GE

„გამოწვევები 2026-2027 სასწავლო წლისთვის“ – რა იყო დაგეგმილი განათლების რეფორმით და რა (ვერ) გამოვიდა?

ავტორი: ნიკო სილაგაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ყოფილი კოორდინატორი

სასკოლო “დეფორმის” “წლიური ანგარიში ” + გამოწვევები 2026-2027 სასწავლო წლისთვის

რა იყო დაგეგმილი და რა გამოვიდა/ვერ გამოვიდა?

რამდენად იძლევა მიმდინარე აქტივობები დაგეგმილ/სასურველ პიარ-შედეგებს?

საკითხი 1: პირველკლასელთა რეგისტრაციისგან ვერ შექმნ ეს „დეფორმის ჰედლაინი“. უნდოდათ თავი წარმოეჩინათ ადმინისტრაციად, რომელსაც შეუძლია შეუვალი იყოს, როცა საქმე პროცედურა-აღსრულებას შეეხება; უნდოდათ შეექმნათ ილუზია, რომ „დეფორმის“ ფარგლებში „კანონი ყველასთვის კანონია“ და აქ აღარ არის სივრცე „გადარეკვა-გადმორეკვისთვის“.
თუმცა, არაფერი გამოუვიდათ… ვიღაცამ „გადარეკ-გადმორეკა“ და გეგმები ჩაუშალა. იძულებული გახდნენ განეცხადებინათ, რომ 15 სექტემრამდე კი არა 30 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვების მიღებაც აღარ იქნება პრობლემა პირველ კლასში;

საკითხი 2: არც სასკოლო ფორმებიდან გამოვიდა რაიმე. უნდოდათ „დეფორმა“ გაემდიდრებინათ ელემენტით, რომელიც თან „საბჭთა ნოსტალგიურ რეალობას“ აბრუნებს, თან სასკოლო კულტურას აუმჯობესებს და თანაც მთავრობა-სამინისტროს ძლევამოსილებას აჩვენებს.
თუმცა, არაფერი გამოვიდა… სასკოლო ფორმების პროექტს რეალიზების ნაწილში იმდენი ხარვეზი აღმოაჩნდა, რომ პირველ ეტაპზე მისით „აღფრთოვანებულ“ ადამიანებსაც კი მწვავე შეკითხვები გაუჩნდათ:

  • რატომ არის მოსწავლის სასკოლო ფორმა 100 პროცენტიანი პოლიესტერის ქსოვილით შეკერილი;
  •  ვითარებაში, როცა სახელმძღვანელოებს უფასოდ არიგებთ, სასკოლო ფორმაში ამდენ ფულს რატომ გვახდევინებთ – ეს ხომ აღარ გამოდის თანმიმდევრული „სოციალისტური პოლიტიკა“;
  • რატომ ფიქრობთ რომ სასკოლო ფორმა სასკოლო კულტურას განავითარებს ? – როცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ მისი კიდევ მეტად არევის პერსპექტივად ვხედავთ;
  • რატომ ფიქრობთ რომ სასკოლო ფორმა სოციალური უთანასწორობის მარკირება-ხაზგასმას შეამცირებს? – თუკი სოცილურად დაუცველებს ცალკე ჯგუფად გამოვყოფთ (რათა მათ ფორმების სახელმწიფომ უყიდოს) ეს ხომ პირიქით უთანასწორობის მეტად გამოკვეთის მიზეზი გახდება?

ვერავინ იტყვის დაზუსტებით სექტემბრიდან რა მოხდება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – „ძალა მართლაც რომ აჩვენონ“ და სასკოლო ფორმები 1 – დან – მე-12 კლასამდე ყველა მოსწავლეს ჩააცვან, ეს მათი სიჯიუტის ინდიკატორი იქნება და სხვა არაფერი. ამით ხალხს „დეფორმას“ საზოგადოებას ვეღარ მოაწონებენ და ვერც „ქართულ ოცნებას“ მოუპოვებენ დამატებით მხარდაჭერას.

საკითხი 4: უფრო მეტად წარმატებით ვერც მასწავლებლების განვითარებაზე მზრუნველობის იმიტაცია გამოუვიდათ. უნდოდათ ძველი „მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების სქემის“ ხელახლა დამტკიცება და მის „რევოლუციურ სიახლედ“ წარმოდგენა.

თუმცა, არაფერი გამოუვიდათ… „ახალ სქემაში“ ვერავინ დაინახა რაიმე ახალი; ვერც წინსვილსა თუ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშესახები პერსპექტივა შენიშნეს. იმას კი ყველა მიხვდა, რომ კონცეპტუალურად ეს ყველაფერი არის არა პროფესიული განვითარება, არამედ „წყლის ნაყვა“ და „ადგილის ტკეპნა“ და „წრეზე უსასრულოდ სიარულია“ (განსაკუთრებით მას შემდეგ რაც „წინა წრეზე“ გამარჯვებულ მასწავლებლებს უთხრეს, რომ „არა ხართ თქვენ ის ხალხი, ვისაც აქამდე ვეძებდით-ო“);

საკითხი 4: მღვდელბის სკოლაში შეშვების იდეა კითხვებს უფრო ბადებს, ვიდრე ვინმეს რაიმეში არწმუნებს. სამინისტროს უნდოდა, „ღირებულებითი განათლება“ „საღვთო რჯულთან“ და „ქოცურ კონფუციანიზმთან“ გაეიგივებინა და ამით სკოლაში „მივიწყებული“ აღზრდის კომპონენტის გააქტიურების ილუზია შეექმნა.

თუმცა, აქაც არაფერი გამოდის… მართალია, ჯერ-ჯერობით მღვდლების სკოლაში შეშვებაზე კრიტიკულად საუბრარს ერიდებიან (მაინც ეკლესიას ეხება საქმე, თანაც არც ამ პროგრამის სასწავლო რესურსებია საჯარო), მაგრამ სინამდვილეში ყველამ იცის, რომ მასწავლებელთა სახლის მიერ შექმნილი „მღვდელბის გადამზადების პროგრამა“ არაფრით არის იმ ტრენინგ-მოდულებზე უკეთესი, რომლითაც ეს სსიპ – ი, წლების განმავლობაში, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას ცდილობდა.

ისიც ყველამ დაინახა, რომ „ღირებულებითი კომპონენტის“ სასულიერო პირებთან გაიგივებით სამინისტრომ მასწავლებლები დაამცირა (არ ვიცი ნებსით, თუ უნებლიეთ) – ამით გადაწყვეტილების მიმღებმა ტოპ-მენეჯერებმა პედაგოგებს პირდაპირ უთხრეს, რომ პედაგოგის საქმე ფაქტების დამახსოვრებაზე და მოსწავლის უნარების განვითარებაზე რეპეტიტორული ზრუნვაა, „ღირებულება-დამოკიდებულებები“ კი სასულიერო პირების საქმეა (არა მგონია ეს სკოლაში რომელიმე მასწავლებელს გახარებოდა).

საკითხი 5: გაუგებარი რჩება რაში იქნება გამოხატული ე.წ. „ფუნდამენტური საგნების“ გაძლიერება, რომელიც „რეფორმის დამტკიცებულ კონცეფციაში“ რიხით არის დაანონსებული; ან რას გულისხმობენ როცა ამბობენ, რომ საშუალო საფეხურის ორიგინალური კონცეფცია აქვთ შემუშავებული (იმდენად ორიგინალური, რომ მე-12 კლასის გაუქმება და მე-11 კლასის რეპეტიტორიუმად გამოცხადება პოზიტიურ მოვლენებად მოჩანს).

როგორც ჩანს, ფუნდამეტური საგნების გაძლიერების კუთხითაც არაფერი გამოდის… ჯერ-ჯერობით განათლების რეფორმის ახალი კონცეფციის შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმაც ვერ შექმნეს (არადა რეფორმის კონცეფციის შესაბამისი ახალი სასკოლო წიგნების სკოლაში შეტანას 15 სექტემბრისთვის აპირებენ – კანონი ავალდებულებდათ სასწავლო გეგმა წიგნების დაწერამდე დაემტკიცებინათ).

საკითხი 6: პროფესიულ განათლებაში რას და როგორ აპირებენ ესეც ბუნდოვანია. ბოლო სამ მინისტრს: გიორგი ამილახვარს, ალექსანდრე წულაძეს და გივი მიქანაძეს, სამივეს ძალიან უნდოდა პროფესიული განათლება და შრომითი ბაზარი საკუთარი რეფორმის უმნიშვნელოვანეს ნიშანსვეტად/პიარ-ლოზუნგად წარმოეჩინა.

თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად, იმაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს, რომ კოლეჯებისა და საშუალო სკოლის მიზნები/მათი ადგილი განათლების სისტემაში ერთმანეთში „აზილეს“ და წინა პერიოდში შექმნილი პროდუქტები/სერვისები არასწორად გამოიყენეს.

პილიტირების პროცესი დაიწყეს კიდევ – თან რამდენჯერმე, მაგრამ დაინტერესებული საზოგადოებისთვის ამ პროცესის შედეგები არ გაუზიარებიათ. ის კი არა და „პროფესიული უნარების სააგენტო“ საერთოდ გააუქმეს და ახლა წესიერად ვერც გაიგებ პროფესიული განათლების კუთხით ვის რა უნდა მოჰკითხო.

მოკლედ, ბოლო ხანებში სრული ქაოსია ამ მიმართულებაზე.

საკითხი 7: ინკლუზიური განათლების კუთხით რას აპირებენ ესეც ბუნდოვანია. უნდათ, ეს მიმართულება პრიორიტეტად შეინარჩუნონ და ამით „დეფორმას“ პიარ-ქულები შემატონ.
თუმცა, არაფერი გამოდის… შეხვედრების სურათებს კი ხშირად აზიარებენ, მაგრამ კონკრეტულს და საინტერესოს ვერაფერს ამბობენ საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით. რეფორმის კონცეფციაში უწერიათ, რომ ინკლუზიის კუთხით დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებელს გადაამზადებენ (ანუ მიაწვდიან მათ ფსიქოლოგიური შინაარსის ცოდნას, რომლის პრაქტიკაში გამოყენება ადრე მულტი-გუნდის წევრებსაც უჭირდათ), თუმცა არავინ ხსნის რით, იქნება ეს მასობრივი-ცენტრალიზებული ტრენინგები გამორჩეული და წინამორბედებისგან განსხვავებული.

საკითხი 8: მსოფლიო ბანკთან თამამშრომლობით თითქოს აგრძელებენ Learning Management System – ების განვითარებას. 20 სკოლაში პილოტირებაც კი წამოიწყეს მსოფლიო ბანკის ვალად აღებული ფულების „მიზნობრივად ხარჯვის“ ილუზიის შესაქმნელად.

თუმცა, არაფერი გამოვიდა… „დეფორმის“ სხვა აქტივობებმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობასაც დაუკარგა აზრი. კერძოდ, დააანონსეს სამინისტროს ბაზაზე დაწერილი „ერთი სახელძღვანელო, ერთი საგანის“ პოლიტიკა. იმ სისტემაში კი სადაც ერთი სახელმძღვანელოს კულტია LMS – ი “მაუმუნის სათვალეა“ და სხვა არაფერი. ამის მიხვედრას განათლების ექსპერტობა ნამდვილად არ სჭირდება.

საკითხი 9: „ნეო-ლიბერალიზმის“ წინააღმდეგ დიდის ამბით დაანონსებული ბრძოლა როგორ მიდის ესეც გაუგებარია. მინისტრმა ეს იდეოლოგიური ხაზი თითქოს ყველაფრის საფუძვლად გამოაცხადა – უნდოდა საქმე ისე წარმოჩინა, თითქოს განათლების სისტემაში „ლიბერალურ ვაკხანალიას“ ბოლო მოუღო.

წესიერად ვერავინ ახსნა სად იყო დამალული და რას გულისხმობდა „მტრის ხატად გამოცხადებული“ ლიბერალიზმები. სამაგიეროდ ყველამ დაინახა რომ:

(ა) 2006 წელს დამტკიცებული ზოგადი განათლების მიზნების მხოლოდ ფორმალურად შეცვალეს – უბრალოდ „პატრიოტული სიტყვების ტავტოლოგია“ გახადეს თვალშისაცემი;

(ბ) სადაც არ გაიხედავ, სულ შრომით ბაზარს და ინკლუზიურ განათლებას გაიძახიან, არადა ნეოლიბერალიზმი განათლებაში სწორედაც შრომით ბაზარზე ორიენტირებას და ინკლუზიურ განათლებაზე ფსიქოლოგის პერსპექტივიდან საუბარს ნიშნავს და არა: იმის დათვლას ქართულის პროგრამაში 27 ლექსით მეტია, თუ ნაკლები; ისტორია ორ საგნად ისწავლება, თუ ერთ საგნად; ქიმიის სახელმძღვანელოზე საწნახელი ახატია, თუ მენდელეევის ტაბულა…

მოკლედ, ისე გამოვიდა რომ სამინისტრომ ლიბერალიზმი სალანძღავ სიტყვად აქცია, საქმით კი ნეოლიბერალურ პრიორიტეტებზე ორიენტირდება (შეიძლება თვალთმაქცობის, შეიძლება არაკომპეტენტურობის გამო).

საკითხი 10: რეფორმის კონცეფციაში [სკოლების] დაფინანსების მოდელზე და მშობლების ჩართულობაზე უწერიათ კიდევ, მაგრამ ამ კუთხით ლაპარაკი ჯერ არ გაუაქტიურებიათ.
ჯერჯერობით ისევ ამილახვარის დროინდელი „სახელფასო რეფორმით“ იწონებენ თავს. მშობლების ჩართლობა კი მხოლოდ გივი მიქანაძისა და მისი ადმინისტრაციის წევრების რეგიონულ შეხვედრებთან ასოცირდება.

ზემოთქმული ნამდვილად არ არის გადაჭარბება. შევეცადე ყველა ის მიმართულება მეხსენებინა, რასაც მთელი წელია „განათლების ფუნდამენტურ რეფორმად“ წარმოგვიდგენენ. ორი აზრი ყველაფერზე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად ღირს კამათი იმაზე, რომ რეფორმის თითოეული ზემოჩამოთვლილი პუნტი ნაკლებად ქმნის საფუძველს სამინისტროს დღევანდელი ადმინისტრაციის შესაქებად (ვისი თვალითაც არ უნდა შეხედო მიმდინარე პროცესებს).

დარჩა მხოლოდ ერთი მიმართულება, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ.

საკითხი 11: სექტემბრიდან ჯერი ახალ სახელმძღვანელოებზეა. დიდი იმედი აქვთ რომ სკოლებს ახალი სახელმძღვანელოების მოწონებას „აიძულებენ”. იმისაც იმედოვნებენ, რომ მასწავლებლები „ვერ მიხვდებიან“/„არ შეიმჩნევენ“, რომ სასექტემბროდ, ახალი წიგნების ნაცვლად, ახლებურად შეფუთული ძველი წიგნებიდან და სასწავლო რესურსებიდან ამოღებული მასალები მიუვათ.
ვნახოთ, რა მოხდება – რა რეაქცია ექნება სასკოლო საზოგადოებას „ახალ“ წიგნებზე.

თუკი რეაქცია მკვეთრად ნეგატიური გამოდგა, ეს „სასკოლო დეფორმის“ დასასრულიც იქნება. არ უნდა ველოდოთ რომ ვინმე გამოვა და ბოდიშს მოიხდის, ან თანამდებობას დატოვებს. უბრალოდ დავინახავთ, რომ შეიცვლაბა სამინისტროს ხელმძღვანელობის რიტორიკა (სიტუაციიდან როგორ გამოძვრნენ ამაზე გახდებიან ორიენტირებული). ამან კი შესაძლებელის საშუალება მოგვცეს ისევ:

– დავიბრუნოთ მე-12 კლასი;
– გავაუქმოთ რეპეტიტორიუმი;
– ერთმანეთისგან გავმიჯნოთ საშუალო და პროფესიული განათლება;
– აღვკვეთოთ სასულიერო პირების მისიები სკოლაში (ამ მისიების მასშტაბის შემდგომი ზრდა მაინც იქნებ შევაჩეროთ);
– სასკოლო ფორმა და ტელეფონები გამოვაცხადოთ თითოეული სკოლის ავტონომიურ საქმედ;
– გავაუქმოთ არაფრის მომცემი მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა (რომელიც რამდენიმე წელი შეჩერებული იყო);
– გადახედვის საგნად ვაქციოთ საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი (რომელიც ბოლო ხანებში მხოლოდ მაკულატურას ამრავლებს);
– სისტემაში დავაბრუნოთ ეროვნული სასწავლო გეგმა (იმ თვალსაზრისით მაინც, რომ წიგნების დაწერამდე გამოქვეყნდეს-ხოლმე);
– განათლების პოლიტიკის ნაწილი კვლავ გახდება რეფორმის საკვანძო მიმართულებების პროფესიულ წრეებში განხილვის პროცესი (დღეს გადაწყვეტილებები ისე მიიღება, რომ არავინ არაფერს განიხილავს).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „დეფორმის“ იდეის კრახმა (თუნდაც ოფიციალურად არ აღიარებულმა კრახმა) შესაძლებელია გააჩინოს „შესაძლებლობების ფანჯარა“ განათლების სისტემის ისეთ კალაპოტში ჩასასმელად, როცა რაიმეზე ფიქრს მაინც აქვს აზრი.

„დეფორმის უკანდახევის“ ეს პროცესი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუკი მასწავლებლები დაიცავენ დავით გურამიშვილისეულ მართლის თქმის პრინციპს გამოხატულს სიტყვებით:
„ვინც არ არის კახაბერი, მას ნუ ვიტყვით კახაბერად“.

ამ პრინციპის რეალიზებისთვის არ არის აუცილებელი მიტინგზე გამოსვლა და გაფიცვის მოწყობა. საკმარისია:

– არ დაალაიქოთ, არ გააზიაროთ და დადებითად არ დააკომენტოთ დეფორმის არაფრისმეტყველი განცხადებების ამსახველი პოსტები;
– სამუშაო შეხვედრებზე ზედმეტად არ აღრთოვანდეთ რეფორმით, რომლის მთლიან სურათსაც არავინ გაჩვენებთ;
– არ შეალამაზოთ ვითარება სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, რომლებასც სექტემბრიდან ვიხილავთ.

ასევე იხილეთ:

სასკოლო ფორმის ნებაყოფლობითობის შესახებ – „აუცილებელია, ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ საჯაროდ წარმოადგინოს“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური