რატომ იქცა „მე და საზოგადოება“ სკოლებში დაპირისპირების საგნად? – ორაზროვანი რეგულაცია და ადმინისტრაციული დისკრეცია
ავტორი: გვანცა ბადრიშვილი, დაწყებითი კლასის მასწავლებელი, დამრიგებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:
ზოგადი განათლების სფეროში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს. თუმცა, ნორმის ბუნდოვანი ფორმულირება და მისი განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობა გაურკვევლობას ქმნის. ეს კი, საბოლოოდ, მასწავლებელთა დაპირისპირებასა და მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს უწყობს ხელს.
ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი საგანი „მე და საზოგადოება“ (III-IV კლასები) აღმოჩნდა. საგანი, რომლის მთავარი მიზანიც მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების, ტოლერანტობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაღვივებაა, დღეს სკოლებში საათების გადანაწილებისა და პედაგოგებს შორის დაპირისპირების, ასევე ადმინისტრაციული ზეწოლის შესაძლო რისკების წყაროდ იქცა. ეს საკითხი 2026-2027 სასწავლო წლის ზღურბლზე კვლავ აქტუალური და სადავო გახდა.
ინვესტიციიდან გაურკვევლობამდე
ისტორია მარტივად დაიწყო: როდესაც საგანი სასწავლო ბადეში გამოჩნდა, სახელმწიფომ დაწყებითი კლასების მასწავლებლების მასშტაბური გადამზადება უზრუნველყო. პედაგოგებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგ-მოდულები, გაიუმჯობესეს პროფესიული კომპეტენციები და წლების განმავლობაში ასწავლიდნენ საგანს.
მოგვიანებით, ეროვნული სასწავლო გეგმის განახლების კვალდაკვალ, საგანი მიეკუთვნა საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფს, რამაც ამ პროფილის პედაგოგების ლეგიტიმური ინტერესი გააჩინა. საკითხი, ვინ უნდა ასწავლოს „მე და საზოგადოება“, სამინისტროსთვისაც არაერთხელ გამხდარა განხილვისა და განმარტების საგანი.
თავდაპირველად აქცენტი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების ჩართულობაზე კეთდებოდა, მოგვიანებით კი, საკითხის მიმართ საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის პედაგოგების ინტერესიც გამოიკვეთა. 2026 წლიდან კი სამინისტროს გადაწყვეტილებით, საგნის სწავლების შესაძლებლობა ორივე კატეგორიის მასწავლებელს მიეცა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის 8 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში 2026-2027 სასწავლო წლისთვის მოქმედი წესი განმარტა: „მე და საზოგადოება” საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება, შესაბამისად, დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურებით მისი სწავლების უფლება აქვთ ისტორიის, გეოგრაფიის ან სამოქალაქო განათლების პედაგოგებს. იმავდროულად, იგივე უფლება მიენიჭათ დაწყებითი საფეხურის იმ მასწავლებლებსაც, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლება.
ერთი შეხედვით, ეს მოქნილი მიდგომაა, თუმცა პრაქტიკაში გაურკვევლობა წარმოშვა: სამოქალაქო განათლების მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ რაკი საგანი მათი პროფილური ჯგუფისაა, საათები პრიორიტეტულად მათ უნდა გადაეცეთ. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები კი აცხადებენ, რომ გაიარეს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სპეციალური გადამზადება, აქვთ დაწყებითი ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის პროფესიული გამოცდილება და მოქმედი რეგულაციით საგნის სწავლების შესაძლებლობაც აქვთ.
ორაზროვანი რეგულაცია და საათების გადანაწილების ბუნდოვანი მექანიზმი
პრობლემის ერთ-ერთი მთავარი წყარო არა მასწავლებლებში, არამედ მოქმედი რეგულაციის ბუნდოვანებაშია. 2026 წლის 8 მაისის სამინისტროს განცხადება ორივე კატეგორიის მასწავლებლის მიერ „მე და საზოგადოების“ სწავლების შესაძლებლობას ადასტურებს. თუმცა ამ განცხადებაში არ არის მითითებული, შეზღუდული საათობრივი რესურსის პირობებში, რა პრინციპით უნდა განისაზღვროს ამ ორ კატეგორიას შორის პრიორიტეტი.
პედაგოგების ჯგუფებში გამოთქმული მოსაზრებები აჩენს კითხვას, ხომ არ შეიძლება მსგავსი გაურკვეველი წესები ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ზეწოლის რისკს ზრდიდეს. როდესაც საათების განაწილებისას სკოლას/სკოლის ადმინისტრაციას უწევს არჩევანის გაკეთება ორ კატეგორიას შორის და პრიორიტეტულობის წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმები არ არსებობს, ჩნდება გადაწყვეტილების არაერთგვაროვანი ან სუბიექტური შეფასების რისკი.
ვინ დაიცავს პედაგოგს?
არსებული რეალობა აჩენს უმთავრეს კითხვას – როგორ უნდა იყოს დაცული მასწავლებელი სკოლის შიგნით შესაძლო სუბიექტური გადაწყვეტილებებისგან?
აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ყველა ადმინისტრაციული გადაწყვეტილება აუცილებლად მიკერძოებულია. პრობლემა თავად სისტემურ რისკშია – როდესაც პრიორიტეტულობის მკაფიო კრიტერიუმი არ არსებობს, გადაწყვეტილების სუბიექტური ინტერპრეტაციის სივრცე იზრდება.
პრიორიტეტულობის განსაზღვრისას მხოლოდ საგნობრივი ჯგუფისადმი ფორმალური კუთვნილება საკმარისი არ უნდა იყოს. კრიტერიუმები უნდა ითვალისწინებდეს მასწავლებლის დადასტურებულ კომპეტენციას, შესაბამის გადამზადებას, კონკრეტულ საფეხურზე სწავლების გამოცდილებასა და პროფესიულ კვალიფიკაციას. სწორედ ასეთი, წინასწარ განსაზღვრული და ყველასთვის ერთნაირად მოქმედი კრიტერიუმები შეამცირებდა ადმინისტრაციული დისკრეციისა და სუბიექტური გადაწყვეტილებების რისკს.
ამ მიმართულებით აუცილებელია:
1. მკაფიოდ განისაზღვროს „მე და საზოგადოების“ საათების განაწილების კრიტერიუმები, რათა ორივე კატეგორიის მასწავლებლისთვის წინასწარ იყოს ცნობილი გადაწყვეტილების მიღების წესი;
2. დაწესდეს მონიტორინგი იმ სკოლებში, სადაც მოქმედ პედაგოგებს საათების დეფიციტი აქვთ, რათა თავიდან იქნას აცილებული საათების არაპროპორციული გადანაწილება;
3. შეიქმნას აპელაციის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც პედაგოგს შესაძლებლობა ექნება საათების გადანაწილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
საგნის „მე და საზოგადოება“ მიზანია, ბავშვმა ისწავლოს საკუთარი თავის, სხვა ადამიანების, საზოგადოებისა და მათთან თანაცხოვრების მნიშვნელობა. რომ კანონი ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს, გადაწყვეტილება სამართლიანი უნდა იყოს და ადამიანის უფლება დაცული. პარადოქსულია, რომ სწორედ ამ საგნის სწავლებისას თავად მასწავლებლები შეიძლება აღმოჩნდნენ გაურკვეველი და არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების წინაშე.
ბავშვს ვერ ვასწავლით სამართლიანობას, თუ სისტემა, რომელშიც ის იზრდება, თავად ვერ უზრუნველყოფს სამართლიან წესებს.
ასევე იხილეთ:
-
„გამოწვევები 2026-2027 სასწავლო წლისთვის“ – რა იყო დაგეგმილი განათლების რეფორმით და რა (ვერ) გამოვიდა?
by განათლებული ბლოგი
-
სასკოლო ფორმის ნებაყოფლობითობის შესახებ – „აუცილებელია, ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ საჯაროდ წარმოადგინოს“
by განათლებული ბლოგი
-
როგორ სჯიდნენ საბჭოთა სკოლებში სასკოლო ფორმის ჩაუცმელობისთვის? – მშობლის წერილი
by განათლებული ბლოგი