გაკვეთილის შეფასების ახალი რუბრიკა გამოქვეყნდა, დოკუმენტი და განმარტება მასწავლებლის სახლისგან
EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის ცნობილია ინფორმაცია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გარე დაკვირვების კომპონენტის სრული ამოქმედების შესახებ. ცნობილია ისიც, რომ პილოტირების შემდეგ გაკვეთილის შეფასების რუბრიკაში ცვლილებები შევიდა.
ჩვენ მოვიპოვეთ შეფასების ახალი რუბრიკა, რომელიც გარდა გარე შეფასებისა, წარმოადგენს შიდა შეფასების, ეგრეთწოდებული სტანდარტული, გაკვეთილების შეფასების ინსტრუმენტსაც.
EDU.ARIS.GE-სთან საუბარში მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი განმარტავს:
„პილოტირების შედეგების გაანალიზების შედეგად, საჭიროდ მივიჩნიეთ შეფასების რუბრიკაში უფრო გამოგვეკვეთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი კრიტერიუმი და მისი მახასიათებლები, როგორც კარგი გაკვეთილის აუცილებელი პირობა. ანუ რუბრიკის „სწავლების“ მიმართულებაში პირველ კრიტერიუმად შემოვიდა „მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია“, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მახასიათებლებს, როგორიცაა: გაკვეთილზე საგნობრივი ცოდნის უშეცდომოდ გადაცემა, დარგში (მათ შორის საგნობრივ დიდაქტიკაში) არსებული უახლესი მიღწევების ცოდნა და მოსწავლეებამდე მიტანა, ახალი ცოდნის წინარე ცოდნასთან დაკავშირება და საგანთაშორის კავშირების გამოკვეთა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი წარიმართოს. მოკლედ, ყველა ასეთი საგნობრივი ნიუანსი გადმოცემული არის ამ კრიტერიუმში.
„რუბრიკის ცვლილება შეეხო შიდა შეფასების გაკვეთილებსაც. სკოლის შეფასების ჯგუფები შიდა დაკვირვების დროს გაკვეთილს სწორედ ამ განახლებული ინსტრუმენტით შეაფასებენ. აქამდე ჩატარებული გაკვეთილები, შეფასებული იქნება ძველი რუბრიკით, ხოლო ამის შემდეგ სკოლის შეფასების ჯგუფი ვალდებულია, გამოიყენოს ახლად დამტკიცებული დოკუმენტი. „გაკვეთილის შეფასების რუბრიკა“ უკვე გამოქვეყნდა და, რა თქმა უნდა, გამოქვეყნებას არ ვიკმარებთ, ამის შესახებ შეფასების ჯგუფებს ჩაუტარდებათ კონსულტაციები და სკოლებს დაეგზავნებათ ინფორმაცია.“
გაკვეთილის შეფასების ახალი რუბრიკა
მასწავლებლებისგან წამოსულ შეკითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო ამ კრიტერიუმის გამოკვეთა, როცა უფროს მასწავლებელს საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს? EDU.ARIS.GE-სთან საუბარში მანანა რატიანმა განმარტა:
“შესაძლებელია, მასწავლებელმა ეს კომპეტენციები უკვე დაადასტურა შესაბამისი ტესტირებით, თუმცა მიგვაჩნია, რომ კარგი გაკვეთილის მახასიათებელი არის მასწავლებლის მაღალი საგნობრივი კომპეტენცია. კარგი გაკვეთილი არ არის მხოლოდ კეთილგანწყობილი გარემო, მხოლოდ პედაგოგიური ტექნიკების ეფექტური გამოყენება, არამედ საჭიროა ყველაფერი ერთად, მათ შორის კარგი საგნობრივი კომპეტენციის წარმოჩენა და მოსწავლეებისთვისაც კარგი საგნობრივი კომპეტენციის განვითარება. ამიტომ ჩავთვალეთ ეს აუცილებლად. ჩვენ ვაფასებთ კარგი გაკვეთილი ჩაატარა თუ არა მასწავლებელმა, რომლის აუცილებელი მახასიათებელი უნდა იყოს გამართული საგნობრივი კომპეტენციები.“
კიდევ ერთ ცვლილებაზე, რომელიც შეფასების კრიტერიუმის პირველი მახასიათებლის ფორმულირებას შეეხო (იყო: მოსწავლეებმა იციან შეფასების კრიტერიუმები/რუბრიკა; არის: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს თუ რის მიხედვით შეფასდებიან;)
ასეთი განმარტება მივიღეთ: „არასწორად ხდებოდა ამ ჩანაწერის ინტერპრეტირება და მასწავლებლები გაკვეთილზე საკმაოდ დიდ დროს უთმობდნენ იმის დადასტურებას, რომ მოსწავლეებმა ეს იცოდნენ. მოსწავლეებს ამეორებინებდნენ, თუ რა კრიტერიუმით მოხდება მათი შეფასება, რაც დროს ართმევდა გაკვეთილისთვის მნიშვნელოვან სხვა აქტივობებს, აქედან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ შეგვეცვალა ფორმულირება, რომ უფრო გასაგები და დაზუსტებული ყოფილიყო ამ მახასიათებლის არსი.“
გაკვეთილის შეფასების ახალი რუბრიკა
მოამზადა ნინო კაპანაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება