„გამოდის, აღარანაირი მექანიზმი გვრჩება მოსწავლის სკოლაში მოსაყვანად“ – მასწავლებელი მინისტრის ბრძანებაზე
თამუნა ლომიტაშვილი, განათლების მეცნიერებების მაგისტრი, თბილისის #192 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი ქართულ ენაში
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში გაცდენილი საათების რაოდენობა მოსწავლეებს საპატიოდ ჩაეთვლებათ. ისინი შეფასდებიან შემაჯამებელი/კომპლექსური დავალების საფუძველზე…
როგორ შეფასდებიან წელს ის მოსწავლეები, რომლებსაც გაცდენები დაუგროვდათ – სკოლის ვალდებულება
გამოდის, აღარანაირი მექანიზმი გვრჩება მოსწავლეების სკოლაში მისაყვანად! მათ დიდ ნაწილს ისედაც არ უყვარს სკოლაში სიარული. უმეტესობა ბედნიერია, როცა დასვენების დღეა ან ფორსმაჟორულ სიტუაციაში სასწავლო პროცესი მოულოდნელად წყდება. ეს არ არის „ამ თაობის სენი“, ყოველთვის ასე იყო, რადგან ადამიანს ფიზიკური და გონებრივი წვრთნა რამდენადაც მოსწონს, იმდენად ღლის, მითუმეტეს თუ ეს პროცესი არ შეიცავს თამაშის ელემენტებს და ფეხს არ უწყობს თანამედროვე მოთხოვნებს, მოსწავლეში არ აღვივებს შემოქმედებით ნიჭსა და უნარებს…
„იქნებ ხანძარი გაჩნდეს, ან ბომბი დაეცეს!“ – რამდენჯერ გინატრიათ ბავშვობაში თქვენ ან თქვენს თანატოლებს? მაგრამ არა, ყოველდღე ისევ იქ იდგა ნაცრისფერი შენობა და ამოუხსნელ ამოცანად რჩება -გვიყვარდა თუ გვძულდა, გვიზიდავდა თუ განგვიზიდავდა.
დღეს თუ შეიცვალა რამე? მრავალმა წელმა განვლო, რამდენიმე ხელისუფლებამ – და რა გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს ასეთი არეული ფიქრებით არ ევლოთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში? რა სიახლე შევთავაზეთ? რით გავამხნევეთ? როგორ გავახალისეთ? ვიცი, ბევრი პედაგოგი გულში არ დამეთანხმება, მათ გაკვეთილებზე ხომ სიხარულით მიიჩქარიან მოსწავლეები, მაგრამ ისინი, ძირითადად, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები არიან, რომლებიც კეთილი ნებით უფერადებენ ბავშვებს ყოველდღიურობას და იმსახურებენ კიდეც მათ უპირობო სიყვარულსა და ნდობას. რა ხდება შემდეგ? რატომ იკლებს მოტივაცია საბაზო საფუხურზე, საშუალოზე კი, უმეტეს შემთხვევაში – ქრება?
ვიკითხეთ და გავარკვიეთ რა სურთ მოსწავლეებს? თუ კვლავ უინტერესო პროგრამას ვაჩეჩებთ რუტინულად? სიახლეც გვაქვს, ჩვენივე თავის მოსატყუებლადა და მათ კიდევ უფრო დასაბნევად კომპლექსური დავალებები შევთავაზეთ. არა, კი არ შევთავაზეთ, არც კი ვკითხეთ რისი სურვილი და შესაძლებლობა ჰქონდათ, ვაიძულეთ ყველა საგანში შესჭიდებოდნენ, თავდაუზოგავი პედაგოგებისა და ოჯახის ყოჩაღი წევრების იმედად. ამას დავარქვით რეფორმა…
მასწავლებლებზე განგებ არ ვწერ. ისინი ქვეყვენის უდიდეს ძალას წარმოადგენენ და მჯერა, ერთ დღესაც ამოიღებენ ხმას, ეს ხმა იქნება ყველაზე მართალი და ხმამაღალი. ჯერჯერობით კი, მათ კვლავ უპირობოდ გააკეთეს ის, რაც დაავალეს…
ინგლისელი მეცნიერი და შემოქმედებითი სკოლის კონცეფციის ერთ-ერთი ფუძემდებელი კენ რობინსონი, თავის უნიკალურ წიგნში ,,ჩვენი გონების მიღმა“ წერს: „სკოლა კლავს მოსწავლის შემოქმედებითობას“. წარმოიდგინეთ, მაშინ, როდესაც განვითარებული ქვეყნების დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სკოლა უინტერესოა მოსწავლეებისთვის და ცდილობენ, ისეთი რამ შესთავაზონ მათ, რის გამოც სიხარულით ივლიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, განვითარდებიან, თანამედროვე ცხოვრებისთვის მოემზადებიან და ისწავლიან, როგორ ააშენონ საკუთარი ხელით ბედნიერი მომავალი, ჩვენ მოსწავლეებს სკოლის კარს ვუხურავთ და ვეუბნებით, რომ სიარული სავალდებულო არ არის, საკმარისია რამდენიმე შემაჯამებლის დასაწერად შემოიარონ და კლასიდან კლასში გადამყვანი ქულაც მზად იქნება. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო ძირს უთხრის, ისედაც ჩამორღვეულ განათლების სისტემას.
ღირებულებებსა და პრიორიტეტებში სასწრაფოდ უნდა გავერკვეთ და დავალაგოთ, დრო არ იცდის, შვილების წინაშე ვალდებულნი ვართ მივცეთ ის, რაც კანონით აქვთ მინიჭებული -განათლების უფლება.
ასევე იხილეთ:
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება