტული სკოლებისთვის, ეს პროპორცია შეიძლება არსებითად განსხვავდებოდეს რეალური საჭიროებისგან და შედეგად, გარკვეულ შემთხვევაში, საბიუჯეტო დეფიციტი გამოიწვიოს.
– მოსწავლეთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, იკლებს ვაუჩერის შესაბამისი კოეფიციენტი, ასევე საბაზო დანამატი. ეს დაკავშირებულია მოსაზრებასთან, რომ სკოლის ზომის ზრდის კვალდაკვალ უნდა მცირდებოდეს ერთ მოსწავლეზე გაწეული დანახარჯი. თუმცა
ახლანდელ სქემაში ხსენებული მოსაზრება ორმაგადაა გათვალისწინებული, როგორც ვაუჩერის კოეფიციენტებში ასევე საბაზო დანამატში, რაც არასაჭიროდ ართულებს მოდელს,
ამავდროულად, აჩენს ასეთი სკოლების დაფინანსების ადეკვატურობასთან დაკავშირებულ
კითხვებს.
– სკოლების ბიუჯეტის დაახლოებით 94% მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასებზე მიდის. მასწავლებელთა სერტიფიცირების დანამატი, სკოლების დაახლოებით 17%-ში მთლიანი ბიუჯეტის ნახევარზე მეტია სკოლის განვითარებისთვის, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების ან სხვა ინიციატივებისთვს სკოლას ფაქტობრივად თანხა არ რჩება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბუნდოვანია თუ რატომ ემყარება მცირე სკოლებში P კომპონენტის
ძირითადი ბირთვის გამოთვლა, უპირატესად, კლასების სტანდარტულ ზომამდე (10, 25, 30) მოსწავლეთა რაოდენობის დამრგვალებას (იხილეთ ფორმულა 3.2 და პარ.4.1), და არა უშუალოდ
მოსწავლეთა რაოდენობას. ეს კონკრეტული შემთხვევა სამართლიანობასთან დაკავშირებულ
შეკითხვებსაც აჩენს.
მოქნილობა: სკოლებს უნდა ჰქონდეთ მოქნილობა, გამოყონ დაფინანსება მათი უნიკალური საჭიროებებისა და პრიორიტეტების მიხედვით, მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც პასუხობენ ადგილობრივ კონტექსტს და მოსწავლეთა საჭიროებებს. მაგალითად, შეიმუშავონ ინოვაციური პროგრამები ან განახორციელონ ინტერვენციები, რომლებიც მორგებულია მათი მოსწავლეების უნიკალურ საჭიროებებზე. გამოიყენონ თანხები პროფესიული განვითარებისთვის, ტექნოლოგიების შესყიდვებისთვის, სკოლის გაუმჯობესების მიზნებისთვის და სხვა.
არსებული მოდელის ფარგლებში, ასეთი მოქნილობის შესაძლებლობა არა აქვს სკოლების ძალიან დიდი ნაწილს. ბიუჯეტის 94% მოდელშივე განსაზღვრულია როგორც სახელფასო ფონდი. სახელმწიფომ წინასწარ იცის, რომ სკოლის ბიუჯეტის თანხების აბსოლუტური უმრავლესობა ხელფასებზე იხარჯება; შესაბამისად, სკოლა უბრალოდ თანხების გამტარი ხდება. არ არის ცხადი, რა მოსაზრებებზე დაყრდნობით ითვლება, რომ სკოლამ (∆-ს გარეშე) ბიუჯეტის მხოლოდ 6% უნდა მოიხმაროს არასახელფასო ხარჯებისთვის. ეს ნაკლები ლავირების შესაძლებლობას უტოვებს მცირემოსწავლიან სკოლებს და გარკვეულწილად ზღუდავს მათ ავტონომიურობას..
თუმცა, მცირემოსწავლიანი საჯარო სკოლები ანალოგიურად, 169 და მეტმოსწავლიან სკოლების უმრავლესობაშიც ბიუჯეტის 90%-ზე მეტი მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის ხელფასებზე იხარჯება. ცხადია, რომ უმეტეს შემთხვევაში სკოლები ვერ განკარგავენ ბიუჯეტს მათი პრიორიტეტებისა თუ საჭიროებების შესაბამისად, ბიუჯეტში ასეთი თანხების არარსებობის გამო.
სსიპ – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, რომ დაფინანსების არსებული მოდელის ეფექტიანობასა და ეფექტურობის შესახებ უფრო ჰოლისტური ხედვის ჩამოყალიბების, ასევე, აქ აღწერილი ზოგიერთი ჰიპოთეზის გადამოწმების საშუალებას, კვლევის მომდევნო ეტაპი მოგვცემს.
ასევე იხილეთ:
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება